logo_geo
eng_logo
ელისო კილაძეს პროკურატურასთან კითხვები აქვს
- +

16 მარტი. 2016. 14:58



გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურის მიერ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ-ერთ მსჯავრდებულ გელა ღურწკაიას ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურასთან კითხვები არ აქვს. როგორც კილაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ღურწკაია ნამდვილად მივიდა მასთან ოფისში და ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გადაცემა შესთავაზა.


„ღურწკაიას ეპიზოდთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ქმედებებზე არანაირი კითხვა არ მაქვს, რადგან ეს ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელიც მოვიდა ჩვენთან ოფისში და მოიტანა ფირი. მაშინვე ვვარაუდობდი, რომ ღურწკაია იყო მხოლოდ კურიერი და ის არ მოქმედებდა მარტო.

 

რაც შეეხება დანარჩენ დასახელებულ გვარებს, არცერთ მათგანს არ ვიცნობ, არცერთს არ ჰქონია ჩემთან კომუნიკაცია და არცერთი მათგანის გვარი გელა ღურწკაიას ჩემთან არ უხსენებია", - განაცხადა კილაძემ.


ელისო კილაძეს პროკურატურასთან გარკვეული კითხვები აქვს და ინტერესდება, თუ რატომ არ მოახდინეს რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა 2 წლის მანძილზე, მაშინ, როცა ეს ფირები „ქალაქში დასეირნობდა".


„პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს კონკრეტულმა პირმა ინგა ჩატოიანმა ეს ფირი მიიღო ზურა ჯამალაშვილისგან. ჩატოიანმა გადასცა ფხალაძეს და ფხალაძემ დაიწყო ამ ფირის გამსაღებლის ძებნა მატერიალური დაინტერესების მიზნით. გამოდის, რომ 2 წლის განმავლობაში ადამიანთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები დასეირნობდა ქალაქში, გარკვეულ პირთა წრეს მასთან ჰქონდა შეხება და ჩნდება კითხვა, სად იყო ქვეყნის სპეცსამსახური ან ზოგადად ძალოვანი უწყებები? ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ფირები განადგურდა, ფირების გამოქვეყნება აღარ გაგრძელდება და ქვეყანაში ყველა მოქალაქის პირადი ცხოვრება არის დაცული. როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. აქ არის მთავარი შეკითხვა, თუ ეს ჯგუფი მოქმედებდა მატერიალური ანაზღაურებისთვის, გელა ღურწკაიას ჩემთვის ფული არ მოუთხოვია და ეს ვიდეოშიც ჩანს. მისი ამოცანა არ იყო, რომ ჩემთვის ფირი მოესაღებინა. გელა ღურწკაიას ჰქონდა სრულიად სხვა ამოცანა", - აღნიშნა კილაძემ.


ელისო კილაძე ასევე მოითხოვს, რომ პროკურატურამ დაადგინოს, თუ ვინ არის საქმის დამკვეთი.

 

„როგორც მე გავარკვიე, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე გახლდათ კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, მეორე სამმართველოს ოპერი. სულ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ამ უწყებაში და ბუნებრივია, მაინტერესებს, რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა დაკავებული ნიკოლოზ ხაჭაპურიძე. რადგან, პროკურატურამ გვითხრა, რომ ხაჭაპურიძე დაკავებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე მაინტერესებს, ვინ მისცა ფული ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომელიც დაკავებამდე იყო უმუშევარი, რათა ეს ფული გადაეხადა ღურწკაიასთვის კურიერის მომსახურების სანაცვლოდ? ვინ არის ამ საქმის დამკვეთი? მკაფიოდ ჩანს, რომ არსებობს პირი, რომელიც იხდის ფულს და რომელმაც კონკრეტულად ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს გადაუხადა ფული ამ საქმეზე", - განაცხადა კილაძემ.


კილაძე აქვე ინტერესდება, თუ რატომ არ არის დაკავებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - ინგა ჩატოიანი და რა ჩვენება მისცა მან პროკურატურას.


„გუშინ მივიღე ინფორმაცია ინგა ჩატოიანთან დაკავშირებით. მეუბნებიან, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია სპეცსამსახურთან თანამშრომლობს და მისი ჩვენება ფიგურირებს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. მაინტერესებს, რატომ არ არის დაკავებული ინგა ჩატოიანი? რას ნიშნავს, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან? რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას? მისცა თუ არა მან ის ჩვენება, რა ჩვენებაც იმ მომენტისთვის სჭირდებოდა პროკურატურას?" - აღნიშნა კილაძემ.


ელისო კილაძე ასევე ინტერესდება, თუ როდის დააკავეს აღნიშნული პირები და იკვეთება თუ არა მათი კავშირი იმ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებასთან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აიტვირთა.

 

„ის მასალები, რომლებიც გამოჩნდა, პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები და კიდევ ანონსდება სხვების გამოჩენა, უკავშირდება თუ არა ამ ჯგუფს? მაინტერესებს, დააკავეს თუ არა ეს ადამიანები მანამ, სანამ ეს ფირი გამოქვეყნდებოდა? თუ ეს ადამიანები უფრო ადრე დააკავეს, მაშინ ვინ გამოაქვეყნა ეს ფირები და ვინ ატვირთა ინტერნეტსივრცეში? ბუნებრივია, შეკითხვები არსებობს და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ამ კითხვებს პასუხს გასცემს", - განაცხადა ელისო კილაძემ.


აქვე ელისო კილაძე ზურაბ ჯამალაშვილის ბრალეულობას ამ საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გაზეთ „ქრონიკა +"-ის რედაქტორის განცხადებით, ჯამალაშვილი საქმეში ხელოვნურადაა შეყვანილი.


გარდა ამისა, მისი განმარტებით, ღურწკაიას გარდა, ფარული ჩანაწერები მას 1 მარტს სუს-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც შესთავაზა და ამ შემთხვევაში უკვე საუბარი იყო არა დეპუტატზე, არამედ ჟურნალისტების თვალთვალის მასალებზე, თუმცა, კილაძის განცხადებით, ამ ფაქტით გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.   






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner