გარკვეული ვნებათაღელვისა და რიგ საარჩევნო უბნებზე არსებული დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფალ გარემოში ჩატარდა - ასეთია სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამჯერადაც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და თავის მთავარ კონკურენტზე 2-ჯერ მეტი მხარდაჭერის მიღება შეძლო. ბოლო ინფორმაციით, პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვთ „ქართულ ოცნებას" ((50 პროცენტი) და „ნაციონალურ მოძრაობას" (27 პროცენტი).
მესამე ადგილს იკავებს „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც არსებულ შედეგებს (5-პროცენტიანი ბარიერის ზღვარზე) არ ეთანხმება და ქუჩის აქციებს აანონსებს. მას მცირედით ჩამორჩება და შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ზღვარზე იმყოფებოდა ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები". ალასანიას პარტია ბარიერს ვერ ლახავს, თუმცა თავად პარტიის ლიდერი, რომელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, ძალებს მეორე ტურში მოსინჯავს. ბევრი სხვა საარჩევნო ოლქის მსგავსად, 50-პროცენტიანი ბარიერი ვერც გორის მაჟორიტარობის კანდიდატებმა გადალახეს. იქ მეორე ტურში ირაკლი ალასანია და მმართველი გუნდის ფავორიტი იოსებ მაკრახიძე შეხვდებიან.
ბოლო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ოლქების უმეტესობაში მეორე ტური გაიმართება. პირველივე ტურში წარმატების მიღწევა მხოლოდ „ქართული ოცნების" კანდიდატების ნაწილმა შეძლო. ამ მონაცემებით, ყველაზე მეტი - 22 მაჟორიტარი (მაჟორიტართა 30,1%) პარლამენტში მოხვდა სწორედ პარტია „ქართული ოცნებიდან". სხვა პარტიას, პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარები არ ჰყავს. მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ მანდატს (ადგილს პარლამენტში) ღებულობს ის კანდიდატი, რომელიც საკუთარ ოლქში აგროვებს ხმების 50 %-ზე მეტს.
მეორე ტურამდე არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საერთო ჯამში (პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების ერთობლიობით), პარლამენტში „ქრთულ ოცნებას" შეჰყავს 67 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას" - 27 დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსს" კი ბარიერის საბოლოოდ გადალახვის შემთხვევაში - 6 დეპუტატი.
„ნაციონალური მოძრაობა" გაყალბებებზე საუბრობს და სრულ ნდობას „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ GFK-ეგზიტპოლებს უცხადებს, სადაც მათსა და მმართველ გუნდს შორის 10 პროცენტზე ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი, ეს სხვაობა 20 პროცენტს აჭარბებს. მთავარ ოპოზიციურ ძალასა და „რუსთაავი 2"-საც ჰქონდათ მოლოდინი, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა" ჩაატარა, GFK-ს მონაცემებს დაემთხვეოდა, ეს მოლოდინიც არ გამართლდა, ვინაიდან პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემების იდენტური აღმოჩნდა და ის თავისი მაჩვენებლებით „იმედის", „მაესტროს", GDS-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან გაცილებით ახლოს დგას.
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ამ არჩევნებში „ქართული ოცნების" მხარდამჭერი გახლდათ. ის ამბობს, რომ საბოლოო შედეგი აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, თუმცა სამომავლოდ ის გარკვეულ პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
ლაშა ნაცვლიშვილი:
- მე მგონი საზოგადოებას სხვა მოლოდინი არც ჰქონია. მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის ჰუმანური ხელისუფალი, რომ ელმაც მოახერხა და ქვეყანა ტირანიისგან გაათავისუფლა. თავისუფლება მოუტანა მას. თავისუფლებას მოჰყვება მდგრადი განვითარების პერსპექტივა, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქართველ ამომრჩეველს არსებული ხელისუფლება შეეცვალა, არ არსებობდა. შესაბამისად, ეს განწყობები საარჩევნო ბიულეტენებში აისახა.
- ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებდნენ აქცენტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს... როგორ ფიქრობთ, ეს გეგმა კვლავაც ძალაშია?
- ერთი პირობა ვიფიქრე, რომ კეთილგონიერება ეყოფოდათ, დაინახავდნენ რა საზოგადოების განწყობას, პროვოკაციაზე ვეღარ წავიდოდნენ, მაგრამ სამომავლოდ მათგან გამორიცხული არაფერია. ამაზე მეტყველებს მათი უპასუხისმგებლო განცხადებები ვითომ გაყალბებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, რა შტურმი მიიტანეს მარნეულის საარჩევნო უბანზე. ამის გათვალისწინებით, მათი საქციელის პროგნოზირება რთულია. როგორც ჩანს, ეშმაკი არ ასვენებთ.
- არაერთი პოლიტიკური პარტია აღმოჩნდა 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა... როგორ წარმოგიდგენიათ მათი როლი მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- მე ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ ეს პარტიები ქუჩის პარტიებად ჩამოყალიბდნენ. მალე წინ გვაქვს კიდევ ერთი არჩევნები, ვგულისხმობ ადგილობრივი თივთმმართველობის არჩევნებს და ცხადია, ისინი შეეცდებიან გარკვეული შედეგების მიღებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაშვებული შეცდომების გაანალიზებისა და გამოსწორების.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი მიიჩნევს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში. ჩვენთან ინტერვიუში ის მარნეულში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ მჭიდროდ ითანამშრომლა „ნაციონალებთან" და მათი კანდიდატი ისტრაფილ ბაირამოვი პრაქტიკულად დანაშაულებრივ შეთქმულებაში შევიდა.
ვალერიან გორგილაძე, სოციოლოგი:
- წინასაარჩევნო გარემო იყო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი. პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი წვდომა იყო მედიასაშუალებებზე. გარდა ამისა, დაფინანსება ჰქონდა ყველა ძირითად ობიექტს, რომელიც წარმატებას იმედოვნებდა და ასევე ჰქონდა საკუთარი რესურსები, მათ შორის ადმინისტრაციული. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში.
- საარჩევნო დღეზე რას იტყვით. რამდენად შეესაბამება 2016 წლის არჩევნები საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს?
- საარჩევნო დღე იყო მშვიდი, ძალიან საქმიანი, მოწესრიგებული. გამართული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მუშაობა. უბრალოდ, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მოახერხეს დესტაბილიზაციის შეტანა. ისინი იმამ ყულიევის მხარდასაჭერად იყვნენ და ყველაზე საგანგაშოა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ მჭიდროდ ითანამშრომლა იმამ ყულიევთან და მათი კანდიდატი ისრაფილ ბაირამოვი პრაქტიკულად დანაშაულებრივ შეთქმულებაში შევიდა. ვინაიდან თავის თავზე აიღოს ის ინციდენტი, რომელიც დაკავშირებული იყო ყუთის გატაცებასთან და ამით მოახდინა ძალების კონსოლიდაცია იმამ ყულიევის ირგვლივ. სხვა მხრივ, თუ გადავხედავთ, ეს იყო მშვიდი და მოწესრიგებული არჩევნების დღე.
- გამოქვეყნდა ორი ეგზიტპოლის შედეგები, ორივეგან „ქართული ოცნება" ლიდერობს, თუმცა ეგზიტპოლებს შორის განსხვავება დიდია. რას უნდა მივაწეროთ ეს სხვაობა?
- GKF თავის ამპლუაშია, მისი ცდომილება აღემატება მის მიერ გამოცხადებულ პროცენტ-ნახევარს. ეს წინა წელსაც გამოჩნდა, როცა მისი შედეგები საერთოდ ასცდა ცესკოს შედეგებს. ამდენად, სერიოზულად არ ვთვლი ამ შედეგების კომენტირებას. მით უმეტეს, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას გაუჭირდა პასუხის გაცემა და ეს კარდინალურად ცვლის სიტუაციას. ახლოს არის ჩემი მოთხოვნები TNS-თან. თუმცა, ჩემს გამოკითხვებში „ქართული ოცნების" რეიტინგი 49,50%-ი ფარგლებში მერყეობდა. „ნაციონალურ მოძრაობას კი 17 % ჰქონდა.
- როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა" ხომ არ შეეცდება, საკუთარი ხმების დაცვის მიზეზით, პროვოკაციები მოაწყოს?
- შეეცდება, მაგრამ „ნაციონალებს" საამისოდ ადამიანური რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამდენად, გამოვრიცხავ რაიმე მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას „ნაცმოძრაობის" მხრიდან:
- რამდენად გამართულად და ობიექტურად მუშაობდა მედია წინასაარჩევნო პერიოდში და კონკრეტულად არჩევნების დღეს?
- მე მგონი, მედიას სრული თავისუფლება ჰქონდა, წინა წლებისგან განსხვავებით. მედია არის პლურალისტური, ბევრი ტელევიზია არსებობს. არ იგრძნობოდა ზეწოლა და წნეხი. ცენტრალური, რეგიონული ტელევიზიები, სააგენტოები, სოციალური ქსელები, ყველაფერი ეს მედიას საშუალებას აძლევდა, გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის განწყობაზე. მგონი, ის შედეგი, რაც ვიხილეთ, ძალიან ლოგიკურია.
- თქვენთვის რომელი პოლიტიკური პარტიების შესვლა იქნება საინტერესო პარლამენტში?
- ორი ლიდერი პარტიის გარდა, საინტერესო იქნება „თავისუფალი დემოკრატები", „რესპუბლიკელები" და შეიძლება ნინო ბურჯანაძის პარტიაც, მაგრამ, როგორც ჩანს, საპარლამენტო ბარიერს ბევრი სუბიექტი მაინც ვერ ლახავს.
- ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით არსებობდა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. როგორ ფიქრობთ, ისინი რომელი პარტიის მხარეს გადაიხრებოდნენ?
- „ქართული ოცნების" მხარეს. ვინაიდან ამომრჩეველმა დაინახა გარკვეული საფრთხე და ხიფათი. ამომრჩეველი გაღიზიანდა, „ნაცმოძრაობის" ზედმეტად ამბიციური, აგრესიული და რევანშისტული საარჩევნო კამპანიით. მათი ლიდერი, ოდესელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ყოველ ნაბიჯზე აცხადებდა, რომ ისინი მზად არიან გამარჯვებისთვის და რომ ისინი დაიცავენ თითოეულ ხმას. ის ამბობდა, რომ არ მისცემდა მთავრობას ხმების გაყალბების საშუალებას. ამ აგრესიულმა რიტორიკამ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს გადააწყვეტინა, რომ ხმა მიეცა „ქართული ოცნებისთვის", რათა აღეკვეთა „ნაცმოძრაობის" ნებისმიერი რევანშისტული ქმედება.
- მარნეულისა და კორცხელის შემთხვევა - როგორ ფიქრობთ, ეს ორი ამბავი „ნაცმოძრაობის" მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო?
- რა თქმა უნდა, ეს არის „ნაცმოძრაობის" ხელწერა. მათ აწყობთ ამ ვითარებაში სიტუაციის დაძაბვა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის რესურსი არა აქვთ, ამიტომაც შეირჩა რამდენიმე ლოკაცია. მაგალითად, მარნეულში, ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა არის „ნაცმოძრაობის" კანდიდატის, იმამ ყულიევის მიერ და, ესეც „ნაცების ხელწერაა. სამეგრელოში ვითარების დაძაბვა ეს არის მცდელობა სიტუაციის არევისა და აქაც მთავარი მოქმედი სუბიექტები „ნაციონალები" არიან. ჩვენ დავინახავთ ასეთ შემთხვევებს ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური.
- რამდენად გამართული იყო ცესკოს მუშაობა. ბევრი პოლიტიკოსი აკეთებდა არჩევნების დღეს განცხადებას, რომ მათი მუშაობა იყო ნულს ქვემოთ და ცესკოს თანამშრომლების კომპეტენცია საკმარისი არ იყო...
- კრიტიკა ადვილია. საარჩევნო უბნების წევრების კომპეტენციის საკითხის ყოველთვის აქტუალური იყო. წელს მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო საუკეთესო არჩევნები და ცესკომ შესაშურად, ძალზე დიდი სამუშაო გაწია. მათ შორის „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც დადებითად შეაფასა მისი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ოპოზიციას წარმოადგენს. პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე, ასევე, დადებითად აფასებს ცესკოს მუშაობას, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკომ ძალზე ეფექტურად იმუშავა და გამოაჩინა საკუთარი პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მენეჯმენტი და ამ თვალსაზრისით, მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებს.
გიორგი ურუშაძე