ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. „კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ესაუბრა:
- სააკაშვილის განცხადებები აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გაუგებარია, რა მტკიცებულებებს ემყარება, როცა კორუფციაში ჩემს მონაწილეობაზე მიანიშნებს. ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი ყველას მისამართით უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.
- რატომ? „ქართველმა რეფორმატორებმა" კრახი განიცადეს, თუ სააკაშვილი ოპოზიციაში გადასვლისა და პრემიერობისთვის ემზადება?
- ამ გზით პრემიერად მოსვლა ძნელი იქნება. მოგეხსენებათ, უკრაინაში კოალიციური ხელისუფლებაა, სადაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალის ინტერესებია გაერთიანებული. არარეალურია, რომ სიდიდით მეორე ფრაქციამ საკუთარ კვოტაზე უარი თქვას და იაცენიუკის თანამდებობაზე სააკაშვილი დაინიშნოს. ამ ვითარებას სააკაშვილიც საღად აფასებს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ოდესელებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. უკრაინაში კორუფციულ კლანებთან ბრძოლა არც ისე იოლია...
- ბრალდებების შემდეგ სააკაშვილს ხომ არ დაკავშირებიხართ?
- მასთან დაკავშირება არასდროს გამჭირვებია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ახლა არაფრის გარკვევა არ მიცდია. ვერც ვიკადრებდი მისთვის კითხვების დასმას.
- მან იაცენიუკის გუნდის წევრად მოგიხსენიათ.
- არ ვიცი, ეს პოლიტიკური ეჭვიანობის გამო ხდება, თუ სააკაშვილს მცდარ ინფორმაციას აწვდიან... მე პროცესებს ასე ვუყურებ: უკრაინას რეფორმები სჭირდება, ამიტომ ფლანგებად დაყოფა საქმეს არ არგებს. იაცენიუკი უკრაინის პრემიერია, მე კი - მთავრობის წევრი. როგორ ფიქრობთ, სხვების საამებლად უკრაინისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მივიღებ? ვიცი, ამას არც სააკაშვილი ელოდება.
- თქვენც აპირებდით თანამდებობიდან გადადგომას, თუმცა, დღემდე მინისტრი ხართ...
- განცხადება პარლამენტშიც შევიტანე, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მივიღე. მერე კი ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, განაცხადი, პრემიერის თხოვნით, უკან გამოვიტანე. უკრაინაში კარიერის შექმნას არ ვგეგმავ, უბრალოდ, დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ, რომ პრობლემების გადალახვაში დავეხმარო. თუ ჩათვლიან, რომ ვჭირდები, დავრჩები.
- ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავთ?
- პროცესებს თვალს ვადევნებ, თუმცა, რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას", არ დავინტერესებულვარ. საქართველოში დედა და მეგობრები მყავს, ასე რომ, სამშობლოსთან კონტაქტი არც ერთი წამით არ გამიწყვეტია.