თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში, მდებარე საბავშვო ბაღში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გულიკო ზუმბაძის თქმით, პატარა ლილოს დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო შეწყვეტილი იყო.
საკრებულოს დეპუტატმა ბრიფინგზე მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა და მერიასა და ბაღების სააგენტოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კადრების შერჩევის დროს კვალიფიციური, განათლებული, სათანადო უნარ-ჩვევების ადამიანების შერჩევისა და დანიშვნის წესით ხელმძღვანელობა ურჩია.
„მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა ღირსეულად ისწავლონ, აღიზარდონ, საკადრო პოლიტიკა სწორ ჩარჩოში ვერა და ვერ მოექცა. მოვუწოდებ თბილისის მერიას და ბაგა-ბაღების სააგენტოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კადრების შერჩევის დროს, ერთი პრინციპით - კვალიფიციური, განათლებული, სათანადო უნარ-ჩვევების ადამიანების შერჩევისა და დანიშვნის წესით იხელმძღვანელონ", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.