logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გეჯაძე: ლევან სამხარაული ყველა ქმედებას ადეიშვილის უშუალო კონტროლის ქვეშ ახორციელებდა!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 13:51

 


სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის დროს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემდა, უშუალოდ სააკაშვილის კონტროლს ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, ისე იწერებოდა, როგორც ამას სააკაშვილი ჩათვლიდა საჭიროდ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სრულიად ნათელია, როგორ დაიწერებოდა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებზე ექსპერტიზის დასკვნა, სერგო თეთრაძისა თუ სხვათა სასამართლო-სამედიცინო დასკვნები.


ალეკო გეჯაძე, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელი: - კონტროლი და ზეწოლა ხორციელდებოდა არამარტო სახელმწიფო-საბიუჯეტო სტრუქტურებზე - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროზე, ფსიქიატრიულზე, ნარკოლოგიურზე, სხვა დაწესებულებებზე, არამედ იყო, დამოუკიდებელი სექტორის მცდელობებიც.


- კერძოდ?

 

- ჩემზე ზეწოლის განხორციელება მოისურვეს მაშინ, როდესაც სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა დავწერე. ექსპერტთა კომისია იმჟამინდელ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში (ორთაჭალაში) შევედით, მოლაშვილს სისხლი ავუღეთ, გამოკვლევა ჩავუტარეთ. სხვა დაავედებებთან ერთად, დავადგინეთ, რომ მას C ვირუსული ჰეპატიტიც ჰქონდა, მაგრამ ეს დიაგნოზი არც იმჟამინდელ ხელისუფლებას აწყობდა, არც პროკურატურას. ჯანდაცვის მინისტის მოადგილე არაოფიციალურად შემხვდა და თხოვნა-მინიშნებით მითხრა, რომ მოლაშვილზე დასკვნა თუ ისე არ დაიდებოდა, როგორც „ზემოთ" აწყობდათ, პრობლემები შემექმნებოდა - კერძოდ, უნდა დამეწერა, რომ მას C ჰეპატიტი არ ჰქონდა. ბუნებრივია, ეს დავალება ზურაბ ადეიშვილისგან ჰქონდა მიცემული, ხოლო ადეიშვილს - სააკაშვილისგან. საერთოდ, სააკაშვილის ყველა მითითებას ადეიშვილი ასრულებდა, რომელიც, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს მართავდა.


- რა უპასუხეთ?

 

- ყველა დაავადება ნამდვილად აქვს და დასკვნას არ შევცვლით-მეთქი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ეკა ტყეშელაშვილმა წერილი გამომიგზავნა - სულხან მოლაშვილს ექსპერტიზა დარღვევით ჩაუტარეთ, იქნებ მოლაშვილის სისხლი არ იყო და ისე ჩაუწერეთ C ჰეპატიტიო, თან დამემუქრა, თქვენ მიერ დასმულ დიაგნოზებს შევამოწმებთო. მივწერე: ექსპერტიზა ჩატარებულია კანონის სრული დაცვით, სისხლი შემოწმებულია ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, სულხან მოლაშვილს C ვირუსული ჰეპატიტი ნამდვილად აქვს-მეთქი.


მზად ვიყავით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულებების სპეციალისტებთან ერთად კიდევ ერთხელ ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა. ტყეშელაშვილისგან პასუხს ველოდი, მაგრამ ეს თემა დაიხურა. მერე სულხანს თვითონ ჩაუტარეს გამოკვლევა, საავადმყოფომაც დადო დასკვნა C ჰეპატიტთან დაკავშირებით, სულხანის საჩივარი სტრასბურგში წავიდა, სახელმწიფოს მის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა დაეკისრა, რის შემდეგაც მოლაშვილს C ჰეპატიტზე უმკურნალეს.


- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული ვის დავალებებს ასრულებდა?

 

- სამხარაული ადეიშვილის ახლო ნათესავი იყო, ყველა ქმედებას მისი უშუალო კონტროლის ქვეშ ახორციელებდა. ბიუროდან რეორგანიზაციის საბაბით უშუალოდ ლევან სამხარაულმა გამათავისუფლა.


- რეორგანიზაცია რას გულისხმობდა?

 

- სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური ექსპერტიზები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდა და გაერთიანდა. ამ გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა ლევან სამხარაული, რომელსაც ექსპერტიზასთან შეხება არ ჰქონია, მას ერთადერთხელ შევხვდი, როცა თანამშრომლები სათითაოდ შეჰყავდა და კითხვებს უსვამდა. მახსოვს, სამსახურის დაკარგვის შიშით თანამშრომლები პატარა ბავშვებივით იყვნენ ატუზული მის კაბინეტთან. ერთი შეკითხვა დამისვა - თქვენს კოლეგებზე რას იტყოდითო? მარტივად რომ ვთქვა, აინტერესებდა, ვინ კარგი ბიჭი იყო და ვინ - ცუდი. პატიოსნად და წესიერად ვმუშაობ, ახალგაზრდებს ვუსურვებ, ბევრი იკითხონ და პროფესიულად გაიზარდონ-მეთქი. ორ წუთში დაასრულა ჩემთან საუბარი. დატოვეს ისინი, ვინც ზუსტად რეაგირებდა „ზემოდან" წამოსულ ვერტიკალურ იმპულსებზე.


- თქვენი გათავისუფლების რეალური მიზეზი რა იყო?

 

- აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, - ეს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი პროკურორის როლანდ ახალაიას ინიციატივა - ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრზე ისეთი სასამართლო-სამედიცინო დასკვნა დავწერე (რა ვითარებაში დაუზიანდა ხელი - ცეცხლსასროლი იარაღის ზემოქმედებით თუ მანქანის კარის დაკეტვისას), რაც ახალაიასთვის მისაღები არ იყო. ამის მერე ახალაია ადეიშვილს დაუკავშირდა - ვინ არის ეს გეჯაძე. იმ კაცის დაკავების საშუალებას არ გვაძლევსო. ადეიშვილი დაუკავშირდა ჯანდაცვის მინისტრს, მინისტრი - ჩემს ხელმძღვანელს ზაზა ოქრუაშვილს. ადეიშვილი ისე მიყურებდა, როგორც მათთვის სასურველ საქმეების გამფუჭებელს. ჩემზე კომპრომატები ეძებეს, მაგრამ ვერ ნახეს.


- ზურაბ ჟვანიას გვამიდან აღებული მასალები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა. როგორ გგონიათ, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის შენახული იქნება?

 

- არა, ის მასალა შენახული არ იქნება. გამოკვლევის დროს ექსპერტი ვალდებულია, გვამიდან აღებული ყველა ბიომასალა - სისხლი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები გარკვეული წლები არქივში შეინახოს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველა მასალას რამდენიმე თვეში ანადგურებდნენ. ამის მიზეზად მოჰყავდათ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც სინამდვილეში ეხებოდა არა სასამართლო-სამედიცინო კვლევისთვის გვამებიდან ამოღებული მასალის შენახვას, არამედ პათანატომიური გვამებიდან ამოღებული მასალის შენახვას.


- რა განსხვავებაა?

 

- პათანატომები იმ გვამებზე მუშაობენ, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. აქ იკვეთება მთავარი მიმართულება - კვლევა ემსახურება სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას, დადგინდეს, დიაგნოსტიკურ შეცდომას ხომ არ ჰქონდა ადგილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა კი იურისპრუდენციაზე მუშაობს, საგამოძიებო ორგანოებზე, ეს არის იურისპრუდენციისა და მედიცინის შემაერთებელი რგოლი. ჩვენი ფუნქცია სულ სხვაა და პათანატომების - სულ სხვა.


ზემოთ ჟვანიას გვამიდან აღებული მასალები ახსენეთ. გეტყვით იმას, რასთანაც მე თვითონ მქონდა შეხება. როცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში თეთრაძის გვამიდან აღებული შინაგანი ორგანოების ნაჭრები მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ განადგურებული იყო, ხოლო დასკვნაში ეწერათ, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა - შემდგომი შემოწმებისთვის რესურსი რომ არ არსებულიყო, ამისთვის ნადგურდებოდა ყველა პატიმრისა და მსჯავრდებულის ბიომასალა - ეს იყო რეალობა.


არჩილ კბილაშვილის დადგენილებით სერგო თეთრაძის და 26 მაისს დაღუპულების ექსჰუმაცია მოვახდინეთ. ვინაიდან შეუძლებელი იყო დადგენა, თეთრაძე გულით გარდაიცვალა თუ არა, გადავიღეთ მისი სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია და დავადგინეთ, რომ სხეულზე უფრო მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, ვიდრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჰქონდა აღწერილი, ცხვირის ძვლებიც კი გატეხილი ჰქონდა.


- ზურაბ ჟვანიას შემთხვევაში რა შეიძლება დაადგინოს კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ?

 

- თუკი ძვლების მოტეხილობა იქნება, დადგინდება, გავრცელებული მოსაზრებით, ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს - თუ ძვლოვანი ქსოვილი დაზიანდა და ტრავმით გარდაიცვალა, ექსჰუმაცია შედეგს მოგვცემს. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, საერთოდ, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟვანიას CO-თი მოწამვლას. ეს შესაძლებელია ზურგის ტვინის ქიმიური გამოკვლევით.


- წეღან ბრძანეთ, პათანატომები ავადმყოფობით გარდაცვლილთა გვამებს იკვლევენო. ჟვანია ხომ ავადმყოფობით არ მომკვდარა, როგორ გგონიათ, რატომ ჩართეს მისი გვამის გამოკვლევაში სამი პათანატომი და რატომ არ მიიწვიეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები?

 

- აქ იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი. პათანატომებიც (ომარ ხარძეიშვილი, გია დიდავა, მამუკა ჩხაიძე) გამოცდილები იყვნენ. ამ საქმის რეზონანსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სხვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებიც უნდა მიეწვიათ. მაშინ მე იმათ მიერ უკვე „ჩარეცხილი" ვიყავი და ექსპერტიზაზე არავინ მიმიწვევდა.


- რატომ გაათავისუფლეს ლევან ჩაჩუა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან?

 

- არა მგონია ეს ჟვანიას საქმეს უკავშირდებოდეს, რადგან თუკი იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესში CO-თი გაგუდვა შედიოდა, ლევანმა სწორედ ეს დასკვნა დაწერა.


- ლევან ჩაჩუას სიტყვებია: „CO-თი გაგუდვა ცალსახად უბედურ შემთხვევას არ ნიშნავს, CO-თი გაგუდვა შეიძლება იყოს უბედური შემთხვევაც, შეიძლება, მკვლელობაც და ისიც, რომ დასკვნა დაწერა CO-თი გარდაცვლილ ადამიანთა დასკვნების მიხედვით და არცერთი ნორმატიული აქტით არ ევალებოდა საეჭვო უბნების დაფიქსირება...

 

- ესე იგი, ლევანს რაღაც ეჭვები აქვს...


- ექსპერტი კახა ერისთავი თქვენთან მუშაობს. არ გისაუბრიათ ზურაბ ჟვანიას თავზე არსებულ შემაგრებულ ადგილზე, რომლის შესახებაც მხოლოდ 9 წლის შემდეგ განაცხადა?

 

- საუბარი გვქონდა, შემთხვევის ადგილზე სწორედ ის იყო მისული. კახასთვის ეს მტკივნეული თემაა, თქვა - რაც გამახსენდა, სასამართლოზე ვთქვიო...


- ლევან სამხარაულის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მის მკვლელს ორი იარაღით თავი მოეკლა?

 

- გამორიცხულია. შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ერთდროულად მიიყენოს იმ ხასიათის დაზიანება, როცა ერთი ტყვია გულში ხვდება, ხოლო მეორე - თავის ტვინში.


ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner