logo_geo
eng_logo
ეკა ხერხეულიძე: 13 ოქტომბერს მერაბი აღარ იყო. ალბათ, ზვიადიც მაშინ დამთავრდა...
- +

13 ოქტომბერი. 2016. 12:37


 

 

 

ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„მე დავიბადე იმ წელს, როდესაც მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. საბჭოეთის წუმპეში მათ შეშლილებად იცნობდნენ. არც მაშინ გაკეთილშობილებულა მათი რენომე, როცა ეს „კეთროვნები", ადამიანის უფლებების დაცვისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. მათ ცხოვრებაში მძიმე, მტანჯველი და სევდიანი დღეები უფრო ბევრი იყო, ვიდრე ყოფითი ხიბლი, მაგრამ ყველაზე აღმატებული და ნათელი დღე მოუტანეს ჩვენს ხალხს -საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

ბავშვობის შემდეგ სიკვდილამდე, იყო მხოლოდ ციხე, გადასახლება, დევნა, დამცირება... გამონაკლისის გარდა ყველა განიკითხავდა. ისინი, ვინც მათ მიერ დასახულ მიზანს წინააღმდეგობებისგან დაქანცული შუა გზაზე ტოვებდა, არჩიეს ელანძღათ, ჩეკისტების ჭორები გაევრცელებინათ, ვიდრე ეღიარებინათ, რომ ამ ორ გრიგალთან სიოდაც ვერ ივარგეს.

 

დიდი მცდელობების მიუხედავად, საქართველოს სიყვარულით შეპყრობილები, ერთმანეთს ვერ დააშორეს. იმდენად სწყუროდათ თავისუფლება, რომ ამ ორი, სრულიად განსხვავებული შინაგანი მოწყობის ადამიანს შორის ხარვეზი არასდროს ყოფილა. დიდი ადამიანები იყვნენ, მაგრამ სულ თავდახრილებმა განვლეს ცხოვრება. ვინც მათ ურთიერთობას იცნობდა, დამეთანხმება, რომ მსგავს ურთიერთპატივისცემას მხოლოდ წიგნებში შეიძლება შეხვდე. თითქოს პირობა ჰქონდათ დადებული, ისე იგრძნობოდა სუბორდინაციის სიმკვეთრე. მერაბისთვის ზვიადი იყო გენიალური აზრების გენერატორი. მისგან ყველაზე ხშირად ამ ფრაზას გაიგონებდით - ზვიადს ვკითხოთ. ზვიადისთვის მერაბი იყო მთავარი საზრუნავი, ძმაც, მეგობარიც, თავდადებულის სიმბოლო. ახლაც არ ვიცი, იმ მახინჯ დროებაში, როგორ არ მიეკარათ ტალახი. როგორ შეძლეს, ერთმანეთის სიყვარულით არ დაღლილიყვნენ. მიკვირს, რადგან მეგობრობა ადვილი გასატანი მაშინაა, თუ ურთიერთობა სიყვარულს და დროს ეფუძნება, მაგრამ ნამდვილი საოცრებაა, თუ ის ერთად საქმის კეთებას ეფუძნება. რადგან ინიციატივის მარცხის ან გამარჯვების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ორს არასდროს ეკისრება, ერთია მხოლოდ მეორეს გადასახედიდან დამნაშავე და სწორედ, აქ იჩენს ხოლმე ადამიანური ცდუნებები თავს.

 

ბევრჯერ მითქვამს და განვმეორდები, რომ ამ ორ ადამიანთან შეხვედრამ, მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. 15 წლის ვიყავი, მაგრამ გასაგები გახდა, რომ სტანდარტული ჩემი თანატოლებისთვის ხელშესახები ცხოვრება ვეღარ იქნებოდა ჩემთვის მიმზიდველი. მას მერე ან მათთან ერთად მოვდივარ, ან მათზე მოგონებებით. ეს 27 წლის წინანდელი ფოტოა, 13 ოქტომბერს მერაბი აღარ იყო. ალბათ, ზვიადიც მაშინ დამთავრდა, დანარჩენი კრემლისთვის დროის საქმე იყო. მერაბი ისე წავიდა ამცხოვრებიდან, რომ მიზნისთვის გაღებულ სიკეთეს ვერ შეხვდა. ზვიადმა კი მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მერაბის ხსოვნას მიუძღვნა. 13 ოქტომბერი თენდება, დღე, რომელმაც ერთი ოჯახი კი არ დააობლა, ჭირისუფალი საქართველო ჰყავდა და რომელსაც სახელად ერის სინდისი უწოდა", - წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner