თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი მეუფე თადეოზი (მირიან იორამაშვილი) 1946 წლის 12 ოქტომბერს, გორის რაიონში დაიბადა.
1966 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში.
1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღიქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.
1977 წლის 7 აპრილიდან დიაკვნად, ხოლო 1 მაისიდან კი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. იმავე წლის 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად. 1979 აკურთხეს წილკნის ეპისკოპოსად, 1982 წელს კი აგარაკ-წალკის ეპარქია ჩაბარდა. 1984 მანგლელი მთავარეპისკოპოსი იყო 1993 წლამდე, შემდეგ კი, 1995 წელს, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი. 1995 წლიდან 2003 წლამდე ბოლნისისა და დმანისის ეპარქიას ედგა სათავეში. 2003 წლიდან ბოლნისის მთავარეპისკოპოსი გახდა. 2005 წლიდან კი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.
2010 წლის 2 აგვისტოს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი.
2013 წლის ოქტომბრიდან კი მას მარაბდელი მიტროპოლიტი ეწოდა.
მიტროპოლიტი თადეოზი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.