ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ქვიშხეთში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტის განხორციელება პრიორიტეტულად მიიჩნია.
საბავშვო ბაღის შენობა უკვე აგებული და გადახურულია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მისი კეთილმოწყობა: დამონტაჟდება კარ-ფანჯარა, დაიგება პარკეტი, კერამოგრანიტის იატაკი, მეტლახის ფილები. მოხდება შენობის შიდა მოპირკეთება, მოეწყობა კიბეები და პანდუსი, მოეწყობა შიდა კანალიზაცია, წყალმომარაგება, გათბობა-ვენტილაცია. დაგეგმილია საბავშვო ბაღის შემოღობვაც. სამუშაოები, რომელთა ღირებულება 194440 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.