logo_geo
eng_logo
კახა თარგამაძე: ისიც კი ვიცი, რაც შევარდნაძემ საფლავში წაიღო!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 14:01



„არჩევნებამდე სამი დღით ადრე ერთ-ერთი ბობოლა ნაციონალის - გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს! მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა, ამ ფაქტს დაანონსებული არეულობა არ მოჰყოლია! შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე თავისი მოგვარის აფეთქებას ნაციონალების მიერ დაგეგმილ მორიგ ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი მდარე სპექტაკლები საზოგადოებაზე აღარ ჭრის, მეტიც, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება":


- როდის იყო, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ხელისუფლება ტერაქტებს აწყობდა?! ან რას წარმოადგენს გივი თარგამაძე, რომ ვინმემ ტერაქტი მოუწყოს?! ნაციონალებს არაერთხელ დაუდგამთ ამგვარი სპექტაკლები და ამჯერადაც შეეცადნენ ქვეყანაში სიტუაციის არევას, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი გამოუვათ!


- ფიქრობთ, რომ გივი თარგამაძემ საკუთარ თავს მოუწყო ტერაქტი?

 

- კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ! გიკვირთ, რომ ნაციონალებს ასეთი შოუ დაედგათ?!


- იქნებ მისმა თანაგუნდელებმა დაგეგმეს ისე, რომ თვითონ საქმის კურსში არ ყოფილა?!

 

- თარგამაძე საერთოდ არ იჯდა იმ მანქანაში, ყველაფერი თამაშია! ხალხო, რით ვერ გაიგეთ, რომ ესენი ყველაფერზე წავლენ, რადგან პროვოკატორები და არაკაცები არიან?! სხვათაშორის, მარტო ისინი კი არ არიან გარეწრები, ვინც ნაციონალურ მოძრაობაშია, არამედ ისინიც, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს!


- ბევრმა გაავლო პარალელი შევარდნაძისთვის მოწყობილ ტერაქტთან და  ის მომენტი გაიხსენა, პრეზიდენტი თეთრი მაისურით რომ გამოჩნდა ტელეეკრანზე...

 

- ამ ორ შემთხვევას შორის პარალელის გავლება სისულელეა! ის უზარმაზარი აფეთქება იყო - საშინელება დატრიალდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ვითომ ტერაქტი სრული აბსურდი და ზღაპარია! ამ ყველაფერში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული! ჯერ ერთი, მას მაღალი კლასის მანქანა ჰყავს, იმ დღეს კი რატომღაც იაფფასიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ეტყობა, დაენანათ ძვირად ღირებული ავტომანქანის აფეთქება.


- გივი თარგამაძე რუსეთში იძებნება, ამიტომ ერთ-ერთ ვერსიად იმასაც განიხილავენ, რომ, შესაძლოა, ტერაქტი რუსეთის მხრიდან ყოფილიყო მოწყობილი.

 

- ვინ მიგდია გივია თარგამაძე, რომ რუსეთს მისთვის ტერაქტი მოეწყო?! საერთოდ, ვის დაჰკარგვია, ვის რა ჯანდაბად უნდა ეს გარეწარი?! ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ თავს, სინამდვილეში მისი ფასი კაპიკია და მაგისთვის იმ ერთი კაპიკსაც კი არავინ დახარჯავდა. ან საქართველოს ხელისუფლებას რაში აწყობდა თარგამაძის ტერაქტის გზით მოშორება?! ანეკდოტია პირდაპირ! ის, რასაც  „რუსთავი 2" აცხადებს, არის ბლეფი. ნუ დაუჯერებთ ნაციონალების ჯიბის ტელევიზიას, ყველაფერი ხომ დიდი ხნის წინათ გაიშიფრა!


- შესაძლო არეულობა არაერთხელ დაანონსდა... თქვენ გამორიცხავთ დესტაბილიზაციას?

 

- რა სპექტაკლებიც უნდა დაიდგას, ყოველგვარ დესტაბილიზაციას და სიტუაციის არევას გამოვრიცხავ! ნაციონალების მიტინგზე ფულით გამოყვანილი ხალხიც კი არ უჭერს მხარს. რისი გადამტრიალებლები და ამრევები არიან?! უკვე გითხარით, ყველაფერი გაშიფრულია! სააკაშვილის პროვოკაციებში მონაწილეობაზე მისიანებმაც კი უარი თქვეს. „თავისუფალი ზონის" წევრებმა, ვისაც ცოტა ჭკუა ეკითხებოდა, ორგანიზაცია დატოვეს. ყველა მიხვდა, რა გარეწრებთანაც ჰქონდათ საქმე. არცერთი ნორმალური ადამიანი არ აჰყვება მათ სიბინძურეს. არანორმალური კი, არა მგონია, ბევრი იყოს საქართველოში. ხალხს არ დავიწყებია, სააკაშვილმა და მისმა ხროვამ  9 წლის განმავლობაში სისხლის კალო რომ დააყენა. თუ მაინცდამაინც, ბოლოს საკნებში შეყრიან და ამით დამთავრდება ყველაფერი.


- ფაქტია, რომ სააკაშვილი ოდესიდან განცხადებას განცხადებაზე აკეთებს...

 

- (იცინის) მეტი რა გზა აქვს?! სინამდვილეში ეტაპირებისთვის ემზადება!


- რეალურია, სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს? სხვათაშორის, ეს ბოლო დროს ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა.

 

- გამოდის, რომ ჩემი და ბიძინას აზრები ერთმანეთს ემთხვევა. აი, ნახავთ, ამ არჩევნების შემდეგ გახმაურებული საქმეებიც გაიხსნება და სულ სხვა ვითარება იქნება.


დღე-დღეზე ველოდები, როდის გამოაბუნძულებენ სააკაშვილს ოდესიდან, რომ მისი ეტაპირება მოხდეს! ყველა მისი თანამოაზრე თანამდებობებიდან პანჩურის კვრით გამოყარეს. სააკაშვილი დღეს ზეროა, ზე-რო! როგორ ფიქრობთ, ევროპის საბჭომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მხარდაჭერა შემთხვევით გამოუცხადა საქართველოს? ევროპის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის დღეები დათვლილია. თუკი ახლა ნაციონალები კიდევ ფაფხურობენ, არჩევნების შემდეგ საერთოდ განულდებიან, გაქრებიან! დასავლეთი მალე მიაფურთხებს და იტყვის - შეყარეთ საკნებში, მაგათი დედაცო...


- ანუ შესაძლოა, ამერიკული პროექტის მთავარი გმირი გაწირონ?

 

- პროექტის მთავარი გმირები იყვნენ კადაფიც, სადამ ჰუსეინიც, მაგრამ ერთი ჩამოახრჩვეს, მეორეს კი სარი გაუყარეს. მიშიკოს სხვა რამეს გაუყრიან და დამთავრდება ყველაფერი... კიდევ ერთხელ ვამბობ, წესია ასეთი - როდესაც აგენტები საჭირო აღარ არიან, თავიანთ ადგილს მიუჩენენ ხოლმე. ნახმარ და გამოყენებულ ნივთს სადაც მოსვრიან, თქვენ თვითონ მიხვდით.


- ბატონო კახა, „ჰეროკრატიას" თვალს ადევნებთ?

 

- შიგადაშიგ ვუყურებ.


- თქვენი თავი თუ ამოიცანით იმ პერსონაჟში, რომელიც შევარდნაძეს რჩევას აძლევს სააკაშვილთან დაკავშირებით?

 

- შევარდნაძეს კაბინეტში სააკაშვილზე რომ ესაუბრება, იმ პერსონაჟთან კავშირი არა მაქვს, როცა ბოლნისის მოვლენები მოხდა, მინისტრობიდან კარგა ხნის გადამდგარი ვიყავი. რატომღაც, თუკი 1917 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რამე მოხდა, ყველაფერი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის ბრალია, თითქოს სხვა მინისტრი ქვეყანას არ ჰყოლია. მლანძღონ, რამდენიც უნდათ, თვითონ ზარალდებიან... ისე, კი ვეთანხმები იქ მოყვანილ სიტყვებს - თავის დროზე უნდა მოევლოთ სააკაშვილისთვის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო. ჩემთვის რომ მოეცათ ნება და ეცლიათ, სააკაშვილის პარპაშს საქართველოში დროულად აღვკვეთდი!


კარგია, „ჰეროკრატია" რომ გადაიღეს, მაგრამ გაცილებით მეტი ვიცი, რაც იმ დროს და მას შემდეგ ხდებოდა. ისიც კი ვიცი, რაც შევარდნაძემ საფლავში წაიღო.


- იქნებ თქვენ მაინც უთხრათ საზოგადოებას სიმართლე?!

 

- არის საკითხები, რომლებზეც ამ ეტაპზე ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ! მერე ვნახოთ!

 

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner