logo_geo
eng_logo
პრაიმტაიმი: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ექსკლუზიური დეტალები
- +

12 ოქტომბერი. 2016. 13:56



მართალია, საარჩევნო პროცესებმა დროებით გადაფარა ის მითქმა-მოთქმა, რაც დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას მოჰყვა ქალაქის ცენტრში, ოთხი ოქტომბრის ღამეს, თუმცა „პრაიმტაიმი" თავის ყველაზე ცნობისმოყვარე მკითხველს მაინც უამბობს ამ საქმის გარშემო არსებულ და ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციების შესახებ.


დავიწყოთ ექსპერტ-კრიმინალისტის შეფასებით.



აფეთქების ანატომია


ზაზა ალთუნაშვილი დეტალურად უამბობს „პრაიმტაიმს" თავისი მოსაზრებების შესახებ:


- არსებული ფოტომასალის დათვალიერების შედეგად, შემიძლია, ვთქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მოთავსებული იყო მანქანის უკანა მარჯვენა ნაწილში. მოწყობილობა, რაშიც მოთავსებული იყო ეს ნივთიერება, შეიძლებოდა პულტით სამართავი, ან მექანიკური ყოფილიყო. ამის დადგენა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც დათვალიერების დროს აღმოაჩენდნენ ყველა წვრილ მექანიზმს და დეტალსაც კი. ბუნებრივია, იმის დადგენაც შეიძლება, რა სახის ფეთქებადი ნივთიერება იყო გამოყენებული - ტროტილი იყო ეს, ექსოგენი, თუ პლასტიკი...


- თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მანქანა დაძვრის შემდეგ ფეთქდება, ეს თქვენთვის შეიცავს რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას? შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ის მექანიკურად აფეთქდა?


- აქ, როგორც ჩანს, მაინც გადამცემის, პულტის საშუალებით მოხდა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა. აფეთქების სურათით ჩანს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ფუგასური და არა პიროტექნიკური ნარევი. ახლა რაც შეეხება მექანიზმს, ამოღებული დეტალებით დადგინდება ეს - ქარხნული წესით იყო დამზადებული მიმღები და გადამცემი, თუ კუსტარულად. შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ელექტრონული სქემა და იმით მოახდინოს აფეთქება. არის მარტივი საშუალებაც: მობილური ტელეფონით რეკავენ ობიექტთან და ის ფეთქდება. ეს კრავს კონტაქტს. როცა ადამიანი ერკვევა ამ დეტალებში, მას შეუძლია, დაამზადოს მიმღებიც და გადამცემიც.


- კაფსულ დეტონატორებიც ხომ არის ამ დროს საჭირო?


- ამას მოპოვება სჭირდება. სხვათა შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ რომ ამოიღო შსს-მ იარაღი და საბრძოლო მასალა, იქ ყველა ის მოწყობილობა იყო ნაჩვენები, რითაც ასაფეთქებელი მზადდება. სწორედ იქ იყო წარმოდგენილი კაფსულ-დეტონატორებიც. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მხოლოდ კვება...


- ყველა იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც თქვენ გაქვთ, შეიძლებოდა იმის წინასწარ განსაზღვრა, გადარჩებოდა თუ არა ცოცხალი მანქანაში მჯდომი პირი?


- თუ ყურადღებას მივაქცევთ ასაფეთქებელი ნივთიერების მოცულობას, ეს ის კრიტიკული მასა იყო, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რა გარემოში აფეთქდება. ეს რომ მომხდარიყო დახურულ სივრცეში, ან ვიწრო ქუჩაში, აფეთქების ეფექტი მეტი იქნებოდა და მსხვერპლიც მოჰყვებოდა. როცა ღია გარემოში აფეთქებენ, ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ამფეთქებელმა იცის სავარაუდო შედეგიც. სადაც მან, ვთქვათ, 100 გრამი ტროტილი დადო, მკვლელობა რომ ყოფილიყო ჩაფიქრებული, დადებდა ორასს და ჰაერში აწევდა მანქანას თავის მგზავრებიანად.


- გინდათ თქვათ, რომ ეს შედეგი ამფეთქებელს თავშივე ჰქონდა გათვალისწინებული?


- რა თქმა უნდა... ამის გარდა, არის კიდევ სხვა ნიუანსი: თუ გარეშე 5 პირის დაზიანებას გავითვალისწინებთ, რომელთაგან ორს ნაკვეთი ჭრილობები აქვთ მიყენებული, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანებები მიყენებული აქვთ მანქანის ფრაგმენტაციის შედეგად, დანარჩენებს კი მიღებული აქვთ კანტუზია, რაც გამოწვეულია აფეთქების ტალღის შედეგად. ფაქტობრივად, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმუშავა აფეთქების ტალღის წარმოქმნის მიზნით და არა ფრაგმენტაციის მიზნით. ზოგადად, როცა ამფეთქებელი თავის გეგმას აწყობს და უნდა რაღაც მძიმე შედეგი დადგეს, მან კარგად იცის, რომ, თუ ასაფეთქებელს მოათავსებს გარსაცმში, აუცილებლად წარმოქმნის ნამსხვრევებს, რომელიც მოქმედებს დამაზიანებლად და იწვევს მსხვერპლს. მაგალითად, ხელყუმბარაში მოთავსებულია მხოლოდ 30 გრამი ტროტილი, მაგრამ რაკი მოთავსებულია გარსაცმში, ამიტომაც იწვევს მისი აფეთქება მსხვერპლს.


- გამოდის, რომ ავტორმა მხოლოდ აფეთქების ტალღის გამოწვევაზე იმუშავა...


- რა თქმა უნდა... აფეთქება იცით, რა არის? წამის მემილიონედში ხდება ტალღის გავრცელება. აფეთქების გავრცელების სიჩქარე ეს არის. რაც შეეხება, გამოყოფილ ტემპერატურას, არის რამდენიმე ათასი. ამის გამოვლინება კი დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ხდება.


- რაც შეეხება თარგამაძის დაზიანებებს... ბევრს უკვირს, როგორ ახერხებდა ის ასეთი აფეთქების შემდეგ ლაპარაკს, როცა გაცილებით მძიმე დაზიანებები მიიღეს გარეშე პირებმა...


- აფეთქება მოხდა უკან... თარგამაძეს კი თავის მხარეს მინა ჩამოწეული ჰქონდა. მას ასეთი სახის დაზიანება უნდა მიეღო დარტყმის ტალღით.


- ბევრი დაობს იმაზე, შეიძლებოდა თუ არა, თარგამაძეს ცოდნოდა მანქანაში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ.


- თუ კამიკაძეა, მხოლოდ მაშინ ჩაჯდებოდა, როცა იცის, რომ მანქანაში 100 გრამი ტროტილია.


- ეჭვი გაჩნდა იმაზეც, რომ აფეთქების შემდეგ მანქანას ცეცხლი არ გაუჩნდა. ამაზე რას იტყვით?


- იმ ავტომობილს საწვავის ავზები განთავსებული აქვს სავარძლების ქვეშ და არც ერთი არ არის გახეთქილი. თანაც ეს ავზები პლასტმასის არის. არ გასკდა და, შესაბამისად, საწვავის გამოჟონვაც არ მოხდა.



წინასწარი ვერსიები

 

შსს-ს სპეცოპერაციამდე არაერთი ვერსია გავრცელდა იმ დაინტერესებულ პირთა წრეზე, რომელიც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო გივი თარგამაძესთან. სხვათა შორის, ამ ჩამონათვალში გაიჟღერა ლევან პირველის, ახალაიასა და სხვათა გვარებმაც... გაჩნდა ეჭვიც იმის შესახებ, ხომ არ იყო ეს აფეთქება ერთგვარი შურისძიება დაახლოებით ერთი თვის წინ ვაკეში მოკლული ჯოხაძის გამო, ვინაიდან ამ მკვლელობაში ბრალდებულ ბადუკას სწორედ იმ ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, რომელსაც ერთგვარ „კრიშობას" გივი თარგამაძე უწევდა...


საბოლოოდ, ყველა ეს ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ოქტომბრის ღამით ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გაფანტა...



სპეცოპერაციის დეტალები


ეს სპეცოპერაცია ძირითადად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან ორი იყო - გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის საცხოვრებელი ბინა და ქერჩის ქუჩის №22, სადაც ხეჩუაშვილის ცოლისძმა, ბორია ჩაგუნავა ცხოვრობდა. ამ უკანასკნელის სახლში აღმოაჩინეს ხეჩუაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ბორია ჩაგუნავას მეუღლემ, ნატა ჩაგუნავამ „For.ge"-თან საუბრისას დაადასტურა.


„პოლიციას ეს ფაქტი დავუდასტურე. იარაღი თავად შევინახე საწოლის ქვეშ და პოლიციასთან ტყუილის თქმა არც მიფიქრია. მართალი გითხრათ, არ მესიამოვნა, დათომ იარაღი ჩვენთან რომ მოიტანა შესანახად, მაგრამ მისგან იმდენი სიკეთე გვახსოვს, უარი ვერ ვუთხარით. დათკა ყოფილი ძალოვანია და იარაღი სულ ჰქონდა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამას ასეთი ამბები მოჰყვებოდა. ახლა კი გამოდის, რომ შარში გავეხვიეთ", - განაცხადა ნატა ჩაგუნავამ.


როგორც გაირკვა, თავად ბორია ჩაგუნავა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მუშაობს...


რაც შეეხება სპეცოპერაციის შედეგებს: მართალია, ეჭვმიტანილი დაკავებული ჯერ არ არის, მაგრამ გამოძიებას ხელთ აქვს მისი მოძრაობის ტრაექტორიის დამადასტურებელი ჩანაწერები, რომელსაც ასე აღწერს: „პიროვნება გლდანში ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის მიმართულებით, შემდეგ სანაპიროდან მარი ბროსეს ქუჩიდან ათონელის ქუჩისკენ მიემართება ავტომობილით და ავტომანქანას აჩერებს ათონელის ქუჩაზე ალექსანდრეს ბაღთან, ამის შემდეგ ბრალდებული ფეხით გადაადგილდება სობჩაკის ქუჩისკენ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილს უკანა მხრიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ ბრუნდება ისევ სობჩაკის ქუჩაზე და გადადის ათონელის ქუჩაზე, სადაც შედის სასურსათო მაღაზიაში და მაღაზიიდან ისევ აგრძელებს გზას ალექსანდრეს ბაღისკენ. კადრებში კარგად ჩანს, რომ პარტიის ოფისიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე გამოდის, მძღოლთან ერთად ჯდება ავტომობილში და ისინი იწყებენ მოძრაობას ათონელის ქუჩისკენ. ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, რომელიც დეპუტატის ავტომობილს მარჯვენა მხრიდან უახლოვდება და კადრებში უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნული პირი აკვირდება, რწმუნდება, რომ ავტომანქანაში ნამდვილად ზის გივი თარგამაძე. ამის შემდეგ რამდენიმე წამში ხდება აფეთქება".


ბოლოს კი ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც მეტად საინტერესო განმარტებას აკეთებს: „ყოველ საათში ირკვევა ახალი დეტალები... ეჭვმიტანილები მიმალვაში იმყოფებიან. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და ყველაფერს უახლოეს მომავალში გაიგებთ. ისეთი მტკიცებულებები გვაქვს, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... ამ ეტაპზე ბევრი რამ ცნობილია, თუმცა თავს შევიკავებ გამჟღავნებისგან".


გამოძიებისგან გამოსული ძუნწი შეტყობინებებით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადი ეჭვი გივი თარგამაძის თანაგუნდელებისკენ მიდის. უფრო მეტიც, გამოძიება ვარაუდობს, რომ თარგამაძეს არ უნდა სცოდნოდა იმ განზრახვების შესახებ, რაც მისი მისამართით დაიგეგმა.


„პრაიმტაიმის" ხელთ არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 7 სექტემბრის ღამით სპეცოპერაცია სამ ლოკაციაზე ტარდებოდა, დანაშაულთან დაკავშირებულ პირთა წრე გაცილებით ფართო შეიძლება იყოს.


ცოტა რამ დავით ხეჩუაშვილის შესახებ


მას შემდეგ, რაც ეს სახელი და გვარი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას დაუკავშირდა, ბუნებრივია, მედია დაინტერესდა მისი ვინაობით. ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი რამდენიმე დღეა, რუსეთში წავიდა სამუშაოდ. გარდა ამისა, ანზორ ხეჩუაშვილმა მისი შვილის ბიოგრაფიიდან საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ხეჩუაშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის გამო დაკავებულიც კი იყოო.


უფრო მეტიც, მისი მტკიცებით, მისი შვილი მუხროვანის ამბოხშიც მონაწილეობდა.


„პრაიმტაიმი" მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს დაუკავშირდა და აი, რა შეიტყო მათგან:


- მახსოვს დავით ხეჩუაშვილი... გვარდიაში იყო, როცა ამბოხი მოხდა. ამის შემდეგ კი ჩვენ დაგვდევდა მოსაკლავად. მაშინ უკვე კუდ-ში იყო. ასე ამბობდა, ფული ჩვენ უნდა ავიღოთო...

 

- რა ფულს გულისხმობდა?


- მაშინდელმა ხელისუფლებამ დააწესა ჯილდო ჩვენზე - 250 ათასად შეგვაფასა.


- ამბობენ, შევარდნაძის ტერაქტშიც იყო ეჭვმიტანილიო.


- არა, არ ყოფილა არასდროს...


ზოგადად კი, დავით ხეჩუაშვილზე ასეთი ინფორმაცია ვრცელდება: „გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, 1974 წელს დაბადებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი სპეცრაზმელი დარჩო ხეჩუაშვილია. როგორც ცნობილია, ხეჩუაშვილი „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის" სპეცრაზმში მსახურობდა 2012 წლამდე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი დარჩო ხეჩუაშვილი უკრაინაში გადავიდა... საქართველოში უკრაინიდან 2016 წლის ზაფხულში დაბრუნდა".


მისი მეზობლები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ თბილისში თავს ტაქსაობით ირჩენდა...


ამ ფონზე კი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ინფორმაცია, რომელიც „პრაიმტაიმმა" აღმოაჩინა: როგორც ირკვევა, დავით ხეჩუაშვილი ხელგაშლილიც ყოფილა პოლიტიკური ხარკის გადასახდელად: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 24 ივლისს მას „ნაციონალური მოძრაობისთვის" 5000-ლარიანი შემოწირულებაც გაუკეთებია...

 

 

 

მარიამ ნადირაძე

 

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner