logo_geo
eng_logo
რატომ შეიცვალა იოსებ სტალინმა დაბადების თარიღი და სინამდვილეში როდის იყო ის დაბადებული
- +

12 ოქტომბერი. 2016. 17:24

 

 

იოსებ ჯუღაშვილის ბიოგრაფიის არაერთი დეტალია ბურუსით მოცული. ჩვენს სტატიაში ბელადის დაბადების თარიღზე ვიმსჯელებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.


ისტორიკოსები თავის გამოკვლევებში მიანიშნებდნენ, რომ იოსებ ჯუღაშვილი დაბადებული იყო 1879 წლის 21 დეკემბერს, თუმცა, როგორც სარწმუნო წყაროები იუწყებიან, იოსებ სტალინი დაბადებულა 1878 წლის 6 დეკემბერს.


დაბადების შესახებ ჩანაწერი გააკეთა გორის მიძინების ტაძრის მღვდელმა, სოლომონ ხახანაშვილმა. მეტრიკული ჩანაწერების წიგნში ასეთი შინაარსის ტექსტს ვკითხულობთ:


„დაიბადა 1878 წლის 6 დეკემბერს, მონათლეს 17 დეკემბერს, იოსები. მისი მშობლები არიან: ქალაქ გორის მცხოვრები, გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი და მისი სჯულიერი მეუღლე, ეკატერინე გაბრიელის ასული, ორივენი მართლმადიდებლები. ნათლობისას მიმრქმელი იყო ქალაქ გორის მცხოვრები, გლეხი მიხეილ შიოს ძე ციხითათრიშვილი. ნათლისღების საიდუმლო აღასრულა გორის მიძინების ტაძრის დეკანოზმა სოლომონ ხახანაშვილმა, მნათე ალექსი კვინიკაძის მონაწილეობით".


იმას, რომ იოსებ ჯუღაშვილმა დაბადების თარიღი შეცვალა, თავისი მიზეზი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ სტალინი 1902 წლის მარტში დააპატიმრეს ბათუმში. მას ბრალად ედებოდა ბათუმის მუშების დემონსტრაციის ორგანიზება და პოლიციის ყაზარმებზე თავდასხმა დაპატიმრებულთა გათავისუფლების მიზნით.


ძიებამ ჯუღაშვილს დანაშაული ვერ დაუმტკიცა, ვერ მოხერხდა ისეთი მოწმის პოვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ თავდასხმას ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელები მიუთითებდნენ. იმ პერიოდისთვის კი, კანონმდებლობის თანახმად, პოლიციელის ჩვენება საკმარისი არ იყო ბრალეულობის დასამტკიცებლად.


მანამდე, უფრო ადრე, ჯუღაშვილს ბრალად ედებოდა თბილისში სოციალ-დემოკრატიული წრის ორგანიზება, მაგრამ, სამხილის უქონლობის გამო ძიება ვერც ამას უდასტურებდა.


იოსებ ჯუღაშვილის ციხეში ჩასმა ან გადასახლება პრობლემად ექცა ხელისუფლებას. არადა, ასეთი ადამიანის დაუსჯელობა მას დიდ საფრთხეს უქმნიდა.


გამომძიებელმა, ჟანდარმთა ცალკეული კორპუსის პოდპოლკოვნიკმა შაბილსკიმ, საიდანღაც შეიტყო, რომ სტალინი თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს, ანუ თავის დროზე არ გამოცხადდა მიწერის ადგილზე სამხედრო სამსახურის გასავლელად. ჯუღაშვილმაც იცოდა, რომ, თუ მას არმიაში სამსახურისთვის თავის არიდებას დაუმტკიცებდნენ, გაასამართლებდნენ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს, ამით კი მას პოლიტიკური კარიერა უფუჭდებოდა. ჯუღაშვილისთვის პოლიტიკური მსჯავრდებულის სტატუსით ციხეში მოხვედრა სავსებით მისაღები იყო, მაგრამ, არანაირად არ აძლევდა ხელს ციხეში უბრალო სისხლის სამართლის დამნაშავის სტატუსით შესვლა. ამიტომ იყო, რომ შაბილსკი სტალინმა მოატყუა და თავი 1879 წელს დაბადებულად გაასაღა - ერთი წელი მოიკლო. შაბილსკი მიხვდა, რომ ჯუღაშვილი ცრუობდა და ჟანდარმი გაგზავნა გორში, ეკლესიიდან დაბადების შესახებ ცნობის ასაღებად. ჟანდარმმა არ იცოდა, ზუსტად რომელ ეკლესიაში მოინათლა სტალინი, ყველა ტაძარს ხომ არ დაივლიდა. ამიტომ, მიაკითხა, დედამისს - ეკატერინეს (კეკეს), რომელიც სტალინს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა. კეკემ, თუ შეიძლება ითქვას, თავი მოისულელა და ჟანდარმს განუცხადა: არც შვილის დაბადების წელი მახსოვს და არც ის ეკლესია, სადაც მოვნათლეო. მომავალში, როდესაც სტალინი, უზარმაზარი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველთვის იმ თარიღს უთითებდა, რომელიც 1902 წელს ბათუმში დაკითხვაზე აჩვენა.


სტალინი გორში, დედასთან იზრდებოდა. მამას, ბესარიონს, ისინი პრაქტიკულად მიტოვებული ჰყავდა. ის თბილისში მუშაობდა და გორში იშვიათად ჩადიოდა. მამა-შვილს შორის ურთიერთობა თავიდანვე ცივი იყო. ზოგიერთი ცნობით, მამა ხშირად სცემდა ბავშვს. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო, შვილისათვის განათლება მიეცა. სამაგიეროდ, დიდ სითბოს გრძნობდა იოსები დედისაგან. კეკე ბესარიონის სურვილის წინააღმდეგ წავიდა, როდესაც შვილი გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. ეს მოხდა 1888 წელს. დედა-შვილი ხშირად შიმშილობდა. მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა, იოსები კარგად სწავლობდა და 1894 წელს სასწავლებელი „პირველი მოწაფის" თანრიგით დაამთავრა, რაც მოგვიანებით ჩვენს სკოლებში არსებულ ოქროს მედალს უდრიდა.


ბესარიონ ჯუღაშვილი კიდევ უფრო დიდი კატეგორიულობით აღუდგა წინ შვილის თბილისში სასწავლებლად გაგზავნას. მიუხედავად ამისა, კეკემ 1894 წელს იოსები თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანა. ამ სასწავლებელში სწავლის საფასური იმდენად დიდი იყო, რომ მის გადახდას კეკე ვერაფრით შეძლებდა. მართალია, მან მოახერხა და იოსებს სწავლის გადასახადი გაუნახევრეს, მაგრამ, დარჩენილი ნახევრის (40 მანეთი) გადახდაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა მისთვის. იოსებს კი რაც ეცვა, იმის გარდა არაფერი ებადა. 1894 წლის 29 სექტემბერს ჯუღაშვილმა თხოვნით მიმართა სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ სერაფიმს, რათა მისთვის თბილი ტანისამოსი მიეცათ. მომდევნო წელს იოსებს კიდევ უფრო გაუჭირდა. მას სწავლის გაგრძელების უფლებას არ აძლევდნენ პირველი წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. 1895 წლის 28 აგვისტოს ჯუღაშვილმა კვლავ თხოვნით მიმართა არქიმანდრიტ სერაფიმს, რათა სწავლის საფასური ეპატიებინათ. სერაფიმმა ნიჭიერ მოწაფეს ანგარიში გაუწია და კანონდარღვევით იოსებ ჯუღაშვილმა სწავლა განაგრძო საეკლესიო ხაზინის ხარჯზე. იმდროინდელი წესის თანახმად, საეკლესიო ხაზინის ხარჯზე მხოლოდ სასულიერო პირების შვილები სწავლობდნენ. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, სტალინი გულმოდგინედ სწავლობდა.


პირველ კლასში არასაპატიო მიზეზით არც ერთი საათი არ გაუცდენია.


იოსებ სტალინი, შეიძლება პირდაპირ ითქვას, მძიმე, ზოგჯერ აუტანელი ხასიათის ბავშვი იყო. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და სოციალურმა გარემომ მის ხასიათს თავისი დაღი დაასვა. პრაქტიკულად უმამოდ დარჩენილ ბავშვს თანატოლები ჩაგრავდნენ, მაგრამ, იოსები დანებებას არ აპირებდა. იგი ძალიან კარგად ჩხუბობდა და ყოველი შემთხვევისთვის თან ატარებდა დანას (ბებუთს), რომელიც ყოველთვის ჩექმის ყელში ედო. გორში ცხოვრების პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც მას თავს რამდენიმე თანატოლი დაესხა. მიწაზე დაცემული იოსები ხელებითა და ფეხებით ქანცგაწყვეტამდე იგერიებდა მათ. თბილისში მოღვაწეობის პერიოდშიც, ცნობილია, რომ ჯუღაშვილს რამდენჯერმე დაუპირეს ცემა, მაგრამ უშედეგოდ. სტალინს ბავშვობიდანვე გამოუმუშავდა რამდენიმე ისეთი თვისება, რომელიც შემდეგში ძალიან გამოადგა. მაგალითად, მას შესანიშნავი მხედველობითი მეხსიერება ჰქონდა. თბილისის ჟანდარმერიისა და „ოხრანკის" ყველა აგენტს პირველი შეხედვისთანავე ამოიცნობდა. ქუჩაში უკან ადევნებულ აგენტს მუდამ ოსტატურად უსხლტებოდა. გარდა ამისა, ის შესანიშნავად ისროდა. მას შეეძლო, სარკის გამოყენებით, მის უკან დადებული სამიზნისთვის მოერტა ტყვია, თუნდაც ეს სამიზნე ასანთის ღერი ყოფილიყო.


ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა, ისევე, როგორც შემდგომმა პერიოდმა, იოსებ ჯუღაშვილს ჩამოუყალიბა არაადამიანურ სიმკაცრემდე მისული ხასიათი. ის ყველას მიმართ ასეთი იყო.


ერთხელ, მისმა უფროსმა ვაჟმა, იაკობმა, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ტყვია შემთხვევით ასცდა გულს. საავადმყოფოში მისულმა სტალინმა შვილს ასეთი რამ უთხრა: „მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი."


თუ შვილის მიმართ ასეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, ცხადია, უფრო მეტ დაუნდობლობას გამოავლენდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. სტალინს ჰქონდა ადამიანებზე ზემოქმედების (ჰიპნოზის) უნარი. ერთხელ, უცხოეთში მყოფ ცნობილ ოპოზიციონერს ნიკოლაი ბუხარინს ჰკითხეს პოლიტბიუროს სხდომებზე რომ სხედხართ და ყველაფერზე თავს უქნევთ სტალინს, ხმას რატომ არ იღებთო... ბუხარინმა უპასუხა: როგორც გიურზა მონუსხავს ხოლმე ცხოველებს, ისე გვნუსხავს სტალინი სხდომებზე და ამიტომაც ვდუმვართო.


სტალინი ცხოვრობდა პრინციპით: „არავის იმედი არ გქონდეს, არავის ენდო და არაფრის შეგეშინდეს." ამიტომ იყო, რომ იგი არავის ენდობოდა საკუთარი თავის გარდა. მუდამ გრძნობდა მასზე დამიზნებულ ტყვიას, მის სასმისში ჩასაყრელად გამზადებულ საწამლავს. გარშემო მყოფებს ბელადი ჭადრაკის ფიგურებად თვლიდა, რომელთა დახმარებითაც პარტია უნდა მოეგო - მისთვის ადამიანებს სხვა დანიშნულება არ ჰქონდათ.

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner