logo_geo
eng_logo
მამა სერაფიმე: მართლმადიდებელი ასურელები ცოცხლები ვართ და ვამაყობთ, რომ ქართულ მიწაზე მყარად ვდგავართ!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 16:47

 


სოფელი ქანდა დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც აქაური ასურელები უფლისადმი წირვა-ლოცვას დღემდე ქრისტეს ენაზე აღავლენენ. ასირიელი მამა სერაფიმე კი ის ერთადერთი სასულიერო პირია, რომლის არამეულმა გალობამ რომის პაპს ცრემლი მოჰგვარა. სვეტიცხოველში აჟღერებული გალობა დღეს უკვე თითქმის მთელმა მსოფლიომ მოისმინა. ყველას აინტერესებს, ვინ არის ეს სასულიერო პირი და რა ძალა დაეხმარა ტაძარში გალობისას? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ასირიელების სულიერ მოძღვარს, არქიმანდრიტ სერაფიმეს ქანდაში ვესტუმრეთ:


- ჩემი ერისკაცობის სახელია იხტიანდრ ბით-ხარიბი. ჩემი სახელი ადამიან-თევზს ნიშნავს, თევზი კი ყოველთვის ქრისტიანობის სიმბოლო გახლდათ. როცა ქრისტეს მოციქულებს დევნიდნენ, მათ სახლებზე სწორედ თევზს გამოსახავდნენ.


წარმოშობით ასურელი ვარ, არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია და ნოტებიც კი არ ვიცი, მაგრამ ყველა მართლმადიდებლური გალობა, რაც ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში არამეულად აღევლინება, ჩემი შექმნილია. სირიაში ერთადერთი ასურული ქალაქი მაალულა იყო, სადაც არაბიც კი ამ ენაზე ლაპარაკობდა. მადლობა ღმერთს,  რომ საქართველოში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ასურელს ენა შენარჩუნებული აქვს.  ჩემი სამშობლო საქართველოა, თბილისში დავიბადე, დედით ქართველი ვარ. ვცხოვრობდი ციმბირშიც და უკრაინაშიც, მაგრამ აქაურობის გარეშე ვერ გავძელი. ისე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: აქაური ასირიელების უმეტესობას დედა ქართველი ჰყავს.


- ყველა დედა შვილს თავის ყაიდაზე ზრდის.

 

- ქართველი დედის ძუძუ მაქვს ნაწოვი და მესმის, რასაც ამბობთ. ქართველი გენეტიკურად ლაღია, რადგან მთლიანად ღმერთზეა მინდობილი, და ამავე დროს დარდიანია, რადგანაც საკუთარი ქვეყნის ბედს განიცდის. ქართული უძველესი გალობა წმინდა მამებმა შექმნეს და მას ვერაფერი შეედრება. ჩვენ კი ამ გალობას დღეს ვქმნით და ამიტომ ახლოსაც ვერ მივალთ ქართულთან, მაგრამ ასურელები ქრისტეს სისხლიანი გზის 2000-წლიან დარდს დავატარებთ და ძალიან მინდა, არამეულ გალობაში ეს ტკივილი ისმოდეს. შემიძლია, დილის 4 საათზე საძმო გავაღვიძო - არიქა, ბანი მჭირდება, სანამ ბგერა არ გამექცა-მეთქი. იმ დროს მუსიკა გონებაშია და ბევრჯერ ვიმეორებ, რომ არ დამავიწყდეს.


- როგორ მოხვდით რომის პაპთან შეხვედრაზე?

 

- ვიცოდი, სად მივდიოდი და ისიც მნიშვნელოვანია, რომ გალობა ჩემმა კათოლიკოსმა მთხოვა. აქვე ვიტყვი, რომ ხალხს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს სვეტიცხოვლის ტაძარში რომის პაპ ფრანცისკეს ვუმღერე. არა შვილო, პაპისთვის არ მიმღერია - იმ დღეს მე ღმერთს ვუგალობდი, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნება. სწორად გამიგეთ: მართლმადიდებელი ვარ და სულერთია, რომელი კონფესიის წარმომადგენელი მისმენს, ყველა მიყვარს. უბრალოდ, ღმერთმა ინება და საშუალება მომეცა, უძველეს და ულამაზეს სვეტიცხოველში უფლის სადიდებლად ვედრება მიმემართა და მთელი ქვეყნიერების გასაგონად მეთქვა, რომ აქ, ამ პატარა საქართველოში, რომელმაც  დედასავით მოგვიარა და შეგვინახა, მართლმადიდებელი ასურელები ცოცხლები ვართ და ვამაყობთ, რომ ქართულ მიწაზე მყარად ვდგავართ.


- გალობის შემდეგ პაპმა თქვენი გაცნობა არ ისურვა?

 

- ვატიკანიდან მიწვევა მივიღეთ,  სურთ, ეს გალობა იქაც აჟღერდეს. სხვათაშორის, გალობის დაწყებამდე ერთმა რამემ ძალზე შემაშინა: ტაძრის სამივე კარი გაეღოთ და, ამდენად, შესაფერისი აკუსტიკა არ იყო. ჩვენ ცენტრში ვიდექით, რომის პაპი ოდნავ მოშორებით იჯდა. ტაძარს თვალი რომ მოვავლე, მარცხენა მხარეს კედელზე იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის ანჩისხატი დავინახე და მას ვთხოვე - შენდა და ყოვლადწმინდა სამების სადიდებლად ისე მაგალობე, რომ ყველას გულს შეეხოს-მეთქი. ლოცვა დასრულებული არ მქონდა, ისეთი ძალა ვიგრძენი და ისეთი ხმა მომეცა, თვითონ გავოცდი!


- გამოგიტყდებით, თქვენი სხვა გალობებიც მაქვს მოსმენილი და ნამდვილად არ მოველოდი ასეთ სიძლიერეს!

 

- გეუბნებით, თქვენ კი არა, მეც სახტად დავრჩი და ვიგრძენი, რომ მაცხოვარი კიდევ ერთხელ მომეხმარა. მახსოვს, დასაწყისში ხალხს ვხედავდი, მაგრამ შემდეგ უკვე ღმერთს ვუმღეროდი. (პაუზა) სვეტიცხოვლის ტაძარი ულამაზესია, განსაკუთრებით, ზევით რომ იყურები. მაშინ უფრო კარგად ხვდები, რომ ეს ღვთივკურთხეული ქვეყანაა.


- გალობისას თქვენ გვერდით პატარა გოგონა იდგა და შესანიშნავი თანახმიანობა გამოგივიდათ.

 

- ქეთევანზე ამბობთ? ისიც ასურელია, გვარად ილიაევი, 12 წლის ბავშვია, რომელიც სოფელ ქანდაში დაიბადა და დედა მასაც ქართველი ჰყავს (ეღიმება). ქეთი ჩვენს ტაძარში ხუთი წლის ასაკში მოვიდა, ბავშვობიდან აღსარებას მაბარებს, ეზიარება და ჩვენთვის ყველაზე დიდი ქრისტიანია, რადგანაც ღმერთი სუფთა გულით უყვარს და ადიდებს მას. ვიცი, რომ ჟურნალისტებს მისი ჩაწერაც გინდათ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ასაკში რასაც მიაღწია, საკმარისია, ამიტომ დროებით თავს შევიკავებთ. ისე, ცნობისათვის, ამ გალობის შემდეგ კულტურის მინისტრმა საჩუქარი გადასცა.


- რამდენიმე კვირის წინათ განაცხადეთ, რომ მღვდელმსახურებას თავს ანებებდით. რა მოხდა?

 

- ზოგმა ეს სიტყვები ისე გაიგო, თითქოს ღვთისმსახურებაზე ხელს ვიღებდი და ეკლესიის გარეთ ვრჩებოდი. არამც და არამც. ამჟამად ტაძრის არქიმანდრიტი ვარ, მაგრამ მინდოდა, ეკლესიის წიაღში მონაზვნის ხარისხი მქონოდა.


- რამდენი წლის ბრძანდებით?

 

- 38-ის!


- და ამ ასაკში მოგწყინდათ მღვდელმსახურება?

 

- არა... ხალხი მიყვარს, მახარებს, რომ მოდიან (პაუზა), მაგრამ დავიღალე... რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის გასაცნობად. ჩემგან არაფერს ითხოვენ, მაგრამ ყურადღებას ვერ ვაქცევ, საამისოდ ფიზიკური ძალა აღარ მყოფნის და ამიტომ ვწუხვარ.


- არ მიწყინოთ, მაგრამ სხვა ქვეყანაში ხომ არ გინდათ წასვლა?

 

- რას ამბობთ, საქართველო და ჩემი ქანდა ისე მიყვარს, მათი დამტოვებელი ვარ? მაგრამ გულწრფელად მგონია, რომ არც კარგი მღვდელმსახური და მონაზონი ვარ. ყველაფერი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად დავიღალე. თუმცა, შესაძლოა, ეს გამოცდაა. ღმერთზე და საქართველოზე მეტად ხომ არავინ მიყვარს და, ეტყობა, მორჩილება უნდა გამოვიჩინო - დავრჩე იქ, სადაც ვარ.


- ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის. მძიმე დღეები გველის და თუ შეიძლება, ქრისტეს ენაზე რომელიმე ძლიერი ლოცვა მითხარით.

 

- მაარან იშუ მშიიხა, ბრუნი და ლააჰა, რახემ ალემ ხატაია" - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ხომ ხედავთ, როგორი მისტიკური და ულამაზესი ენაა, ისეთივე, როგორიც ქართული!

 

ესაუბრა თამარ ოქრუაშვილი

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner