უკრაინული გამოცემა „ფოკუს"-ი, საქართველოში ჩატარებულ საპალამენტო არჩევნებს პოლიტოლოგ ევგენი მაგდას სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" ავრცელებს:
„სულ რაღაც ერთი კვირის წინათ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მომენტს (ალბათ, პრემიერ-მინისტრის რანგში) და უკვე განზრახულიც კი ჰქონდა, რომ ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა მინისტრად დაენიშნა, მაგრამ მიხოს ოცნებები გაქრა: პარტიამ, რომლის გამარჯვების იმედი მას ჰქონდა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა... მართალია, მიხეილ ნიკოლოზოვიჩის ცოლი სანდრა რულოვსი ალბათ გახდება დეპუტატი, მაგრამ ეს ქმრის სურვილისათვის მაინცდამაინც დიდი შეღავათი არ არის...
მოკლედ, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რჩება. გასაგებია, რომ მისთვის, როგორც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსისთვის, ოდესის ოლქი თავისი ეთნოდემოგრაფიული ლანდშაფტითა და რთული ეკონომიკური მდგომარეობით, დნესტრისპირეთთან სიახლოვით მოსაწყენი ადგილია, მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა შეეგუოს და ადგილობრივ მოსახლეობას დანაპირები უნდა შეუსრულოს. მითუმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილს, სხვა გუბერნატორებთან შედარებით, უფრო მეტი ბერკეტები აქვს მართვისათვის.
რაც შეეხება სააკაშვილის პერსპექტივას: მკითხველს შევახსენებთ, რომ მას 2018 წლის ნოემბრამდე უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) დეპუტატად არჩევა არ შეუძლია, ხოლო პრეზიდენტად - 2023 წლამდე. სპეციალურად მიხოსათვის კი ქვეყნის კანონმდებლობის შეცვლა საეჭვო საქმეა. მისი პოლიტიკური მომავლისათვის საკვანძო მომენტად უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დამოკიდებულება. ერთი მხრივ, სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ბოლო დრომდე ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, მეორე მხრივ კი, თუ მიხეილ სააკაშვილი მეგობრის კრიტიკას გააგრძელებს, მაშინ მისი პოპულარობა მოიმატებს. თავის დროზე, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის პროტეჟედ მოიაზრებოდა, თუმცა შემდეგ იგი „თეთრ მელას" დაუპირისპირდა. არაა გამორიცხული, რომ მიხეილ ნიკოლოზოვიჩი სამომავლოდ იგივე ტაქტიკას მიმართავს, თანამდებიდან გადადგომის პროვოცირებას შეეცდება და ამ ნაბიჯს საკუთარი პოპულარობის კატალიზატორად გამოიყენებს",- წერია სტატიაში.