მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი" გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის პროგრამა გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას და მედიას თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქეთი დოლიძესთან ერთად წარუდგინა.
ერთი თვის განმავლობაში, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები.
„თბილისის მერია ტრადიციულად მხარს უჭერს ხელოვნების ფესტივალს, ვინაიდან ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი თავისი შინაარსით. ერთის მხრივ, ყოველწლიურად განახლებული პროგრამით და მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი, ვიზიტორი გვსტუმრობს ამ პერიოდში, შესაბამისად, ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა „საჩუქარი" და სწორედ ამიტომაც, წელს მე-15 ფესტივალს, რომელიც საიუბილეოა, ჩვენ კვლავ დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ, თავის მხრივ, თბილისის მერს მადლობა გადაუხადა ფესტივალის ტრადიციული მხარდაჭერისათვის.
ფესტივალს დაემატა ახალი პროგრამა „ფოკუსშია იტალია". მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს.
ფესტივალი „საჩუქარი" 15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. „საჩუქარი" წელს მეთხუთმეტე იუბილეს ზეიმობს. ფესტივალს თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გახსნის, რის შემდეგაც 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარმოდგენით „წვიმა" წარსდგება. სპექტაკლის დასრულებისთანავე, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება - „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის".