logo_geo
eng_logo
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ბობ დილანი გახდა
- +

13 ოქტომბერი. 2016. 15:58


 


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი გახდა. ნობელის კომიტეტმა საპატიო ჯილდო მუსიკოსს „ამერიკული სიმღერის დიდი ტრადიციების გაგრძელებისთვის" გადასცა.


ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და კინომსახიობი ბობ დილანი (ნამდვილი სახელი რობერტ ალენ ციმერმანი) 1941 წლის 24 მაისს მინესოტას შტატში დაიბადა. ის ბოლო 50 წლის განმავლობაში როკ-მუსიკაში გავლენიან ფიგურად რჩება. ჟურნალ „Rolling Stone"-ის გამოკითხვით, ბობ დილანი, „ბითლზის" შემდეგ, მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე შემსრულებელია.


ბობ დილანი „გრემის" ცხრა ჯილდოს მფლობელია.


ნობელის კომიტეტი ჯილდოს სახით მუსიკოსს ოქროს მედალსა და 934 ათას დოლარს გადასცემს.


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ძირითად პრეტენდენტებად სახელდებოდნენ იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი, კენიელი მწერალი და დრამატურგი ნგუგი ვა ტჰიონგო, ამერიკელი ჯოის ქეროლ ოუთსი, ფილიპ როტი და სირიელი პოეტი ადონისი.


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გადაიცემა. გასულ წელს პრემიის ლაურეატად ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დასახელდა, 2014 წელს კი ჯილდო ფრანგმა მწერალმა პატრიკ მოდიანომ მიიღო.


ნობელის კომიტეტის წესდებაში აღნიშნულია, რომ „ლიტერატურას წარმოადგენს არა მხოლოდ ბელეტრისტიკა, არამედ ასევე სხვა ნაწარმოებები, რომლებიც ფორმით ან სტილით ლიტერატურულ ღირებულებას წარმოადგენენ".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner