13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ფესტივალ „საჩუქართან" დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი ქეთი დოლიძე და ფესტივალის სხვა მხარდამჭერები დაესწრებიან.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა. 15 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები.
მაყურებელს საშუალება ექნება, დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო ნიმუშებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან.
ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, წარმოდგენილი იქნება ახალი პროგრამა „ფოკუსშია იტალია". თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცე კი თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს.
ფესტივალი საზეიმოდ, 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საზეიმოდ გაიხსნება. თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა, ამავე დღეს 20:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარსდგება წარმოდგენით „წვიმა", ხოლო სპექტაკლის დასასრულს, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება - „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის" .
2016 წლის ლაურეატები არიან:
. ევა იერბაბუინა
. თემო გოცაძე
. ჯოის მაკმილანი
. ლაშა თაბუკაშვილი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.