logo_geo
eng_logo
ლია მუხაშავრია: ნიკა გვარამიას ადგილი ციხეშია
- +

12 ოქტომბერი. 2016. 16:45

 

 

„ეთიკის დარღვევა და სისხლის სამართლის  დანაშაული" - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველები „რუსთავი 2"-ის დირექტორ ნიკა გვარამიას და სამოქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის დიალოგს, სადაც გარიგების სანაცვლოდ აღნიშნული პირები განსაზღვრული თანხის გადახდაზე ლაპარაკობენ.



„6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს"

 

ეპიზოდი ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან:


ნიკა გვარამია: - ურთმელიძე რას შვრება?


- მამუკა ახვლედიანი: - არ ვიცი, რა გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს. ამოვიდა მერე... ბიჭო, რომ ამოდიხარ და მეუბნები, უნდა გადავდო, აპელაციაში ვგზავნი, ანგარიშებს რომ მაბარებ, ამნაირ თემაზე არ უნდა გეკითხა, რას აკეთებ?.. თან როგორი სიტუაციაა იცი, ნიკა, მე რომ დავუწყო ბოლომდე ჩაძიება და გახურება, სამიზნეზე ვზივარ ყველა მხრიდან. პირდაპირ მეტყვის, რომ უგულავაზე მე ვიყავი, მე გავუშვი, ინფორმაცია იყო, რომ მე ვიყავი ამის ორგანიზატორი... ვერაფერს ვერ ვაკეთებ, თან გულზე ვსკდები. მე ექვს საათზე მივედი სამსახურში. პრესსამსახურთან ერთად მოდის და ტექსტი შემოაქვს. გაოგნებული დავრჩი. ცხოვრებაში ეგეთი რამე არ გაგვიკეთებია. ამოვიღეთ ეს, მერე ეწერა, მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, მერე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეკავსო, განჩინება გადმოგზავნეო. რა უნდა გაუგზავნო-მეთქი?..


ნიკა გვარამია: ტიპს რომ გადაწყვეტილი აქვს, ეტყობა უკვე. ეგ არ ვიცი, მაყუთი აქვს აღებული. ფარცხალაძის თვალების გულისთვის მაგას არ გაიჩალიჩებს. წავა ამ ქვეყნიდან, როცა არ იქნება ის მთავრობა, რომელმაც ფული მისცა, წავა... ამ ქვეყანაში რომ ვერ იცხოვრებს, ეგ ნამდვილად შემიძლია გითხრა. ჩვეულებრივად თამაზ ურთმელიძის გამო რევოლუცია უნდა მოხდეს ქვეყანაში. კი ბატონო!


მამუკა ახვლედიანი: რაც არ უნდა დავუპირისპირდე, შიგნით შედეგის მომტანი არ არის.


ნიკა გვარამია:  თუ შეწირავ, სხვანაირად შეწირო ჯობია.


მამუკა ახვლედიანი:  რანაირად?


ნიკა გვარამია: გადადგეს და წამოვიდეს და მივხედავთ. პროსტო უნდა თქვას, რაც ხდება, რა უნდა მაგის მიხედვას, სასამართლოს თავმჯდომარე რომ გადადგება და იტყვის „რუსთავი 2"-ის საქმეზე... მე მივხედავ, 6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს, თუ ეგრე გაქვს საქმე მაინც და აზრი არ აქვს მანდ შენს ყოფნას, ეგრე ჯობია.


საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „კვირის პალიტრას" ესაუბრა:


- კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ მახსოვს, თუმცა გვარამიასთან შეხვედრასა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გულახდილ საუბარს ვადასტურებ. ვილაპარაკეთ იმაზე, რაზეც საჯაროდ არაერთხელ მილაპარაკია.


- ჩანაწერში „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია კონკრეტულ თანხას ასახელებს. მსგავსი საუბრები თქვენგან საჯაროდ არ მოგვისმენია!

 

- ნამდვილად ვერ გავარკვიე, რა თანხაზეა საუბარი, როდესაც ჩანაწერს მოვუსმინე, ეჭვიც კი გამიჩნდა, ავთენტურია თუ არა.


- გვარამიამ დაადასტურა, რომ თქვენთან დიალოგს თავად იწერდა.

 

- ამის გამო მან მინიმუმ, ბოდიში უნდა მოიხადოს. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გვარამიასთან დავაბარე, ბოდიში მოსახდელი გაქვს-მეთქი და ჟურნალისტებიც დამეთანხმნენ, თუმცა ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. გვარამიას ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი, ადრე ქალაქის ნომრიდან დამირეკა. რაც შეეხება შეხვედრას, სასამართლოში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და პაატა ბურჭულაძესაც შევხვედრივარ, კიდევ ბევრ პოლიტიკოსს შევხვდი და ვესაუბრე. რა 6 მილიონზეა ლაპარაკი, შესაძლებელია, მთვარეზე მიწის ნაკვეთსაც მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი და ნიკა გვარამიამ უკეთ იცის?!


- გამორიცხავთ, რომ თავად ჩამწერს გაევრცელებინა ჩანაწერი?

 

- ესეც მიფიქრია, მაგრამ რაში აწყობდა? ვფიქრობ, ეს უფრო იმ ადამიანების ინტერესში შედის, ვინც სასამართლოს დღესაც მფარველობს და რეალურად მართავს. მათ ალბათ სურთ აღარ ვილაპარაკო იმ დაანონსებულ სიახლეზე, რისი გახმაურებაც ბევრს არ აწყობს. თუმცა, მერწმუნეთ, ვერ გამაჩერებენ და არჩევნების ეიფორიის დასრულების შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან დეტალს გავახმაურებ. დავასახელებ, ვინ ვის აშანტაჟებს და რა მიზანი ამოძრავებს სასამართლოში გაძლიერებულ იმ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც სისტემას სრულად აკონტროლებდა.


ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:

 

- ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის დიალოგი აშკარა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. აღმაშფოთებელია, რომ გვარამია „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ კონტაქტებს ინარჩუნებს და მეტიც, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. მიკვირს, რატომ არ დაინტერესდა ამ დრომდე  პროკურატურა.


- ფიქრობთ, სხვა მოსამართლეებზე ზეწოლას გვარამია დღესაც ცდილობს?

 

- თავის დროზე, გვარამიამ დააკომპლექტა სასამართლო და პროკურატურა. ისინი დღესაც იმავე უწყებებში თავს კომფორტულად გრძნობენ. ამ კონტაქტებით კი გვარამია დღესაც სარგებლობს.


შესაბამისმა უწყებებმა გვარამიას საქმიანობა უნდა გამოიკვლიონ - ის არის გათავხედებული სუბიექტი, რომელმაც არაერთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პასუხისმგებლობა არაფერზე დაკისრებია. მეტიც, გვარამია არის რეციდივისტი, მისი ადგილი ციხეშია.

 

რუსუდან შელია

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner