საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადასინჯა და მის ნაცვლად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე, ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.
სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა 2016 წლის 25 ივლისს, მსჯავრდებულ ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ანდრო ჩხიკვიშვილი 2011 წელს გასამართლებულ იქნა და იხდიდა სასჯელს წინა ხელისუფლების უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
კერძოდ, ანდრო ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიმართაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნდა დავალიანება. 2006 წლის სექტემბერში ანდრო ჩხიკვიშვილი დაიბარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მოსთხოვეს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება, რათა მათ აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ანდრო ჩხიკვიშვილი 2006 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს თაღლითობის ცრუ ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის ნუგზარ ბელქანიას მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 04 ივლისის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლით. გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე ანდრო ჩხიკვიშვილმა 5 წელი გაატარა საპატიმრო დაწესებულებაში.
ანდრო ჩხიკვიშვილის საქმე პირველი პრეცენდენტია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის და დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენის.
აღსანიშნავია, რომ განაჩენის გადასინჯვის ანალოგიური შუამდგომლობით პროკურატურის ახალ დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის კიდევ 4 მოქალაქის საქმეზე აქვს მიმართული. პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება.