logo_geo
eng_logo
რატომ ჰკლავენ ოლიგარქებს?
- +

15 თებერვალი. 2016. 13:17

ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, ბერეზოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო.

 

ბევრ შეკითხვას ბადებდა ორივე ეს ტრაგიკული შემთხვევა, საეჭვო და გაუგებარი იმთავითვე.

 

წერდა ამაზე გაზეთი „საქართველო და მსოფლიოც“. მხედველობაში მაქვს 2014 წლის 10 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუ ბადრი პატარკაციშვილის უახლოეს მეგობართან ბესო კეიდიასთან.

 

მინიშნებით.

 

ეს თემა შემდეგ ინტერნეტსაიტმა „რეპორტიორმა“ განავრცო.

 

და აი, სულ ახლახან, წლევანდელ 3 თებერვალს, ოთხშაბათს, ტელეარხ Планета РТР-ის საინფორმაციო პროგრამა „ვესტი“ მთავარ გამოშვებაში „ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სენსაციურ სიუჟეტს – ბერეზოვსკის თავი არ მოუკლავს, დაინტერესებულმა ძალებმა სიცოცხლეს გამოასალმეს პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ოლიგარქი, რომელმაც კრიტიკულად გაიაზრა განვლილი ანტირუსული გზა და კალაპოტის შეცვლა გადაწყვიტა.

 

„ახლადაღმოჩენილი გარემოებები“ ოლიგარქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის სერგეი სოლოვიოვის ალაპარაკებაა, რომელიც ამდენ ხანს დუმდა.

 

„ვესტის“ ეს სიუჟეტი ირიბად, მაგრამ (თუ დავუკვირდებით) არცთუ უსაფუძვლოდ მიგვითითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის მიზეზი – მისი სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა, რა თქმა უნდა.

 

საიდან სადაო?

 

ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი წლების განმავლობაში მეგობრები და საქმიანი პარტნიორები იყვნენ, ერთიანი ბიზნესი ჰქონდათ, ახლობლობდნენ ოჯახებით. ერთი საქმე, ერთი გარემო, რომელიც ორივესთვის ერთნაირი საშიშროებით იყო გაჯერებული, ერთნაირი შემოტევა და ერთობლივი ბრძოლა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ველური კაპიტალიზმის პირობებში „თავის გასატანად“.

 

(„ბადრი რომ გარდაიცვალა, ბერეზოვსკიმ ძალიან განიცადა. ნერვიულობდა იმიტომ, რომ ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილისთვის ჰქონდა მინდობილი, მთელი ბიზნესი. თვითონ საერთოდ არაფერს აკონტროლებდა. ბადრის სიკვდილი ბერეზოვსკისთვის თავისი ბიზნესის სიკვდილი, მთელი საქმის კატასტროფა იყო. ფინანსური ნაკადები, ბიზნესთან დაკავშირებული ყველა საქმე ბადრის ხელში იყო. ბერეზოვსკი პოლიტიკით იყო დაკავებული“. – ბესო კეიდიას ინტერვიუდან).

 

წარმატებულებიც ერთნაირად იყვნენ და ერთი და იგივე დამოკლეს მახვილი ორივეს თავზე ცხენის იმ ძუით ეკიდა, რომელიც მოულოდნელად და ერთნაირად საეჭვო პირობებში გაწყდა.

 

ახლა კი ამ ზოგადი შესავლიდან ფაქტობრივ მასალაზე გადავიდეთ, რომელიც ზემოთ მითითებულ სიუჟეტში გასაჯაროვდა.

 

კვინტესენცია: ბერეზოვსკის რუსეთის პრეზიდენტისთვის უნდა გაეგზავნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ  პუტინის ლიკვიდაციის მცდელობას. ოლიგარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სერგეი სოკოლოვი დარწმუნებულია, რომ ეს მასალები, სულ ცოტა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა აღნიშნულ სპეცსამსახურებს და არა მარტო მათ.

 

ბერეზოვსკის „უყვარდა პოლიტიკის თამაში“ და წლების განმავლობაში ამ „თამაშით“ ისე გაერთო, ისე დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა თავი, როგორც პოლიტდევნილს. ტელესიუჟეტი (ავტორი ოლგა სკობეევა) აგებულია ბორის ბერეზოვსკისა და სერგეი სოკოლოვის მიმოწერაზე, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა სპეციალურად შექმნილი ელექტრომისამართების გამოყენებით.

 

პირველ წერილს ბერეზოვსკი ლონდონიდან 2004 წლის იანვარში უგზავნის სოკოლოვს; უკანასკნელს – 2013 წლის პირველ მარტს, მის „უცნაურ და გაუგებარ“ სიკვდილმდე სამი კვირით ადრე.

 

იგი ღელავს, ნერვიულობს იმის გამო, რომ იგვიანებს პუტინის რეაქცია მის (ბერეზოვსკის) წერილზე, რომელიც ერთ დროს თავისი და პატარკაციშვილის ხელის ბიჭს რომან აბრამოვიჩს გაატანა.

 

(„აბრამოვიჩი, იცით, ვინ იყო? ბადრისა და ბორიას „ლოგოვაზში“ ხელის ბიჭად ჰყავდათ. სტუმრებს მას მიუჩენდნენ ხოლმე. ბადრის ნათქვამიდან ვიცი, საუბარში ახსენებდა ზოგჯერ. ჭკვიანი ბიჭი გამოდგა. საქმეს ალღოს უღებდა. ბორიასა და ბადრის მოსკოვიდან რომ მოუწიათ წამოსვლა, მათზე ძებნა რომ გამოაცხადეს, მაშინ გაშალა ფრთები, თორემ ამათ დროს რას წარმოადგენდა?! – არც არაფერს“. ბესო კეიდიას ინტერვიუდან).

 

ოლიგარქი რუსეთში დაბრუნებაზე ფიქრობს, სუფთა ფურცლიდან აპირებს ყველაფრის თავიდან დაწყებას, სურს დაარწმუნოს პუტინი თავის გულწრფელობაში ყოველგვარი „სტილისტიკის“ (სიტყვაუხვობის) გარეშე: „პუტინს სტილისტიკა არ სჭირდება, მას სჭირდება ფაქტები, უნდა დარწმუნდეს, რომ მართალია და რომ მან გაიმარჯვა... ცხადია, ზოგიერთ ფაქტს ცალკე ჩამოვთვლი, სხვამ არავინ რომ არ ნახოს, ისე... მინდა რაღაცით მაინც დავეხმარო პუტინს“, – წერს იგი თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, რომელსაც უსაზღვროდ ენდობა.

 

გასაგებია, რომ ბერეზოვსკი პრეზიდენტისგან ინდულიგენციის მიღებას ცდილობს დოკუმენტირებული ფაქტების სანაცვლოდ.

 

მაგრამ რა ფაქტებზეა ლაპარაკი?

 

მივყვეთ მიმოწერის ქრონოლოგიურ მდინარებას, რომელმაც ცნობისმოყვარეობის ნაპირზე უნდა გამორიყოს პასუხი ამ შეკითხვაზე. ადრე თუ გვიან.

 

ირკვევა, რომ ბორის ბერეზოვსკის წლების განმავლობაში შეგროვებული ჰქონდა ვიდეო, აუდიო, ფოტო და სხვა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების მდიდარი არქივი, რომლებიც, ერთის მხრივ, ასახავდა ინგლისის დაზვერვა Ми-6-ის და აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პუტინის პერსონალურ ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ საქმიანობას (ამის შესახებ ზემოთაც ვთქვით) და, მეორე, რუსეთის მაღალი რანგის მოხელეთა თავგამოდებას ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.

 

ამ ამბავმა გაჟონა და დააფრთხო „რუსეთის სიკეთისთვის დამაშვრალნი“. რადგან არ გასჭირვებიათ მოსალოდნელი შედეგის დადგენა არც ამ ორსახა იანუსებს (მაღალჩინოსნებს), არც რუსეთის „ბოლოტნაიას“ ოპოზიციონერებს, რომლებიც ბერეზოვსკის მიერ იყვნენ დაფინანსებულები: ოლიგარქის განდგომა პირველებს გაშიფვრით დაემუქრა, მეორეთ – უსახსრობით.

 

შიდა და გარე დაპირისპირებული ძალების ინტერესები ურთიერთს დაემთხვა.

 

დაცვის სამსახურის უფროსმა თავის შეფს ურჩია მოეწყოთ სპეციალური აპარატურით აღჭურვილი სათავსი, სადაც ისინი შეძლებდნენ მათთან სტუმრად ჩასული „მოღალატე-დემოკრატების“ და სხვა, არცთუ სანდო, პირების ფარულად ჩაწერასა და ვიდეოდაფიქსირებას – ყოველი შემთხვევისთვის. „ასეთი ადამიანები, – აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი ოლგა სკობეევა, – მასთან ჩამოდიოდნენ პუტინის დამხობის, წყობილების შეცვლისა და სხვა მსგავსი „რევოლუციური“ დაუფარავი მოწოდებებით“.

 

ბერეზოვსკი ეთანხმება სოკოლოვს, მზადაა ამ ღონისძიების დასაფინანსებლად და სთხოვს მას დაეხმაროს სპეციალური აპარატურის შეძენაში: „მინდა მოვაწყო აქ, ჩემთან ისეთივე, როგორიც „მიღებათა სახლში“ გვქონდა“.

 

ე.ი. მიყურადებისა და ფარული თვალთვალის ორგანიზების გამოცდილება ოლიგარქს ჰქონდა. მაშასადამე, ჰქონდა ასეთი გამოცდილება ბადრი პატარკაციშვილსაც – მის მეგობარსა და საქმიან პარტნიორს.

 

(ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი კოდუას შეხვედრის ფარული ჩაწერის თემაზე საუბრისას ბესო კეიდიამ განაცხადა:

 

„_ ვიცოდი, რომ უნდა გამართულიყო შეხვედრა პოლიციის ამ მაღალჩინოსანთან. ახლა რომ ამბობენ, კოდუამ ფარულად ჩაიწერაო, ტყუილია. შეუძლებელია, კოდუას რაიმეს ჩაწერა მოეხერხებინა.

 

პირიქით იყო ყველაფერი.

 

ამ შეხვედრას წინ უძღოდა ბადრის შეთანხმება სკოტლანდ იარდთან. სწორედ ამ საიდუმლო სამსახურის დახმარებით უნდა ჩაეწერა მათი საუბარი. ასეც მოხდა. ეს ინგლისია, ჩემო ბატონო, ბანოჯა და ვანუატუ კი არა. ამგვარი ღონისძიების ჩატარება ქვეყნის შიგნით დივერსიად არის მიჩნეული და საქართველოს სპეცსამსახურის რაგინდ მაღალ მოხელეს ამ დივერსიის განხორციელების უფლებას არავინ მისცემდა...

 

– ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდაო ჩამონტაჟებული ჩამწერი აპარატურა?

 

– ზღაპარია!.. ბადრისთან შესვლამდე კოდუა ლამის ფეხის ფრჩხილამდე შეამოწმეს და, როგორ ფიქრობთ, ქუსლში ჩამონტაჟებულ მოწყობილობას ვერ აღმოუჩენდნენ?!“ – ბესო კეიდიას ინტერვიუდან).

 

სოკოლოვი ადასტურებს, რომ ბერეზოვსკის ოფისში „ჯაშუშური აპარატურა ყველგან იყო ჩამონტაჟებული, მაგიდის ლამპაშიც კი“.

 

(და ისევ – პარალელი პატარკაციშვილთან:

 

„_ ერთ პერიოდში (თბილისში) ჩამოვიტანეთ მანქანაზე დამონტაჟებული მოძრავი მოსასმენი აპარატურა. მანქანას ეწერა „ტელევიზია „იმედი“. თანამედროვე, უაღრესად მგრძნობიარე პელენგატორით შენობაში რაც ხდებოდა, იმის მოსმენა და ჩაწერა შენობის გარედანაც შეიძლებოდა...

 

ერთი თვე იმუშავა ამ აპარატურამ, შემდეგ დამიძახა და მითხრა ბადრიმ:

 

– ბესო, გამორთე ეგ აპარატურა! იმდენ სისაძაგლეს ვიგებთ, რომ შეიძლება გავგიჟდეთ. ამ ყველაფერს რომ ვუსმინოთ და დავიჯეროთ, შეიძლება მარტონი დავრჩეთო. ახლობლები ისეთ რაღაცეებს ჰყვებოდნენ, რომ თმები ყალყზე დაგიდგებოდა კაცს“. ბესო კეიდიას ინტერვიუდან).

 

დაცვის სამსახურის უფროსის მონაყოლით, ბერეზოვსკის არქივში დაცული იყო აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცალკეული აგენტების მიმოწერაც, რითაც დასტურდებოდა, რომ რუსეთში გადატრიალების მოწყობის მცდელობა, კიევის „მაიდანი, აფეთქებული „ბოინგი“, ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ლიკვიდაცია (მოსკოვში) სპეცოპერაციებია, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ იყო გათვლილი“.

 

ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, ცხადია, ადასტურებს, რომ ბერეზოვსკის ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, თანაც ისეთები, ვისთან ერთადაც ერთ დროს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, იცნობდა მათ საიდუმლო საქმიანობას და, მაშასადამე, განწირული იყო: ყოფილ მეგობრებზე უარესი მტრები არ არსებობენ.

 

ბადრისთანაც მსგავსი სიტუაცია მეორდება: ვისაც მხარში ედგა, ისინი გაუხდნენ მტრებად, რომელთა დამარცხების რესურსი პატარკაციშვილს, რა თქმა უნდა, ჰქონდა. ამან კიდევ უფრო გააავა და გაამწარა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სათავეში მდგარი მედროვენი და მათი ამერიკელი პატრონები, რადგან სააკაშვილი, როგორც ცნობილია, აშშ-ის პროექტი იყო.

 

პატარკაციშვილის მოცილება დღის წესრიგში დადგა.

 

(– ბადრი ელოდა, რომ მის ლიკვიდაციას შეეცდებოდნენ?

 

– აბა რა! ამაზე საუბარს ხშირად შევსწრებივარ... ელოდა, მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ პანიკაში არასოდეს ჩავარდნილა“.ბესო კეიდიას ინტერვიუდან).

 

ახლობლები იხსენებენ, რომ სიცოცხლის უკანკასკნელ თვეებში ბერეზოვსკი განსაკუთებით გამოცოცხლებული და ხალისიანი ჩანდა, ამბობდა, რომ ახლებურად აპირებდა ცხოვრების დაწყებას, ნანობდა უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მხარდაჭერას, როცა მან ამ „რევოლუციის“ გააქტიურებაში კატალიზატორის როლი შეასრულა. „ახლა კი, – განაგრძობდა გარდაქმნის სურვილით ატაცებული ოლიგარქი, – ჩემი ამერიკელი (შტატების) და ბრიტანელი ამხანაგები მარწმუნებენ, რომ ასეთივე ფართე ფრონტით შევძლებთ რუსეთის ძირფესვიანად შერყევას. მათ გულწრფელად სწამთ, რომ საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში გამოყენებული ტექნოლოგია იმუშავებს რუსეთშიც... ვვპ-ს (ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს) გაუჭირდება“.

 

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რევოლუციების მოწყობის ჟინმა გაუარა ბერეზოვსკის. გაიცნობიერა, რომ სასტიკად ცდებოდა.

 

ე.ი. გარდატეხა მოხდა და ადამიანი ახალ გზას რწმენით გამაგრებული შეუდგა. რაც, ცხადზე უცხადესია, თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას ვერა და ვერ ეთანხმება.

 

მართალია, ამ პერიოდში ცოლს გაეყარა. მაგრამ გაიჩინა საყვარელი ქალი, რომელსაც ძვირფასი ნივთებითა და სამკაულებით ანებივრებდა.

 

ე.ი. პირად ცხოვრებაშიც არ ჰქონდა რამ მიზეზი, რომელსაც შეიძლება თვითმკვლელობისკენ ებიძგა.

 

პატარკაციშვილი?

 

ბადრი იძულებული გახდა საქართველოდან გადახვეწილიყო, მაგრამ არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მოღვაწეობის სურვილი გაქრობია და არც სიცოცხლის ხალისი დაუკარგავს.

 

„ბადრის დავცილდი 2008 წლის 11 თებერვალს. მასთან სტუმრად ვიყავი ლონდონში. შემართებით ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. შენ ხომ ხარ ჯანზეო, მეუბნებოდა.

 

– სიკვდილის წინათგრძნობა არ ჰქონდა? არ ელოდა?

 

– არა! ვაჟკაცურ განწყობილებაზე იყო, მომავალზე ლაპარაკობდა. ასე დავცილდით. 12-ში ჩემმა შვილმა დამირეკა დილის 6 საათზე, ბადრი გარდაიცვალაო.

 

ასე იყო“. (ბესო კეიდიას ინტერვიუდან).

 

დასკვნა ორივე შემთხვევისთვის ისეთივე მარტივია, როგორც სწორი ხაზი და პუნქტებს შორის: არც პირველს (ბერეზოვსკის) მოუკლავს თავი, არც მეორე (პატარკაციშვილი) გარდაცვლილა გულის შეტევით.

 

ორივე, როგორც ფრიად არასასურველი პიროვნებები, მათთან დაპირისპირებულმა ძალებმა გზიდან ჩამოიცილეს.

 

ბერეზოვსკის თავისი ჭირისუფლები ჰყავს. ჩვენ ბადრიზე დაგვწყდა გული.

 

 

არმაზ სანებლიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner