ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან, მეორე ტურებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბრობს.
- როგორ შეაფასებდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს?
- არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. არჩევნები შედგა, რასაც ვულოცავ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. ეს აღიარებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერაც და, ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური ძალების წევრების გარდა ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, ამას საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამდენი მეორე ტური რომ დაინიშნა, ეს ადასტურებს დემოკრატიის მაღალ ხარისხს. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო ოლქს, მე მთელი საარჩევნო კამპანია ოპონენტების პატივისცემის ატმოსფეროში ჩავატარე და ასე ვაპირებ მომავალშიც. პოლიტიკა არ არის პიროვნული ანგარიშსწორების ადგილი. ჩემს ოლქში 1100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ მისი ხმები იყო, მაგრამ სინამდვილეში 1000-ზე მეტი ჩემი ხმა იყო.
- როგორ აფასებთ, რომ მხოლოდ სამი პარტია მოხვდა პარლამენტში?
- პარლამენტში რომ მოხვდა „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი", ვერც ამაში ვხედავ ვერაფერს საგანგაშოს და ვერც იმაში, რომ უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მოხვედრილიყო პარლამენტში.
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ პარლამენტში შევიდეს. როგორ აფასებთ მათ ამ ნაბიჯს?
- „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე არის საღი გადაწყვეტილება. როგორც ისინი თვითონ ამბობენ, იმ 500 000 კაცს სჭირდებოდა წარმომადგენელი ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ისინი გაუფრთხილდნენ თავიანთ პოლიტიკურ იმიჯს და მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, რომც არ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ეს არ იქნებოდა საშიში. ეს იმ პირობებში იქნებოდა საშიში, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს აინტერესებს დიქტატურა. „ქართული ოცნება" კი დაინტერესებულია თანამშრომლობით სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან.
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" 27.12 % მიიღო არჩევნებში. ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?
- არ ველოდი ასეთ შედეგს. გამოკითხვები, რომელიც იყო ობიექტური და რომელზეც მეც და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა წვდომა, არ უჩვენებდა ამ შედეგს. მაგრამ მე, იმ რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანის გამოხატულ ნებას, ვინც ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი, პატივს ვცემ. რატომ მოხდა ეს ამბავი, შემდგომი ანალიზის საკითხია.
- მეორე ტურებთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ?
- ის შედეგი, რაც მივიღე, იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ მე მოვიპოვებ გამარჯვებას. მეორე ტურები ასევე ჩაივლის მშვიდ გარემოში.
- კეთდება განცხადებები, რომ პარლამენტი გადმოდის ქუთაისიდან თბილისში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და თქვენ თუ დაუჭერთ პარლამენტში ამ საკითხს მხარს?
- პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა - თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს. ძალიან მკაფიოდ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლესობა არ დააპირებს, ხელის გადაგრეხვით იმოქმედოს და თუ ქუთაისელ ხალხს აქვს სურვილი, პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს. რამდენიმე დღის წინ, პრემიერის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ, მე მომცა აბსოლუტური განცდა და გარანტია, რომ ამაზე მსჯელობა არც იქნება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 99,9%-ის ალბათობით, რომ ეს საკითხი პარლამენტში არ დაისმება. ქუთაისს აქვს დიდი პერსპექტივა და 3-4 წელიწადში ქუთაისი სულ სხვა შესაძლებლობების ქალაქი გახდება.