„გარკვეული ექსცესების მიუხედავად, მთლიანობაში არჩევნები საკმაოდ მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. არცერთი ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა ექნებოდა",- ამ სიტყვებით აფასებს „ასავალ დასავალთან" პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ხმების დათვლის შემდეგ პროცენტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო, ალოგიკურია, რადგან არ შეიძლება, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკურ გაერთიანებას ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში.
„იყო ძალადობის რამდენიმე ფაქტი, რაც იმ უბნებში შედეგების ბათილად ცნობას განაპირობებს. მაგალითად, მარნეულში ნაციონალების კანდიდატის მხარდამჭერებმა აშკარად იძალადეს პოლიციაზე, ისე, რომ თანამშრომლები დაზარალდნენ კიდეც და ასეთი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩება.
რაც შეეხება შედეგს, რა თქმა უნდა, ცოტა ალოგიკურია ის პროცენტი, რაც „ნაციონალური მოძრაობის" გასწვრივ ფიქსირდება... არ შეიძლება, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკურ გაერთიანებას ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ამომრჩევლებიც, რომლებმაც ხმა 9-წლიანი სისხლიან რეჟიმის წარმომადგენლებს მისცეს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ვალდებული ვართ, მათ არჩევანს პატივი ვცეთ. ამას კი ვამბობ, მაგრამ მათი მოტივაცია თუ ფსიქოლოგია ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია. არ გამოვრიცხვ, რომ ამომრჩეველთა ეს ნაწილი საერთოდაც მოკლებულია მოვლენების ანალიზის უნარს, რაკი მხარს უჭერს ძალას, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე. ისიც ვაღიაროთ, რომ მათი პროცენტული რაოდენობა შეუდარებლად ნაკლები გამოჩნდებოდა, არჩევნებში მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ მიეღო მონაწილეობა. სახელმწიფოს მომავალზე ამომრჩეველთა ის კატეგორიაც აგებს პასუხს, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა!"- განაცხადა კობახიძემ.