ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარიამ ჯაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. რა მოლოდინები აქვს მეორე ტურთან დაკავშირებით, რამდენად ემხრობა მრავალპარტიულ პარლამენტს, ასევე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან" და „პატრიოტთა ალიანსთან" თანამშრომლობას, - ამის შესახებ მარიამ ჯაში „რეპორტიორს" ესაუბრა.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს როგორ შეაფასებდით?
- ჩემი პირადი სუბიექტური შეფასებით და ზოგადად ადგილობრივმა, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, რომ 8 ოქტომბერს საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები! რა თქმა უნდა, მარნეულის ინციდენტი ვერ შეფასდება ვერანაირად დადებითად, მაგრამ საერთო სურათზე და შეფასებებზე ეს კონკრეტული ინციდენტი ვერ მოხდენს ვერანაირ გავლენას.
- მეორე ტურს ელოდით?
- მადლობა მინდა გადავუხადო აქტიური მონაწილეობისათვის ჩემს ამომრჩეველს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. წინა არჩევნების ციკლთან შედარებით ეს გახლდათ ერთ-ერთი აქტიური საარჩევნო პროცესი და ვფიქრობ, შედეგი იყო ლოგიკური, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გვიწევდა პირველ ტურში ბრძოლა. 42,58 %-ით დავასრულეთ პირველი ტური სამგორში, ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით და მინდა, ამომრჩეველს ვთხოვო, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე.
მადლობა მინდა ასევე გადავუხადო მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს ირაკლი შიხიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს მიჭერს. ის ყოველთვის აფიქსირებდა „ქართული ოცნების" მიმართ დადებით დამოკიდებულებას. მე იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალებით, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში გავაგრძელებთ დიალოგს, რომელიც იქნება სამგორის მოსახლეობის სასარგებლოდ მიმართული.
მეორე ტურისთვის ჩვენ აქტიურად განვაახლებთ კამპანიას. ჩვენი მიზანია, როგორც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდობიანად, ასევე დასრულდეს მეორე ტურიც.
- პარლამენტში, დღევანდელი წინასწარი მონაცემებით, შევიდა სამი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი". მმართველი გუნდი ითანამშრომლებს ამ ორ პარტიასთან?
- ვფიქრობ, რომ ნაადრევია ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება, რადგან ხმების დათვლის პროცედურა არ არის დასრულებული. ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნების საბოლოო შედეგებს. მე პირადად „ქართული ოცნების" გუნდთან ვიმსჯელებ პარლამენტში შესულ პარტიებთან პარტნიორობის შესახებ და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე.
- თქვენთვის რამდენად მისაღებია მრავალპარტიული პარლამენტი?
- მრავალპარტიულობა აუცილებელია, რადგან ნებისმიერი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმი. მე მხოლოდ მივესალმები მრავალპარტიულ პარლამენტს!