logo_geo
eng_logo
„რატომ მიდიან ჩინოვნიკები გვარამიასთან და რატომ აბარებენ ანგარიშს მუხლის მოდრეკით?“
- +

10 ოქტომბერი. 2016. 17:24



2 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ კიდევ ერთი ადამიანი „იმსხვერპლა" პაატა ბურჭულაძის შემდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი. არა, მანამდეც ბევრი იყო, ბადრი პატარკაციშვილის ჩათვლით, მაგრამ თითქოს ბოლო მსოფლიო მნიშვნელობის ბანი უნდა ყოფილიყო. მოკლედ, გვარამიას უახლეს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ეს გახლავთ კაცი ჩამწერი, კაცი შანტაჟისტი, კაცი ყველაფერზე ხელის მომწერი. მოკლედ, ამ ადამიანს გვერდითაც რომ ჩაუარო, მორჩა, ჩაწერილი ხარ და როდის გამოგიქვეყნებს, არ იცი. მოდით, დავუკვირდეთ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს: ნიკა გვარამია იბარებს მორიგ „აღსარებას", ანუ ანგარიშს თავისი „ხელქვეითისგან". მამუკა ახვლედიანი მას დიდი რუდუნებით უყვება, რა კატასტროფულ მდგომარეობაშია სასამართლო სისტემა, მაგრამ გვარამია არხეინად პასუხობს, ყველგან ერთნაირი სიტუაციაა, შენ ის მითხარი, მოსამართლეები შეეკვრნენ თუ არა ნინო გვენეტაძესო?


მამუკა ახვლედიანი - არა, გვენეტაძეს, არა, ის სავარჯიშო ბალიშივითაა, იქით არი, ხელისუფლებისკენ... გვენეტაძე უტვინოა, მართლა ვირის ჭკუაზე ცოტა მეტი სჭირდებოდა, რომ რაღაცა ნორმალურად ყოფილიყო. მეგონა, რაღაცას მაინც არ გააფუჭებდა. დააყენეს საკითხი აპელაციაში და კონკურსის გარეშე უნდათ ხალხის გადაყვანა. წარმოიდგინე, სრული კოლაფსია... საერთოდ არ ანაღვლებს, სამოქალაქოში რა ხდება. ასეთი განუკითხაობა არ ყოფილა არასოდეს, ხმას ვერ იღებს ვერავინ... აი, ჯარი აქვთ შექმნილი, ამბავი რომ იკითხო, ჩინჩალაძემდე მიდის, რო ახვლედიანმა ამა და ამ საქმეზე ამბავი იკითხა. მართლა აღარ შემიძლია, იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ სადღაც წავალ და ოჯახი მშიერი არ იქნება.


გვარამია - რა უნდა მაგის იმედს? ეგ არ არი რთული.


მამუკა ახვლედიანს ისეთი არაფერი უთქვამს გვარამიასთვის, რაც „ალიასთან" საუბარში არ გაუმჟღავნებია, ჩვენ არაერთი ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი და თითქმის იგივეს ლაპარაკობდა, ზოგჯერ მეტიც უთქვამს, მაგრამ აქ ერთი საჩოთირო მომენტია და ისმება კითხვა: რატომ მიდიან ტიპები გვარამიასთან და რატომ აბარებენ ანგარიშს მუხლის მოდრეკით? ვინ არის მათთვის ნაპროკურორალი გვარამია, ლიდერი, ბატონი თუ „მიშა 2"? რჩება შთაბეჭდილება, რომ „დიქტოფონა" გვარამიას იმდენი და ისეთი კომპრომატები აქვს თანამდებობის პირებზე, ყოფილ ჩინოვნიკებზე თუ პარტიულ ლიდერებზე, როგორც უნდა, ისე ათამაშებს. როგორც გვარამია ამბობს, გამოქვეყნებული საუბარი მისი ჩაწერილია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის შედეგადაა მოპოვებული, შეიძლება სუს-ს ჰყავს „რუსთავი 2"-ში წარმომადგენელი და სწორედ ამ გზით მოიპოვა აღნიშნული ჩანაწერი.


„დაახლოებით ერთი წლის წინათ, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, მამუკა ახვლედიანმა ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. თავისთავად ცხადია, მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ჩემს ორ მოადგილეს ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე, ღირდა თუ არა შეხვედრა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ვყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რომ ან პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი, ან თუ რაიმე მნიშვნელოვანი ითქმებოდა, გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად.


ეს ჩანაწერი პრაქტიკულად მაშინვე განადგურდა, იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, მაგრამ ჩემს კომპიუტერში იყო დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში და იყო ჩვენს ქსელში რაღაც პერიოდის მანძილზე. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, რაც კიბერდანაშაულია, ჩვენთვის ძალიან პრობლემატურია, რომ მეორე ფორმით, არა მოსმენების, არამედ სხვა ფორმით ხდება ჩვენი შიდა ამბების გარეთ გატანა. ორი ვარიანტია - ან შეღწევა ხდება გარედან, ან, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, rom შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებული მასალები, იმიტომ, რომ ეს მასალები ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ჩემი პერსონალური კომპიუტერი".


გვარამია ისევ თავისებურად ჩალიჩობს: პირველი - ის ამბობს, ახვლედიანი მე ჩავწერე, ნაძირალა ვარ, ცხოვრებაში ყველაფერზე მივდივარ, მაგრამ ვინც ამას გაშიფრავს, ის უფრო დიდი დამნაშავეაო; მეორე - გვარამია ასეთ ვერსიას იმიტომ ხლართავს, რომ, სავარაუდოდ, თავისივე ჩანაწერის გამოქვეყნების ბინძური კვალი დაფაროს, მესამე - მამუკა ახვლედიანი ამბობს, მე არ ვიცოდი, გვარამია ჩვენს საუბარს თუ იწერდაო და არც მასთან შეხვედრის სურვილი გამომითქვამსო:


„მე ასე ვსაუბრობ ყველასთან, იქნება ეს მოქალაქე, ჟურნალისტი თუ ტელევიზია. არაფერი განსაკუთრებული მანდ არ ყოფილა. არ ვიცი, ვის უნდა, რომ ამას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს, მართლა ვერ ვხვდები. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მომიხადოს, როცა ასეთი ჩანაწერი გააკეთა. ერთი, რასაც ვერ ვადასტურებ, არის ის, რომ არავითარი ჩემი მოთხოვნით შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. იყო ვიღაც, ვინც შეხვედრაზე მიმიწვია. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებსაც, დასამალი არაფერი მაქვს. ტელეფონითაც ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, რომ თვითონაც ვუპასუხო უცნობ ზარსაც კი. არასდროს მითქვამს უარი არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან შეხვედრაზე, არასოდეს არც ერთ საკითხზე".


საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში მამუკა ახვლედიანი არ ტყუის, ის ყოველთვის გახსნილი იყო და ლაპარაკობდა იმას, რასაც გვარამიასთან ამბობს, ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა როგორც მიხეილ ჩინჩალაძეს, ისე თამაზ ურთმელიძეს, ვალერი ცერცვაძეს და სხვებს.


თუმცა აქ არის კიდევ ერთი უხერხული მომენტი - ახვლედიანი გვარამიას მომენტი - ახვლედიანი გვარამიას ეუბნება, აღარ ვიცი, რა გავაკეთო, წავიდოდი, იმედი რომ მქონდეს, ოჯახი მშიერი არ დამრჩებაო. გვარამია აიმედებს, ეგ არ არის პრობლემა, მოვაგვარებო, ანუ შენს ოჯახს მშიერს არ დავტოვებო. ეს ის გვარამიაa, ჯერ კიდევ შარშან ტირილი რომ დაიწყო, „რუსთავი 2"-ს გაუჭირდა, ბანკში ანგარიშს გავხსნი და დამეხმარეთო. მაშინ დიდმა ნაწილმა ეს ჭამა და მას ფულიც გადაურიცხეს.


მამუკა ახვლედიანი ვერ იხსენებს, გვარამიამ რაიმე კონკრეტული თანხა შესთავაზა თუ არა და რა მოითხოვა სანაცვლოდ. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთივე მანევრთან, რაც გვარამიამ გაითამაშა პაატა ბურჭულაძესთან - როგორც კი სააკაშვილმა იფიქრა, ბურჭულაძე პოლიტიკურად გაბახდა, საჭირო აღარ არისო, ეგრევე ჩახსნა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებით.


მამუკა ახვლედიანი სასამართლოდან გაუშვეს, მან შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია და ახლა ამ სექტორიდან ცდილობს, სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს შეუტიოს, ის ვერ, ან არ იქცა სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პროფესიონალ „ბოზად" და ამიტომაც დაარტყეს, თავიანთი ჭკუით გააფარჩაკეს.


ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა და დაადგინა, მამუკა ახვლედიანი სამართლიანად გაგვიშვია სასამართლო სისტემიდან, მან შელახა ჩვენი პატივი, ღირსება და „პაგონებიო". ამ სხდომის შემდეგ ერთი კაი ჩიქორთული განცხადებაც გაავრცელეს:


„განხილვაში მყოფ საქმესთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეს თან იმ სასამართლოს თავმჯდომარის ნებისმიერი კომუნიკაცია, სადაც აღნიშნული საქმე იხილება, ყოვლად დაუშვებელია და წარმოადგენს არა მხოლოდ სასამართლოს ეთიკის პრინციპების, არამედ „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას, ამასთან, არა მარტო სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ დაინტერესებული მხარის მხრიდანაც, მიუღებელია სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან დაინტერესებული მხარისათვის ერთგვარი მობოდიშება, რომ გავლენას ვერ ახდენს საქმის უშუალოდ განმხილველ მოსამართლეზე და მისი სხვა განცხადებები, რომელიც ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისადმი მხარეებისა და საზოგადოების ნდობას".


უფრო უკეთესად რომ მიხვდეთ, რა წერია განცხადებაში, მოკლედ აგიხსნით: ესე იგიო, მოსამართლეებზე, რომლებიც საქმეებს იხილავენ, ახვლედიანს დაინტერესებულ პირთან, ანუ ნიკა გვარამიასთან არ უნდა ელაპარაკა და რაკი ილაპარაკა, ამიტომაა ცუდი ბიჭიო. დანარჩენზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო დუმს. მამუკა ახვლედიანს საბჭოს წევრების საქციელი სასაცილოდაც არ ჰყოფნის და ამბობს, რომ ეს არის მაფია სასამართლო სისტემაში. ისე, რაც ხდება, ამაზე ჩვენც გვეცინება, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, შეიძლება უცებ ტირილი აგვიტყდეს!

 

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner