მდიდარი ადამიანები თავს იყრიან პარიზში, კანში და საფრანგეთის რივიერაზე და მათი სიმდიდრე ქურდების მიზიდულობის საგანი ხდება. ამის შესახებ პოპულარული გამოცემა „SKY NEWS" იუწყება:
მაშინ, როდესაც კიმ კარდაშიან ვესტი ცდილობს გამოვიდეს იმ საშინელი ძარცვის კოშმარული მდგომარეობიდან, რომლის დროსაც 8 მილიონი ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვეს, ჩვენ გადავხედეთ საფრანგეთის ზოგიერთ ყველაზე გახმაურებულ სამკაულების ძარცვის შემთხვევებს.
საფრანგეთის ყველაზე დიდი ძარცვა
2013 წლის ივლისში ქურდებმა თავდასხმა მოაწყვეს კანის მდიდრულ სასტუმრო „კარლტონში" იშვიათი ბრილიანტების გამოფენაზე.
მძარცველების ბანდამ 103 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები გაიტაცა, რომელიც გამოფენაზე ისრაელელ მილიარდერს ლევ ავრენოვიჩს ჰქონდა გამოტანილი. ბრილიანტების ექსპოზიციას შორის იყო ვარდისფერი და ყვითელი ბრილიანტები, ზურმუხტები და საფირონები. ყაჩაღობა ერთ-ერთი იყო იმ მრავალი ძარცვიდან, რომელიც ბრალდებოდა „ვარდისფერი პანტერას" ბანდას, რომელსაც ინტერპოლის თქმით, 1999 წლიდან მოყოლებული 280 მილიონი ფუნტის ღირებულების სამკაულები აქვს გატაცებული.
სასტუმრო „კარლტონი" კანში, საფრანგეთის ყველაზე დიდი ძარცვის ადგილი
შეიარაღებული ბანდის უეცარი თავდასხმა საფრანგეთის რივიერაზე
მილიარდერი ნავთობის მაგნატი ბევერლი-ჰილზიდან, მარვინ დევისი და მისი მეუღლე გაძარცვეს და დაახლოებით 8.5 მილიონი ევროს ღირებულების თანხა და ბრილიანტები წაართვეს. ოთხი შეიარაღებული პირი 1993 წელს, ანტიბისთან ახლოს მათ ლიმუზინს გზაზე წინ გადაუდგა. პოლიციის თქმით, წყვილის დაცვა, რომელიც მათ უკან სხვა მანქანით მიჰყვებოდა, საცობში მოხვდა, რამაც საშუალება მისცა ბანდის წევრებს, თავდასხმა განეხორციელებინათ და მათი მძღოლისთვის ეჯობნათ, სანამ ცოლ-ქმარს გაძარცვავდენ და წაგლეჯდნენ ნაძარცვს.
სამკაულებით დატენილი ხელჩანთა ოსტატურად წაართვეს პატრონს პარიზში
ჩანთა შეიცავდა 4.5 მილიონი ევროს ძვირფასეულობას და გავრცელებული ინფორმაციით, იგი კიევის მერის ქალიშვილს 2010 წელს პარიზში ყოფნის დროს წაართვეს. კრისტინა ჩერნოვეცკა შარლ დე გოლის აეროპორტიდან მანქანით მიდიოდა, როდესაც მანქანას მამაკაცი მიუახლოვდა და ჩანთა გამოსტაცა. ჩერნოვეცკას მამის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პრესსამსახურმა მოგვიანებით უარყო ძარცვის ფაქტი და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჩერნოვეცკის ქალიშვილი ამ დროს უკრაინაში იმყოფებოდა.
კრისტინა ჩერნოვეცკა, გაქურდვამდე ერთი წლით ადრე
ჰარი უინსტონის სამკაულები
2008 წლის დეკემბერში ბანდა, რომლის ზოგიერთი წევრი ქალის ტანსაცმელში იყო ჩაცმული, თავზე პარიკებით, თავს დაესხა ელისეის მინდვრებზე მდებარე Harry Winston Heist-ის ძვირფასეულობის ექსკლუზიურ მაღაზიას, საიდანაც გაიტაცეს 118 მილიონი დოლარის ღირებულების ნადავლი, მათ შორის ბეჭდები, ყელსაბამები და საათები. მაღაზიის ვიტრინა და საწყობი მთლიანად გაასუფთავეს ძარცვის დროს, რომელიც იმ წელს მაღაზიისთვის მეორე იყო. მძარცველებმა მაღაზიის თანამშრომლებს თავში ჩაარტყეს იარაღი და სახელებით მიმართავდნენ. პოლიციამ მძარცველების დაკავება და ძვირფასეულობის ნაწილის დაუბრუნება შეძლო. ნაძარცვის მეოთხედი სანიაღვრე მილში იპოვეს, 3 წყვილი საყურე და 19 ბეჭედი კი პარიზის გარეუბან სენ-დენიში ერთ-ერთი შენობის კედელში სამალავში აღმოაჩინეს, თუმცა, ნაძარცვის უმეტესობა დაკარგულია.