logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ
- +

13 ოქტომბერი. 2016. 00:52



ორი დღეა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ლაპარაკობენ მაშინ, როცა ეს აზრად არავის გაუვლია, მსჯელობა არ ყოფილა და, არც მომდევნო 2 წლის განმავლობაში  იქნება", - ამის შესახებ განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


მისი აზრით, ეს თითიდან გამოწოვილი თემაა.


მათ, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია და არავის ახსოვს.  ჩვენ ვფიქრობთ მეორე ტურზე, ვფიქრობთ, როგორი ქვეყანა გვექნება და სწრაფ და სტაბილურ განვითარებას როგორ მოვაღწევთ. 8 ოქტომრის შემდეგ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რასაც ბევრი პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს ვერ უბამს. კონსტიტუცია რომ ჩამოსაყალიბებელია, ფაქტია, რადგან სააკაშვილმა ის თავის თავზე მოირგო და ქვეყნის მოწყობის მსოფლიოში არარსებული მოდელი შექმნა. კონსტიტუცია კონსტიტუციას უნდა დაემსგავსოს, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს, რაც მხოლოდ იმ პარტიების სურვილს არ ნიშნავს, რომლებსაც 20 000 მხარდამჭერი ჰყავთ", - განაცხადა სუბარმა.


მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელი განცხადებები ისმის, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა.


ზოგჯერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა. გამოდის პრეზიდენტის პრესსპიკერი და ამბობს, რომ პარლამენტმა თავის საქმეს უნდა მიხედოს და პარლამენტარების საქმე არ არის, ქვეყანა როგორ მოეწყობა, ან როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. პარლამენტი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა და სწორედ პარლამენტი წყვეტს, საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიქნებით თუ საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია გვექნება თუ თეოკრატია; პარლამენტი წყვეტს, იქნება თუ არა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იქნება უზენაესი სასამართლო, როგორც ეს აშშ-შია, რომელიც საკონსტიტუციოს ფუნქციას ითავსებს და ასე შემდეგ", -განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მოწოდება, რომ ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭიროს, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებს.


ჩვენი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორების განცხადებებით გაოგნებული ვარ. დავით უსუფაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ 2012-ში პოლიტიკური სივრცის გაქრობის გამო მისი პარტია იატაკქვეშეთში გადასვლას აპირებდა,  დღეს აცხადებს, რომ ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უნდა დაუჭიროს. ე.ი. მხარი ზონდერ ბადრი ბასიშვილს უნდა დავუჭიროთ?! რესპუბლიკელები ამისკენ მოგვიწოდებენ?! ოპოზიციის მოწოდება, რომ ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭიროს, მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner