შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმიანება. თარგამაძის განცხადებით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი სპექტაკლი, რომლითაც ქვეყანაში სიტუაციის არევას შეეცადნენ.
„როდის იყო, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ხელისუფლება ტერაქტებს აწყობდა?! ან რას წარმოადგენს გივი თარგამაძე, რომ ვინმემ ტერაქტი მოუწყოს?! „ნაციონალებს" არაერთხელ დაუდგამთ ამგვარი სპექტაკლები და ამჯერადაც შეეცადნენ ქვეყანაში სიტუაციის არევას, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი გამოუვათ!
თარგამაძე საერთოდ არ იჯდა იმ მანქანაში, ყველაფერი თამაშია! ხალხო, რით ვერ გაიგეთ, რომ ესენი ყველაფერზე წავლენ, რადგან პროვოკატორები და არაკაცები არიან?! სხვათაშორის, მარტო ისინი კი არ არიან გარეწრები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაშია", არამედ ისინიც, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს!
კიდევ ერთხელ ვამბობ, თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ვითომ ტერაქტი სრული აბსურდი და ზღაპარია! ამ ყველაფერში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული! ჯერ ერთი, მას მაღალი კლასის მანქანა ჰყავს, იმ დღეს კი რატომღაც იაფფასიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ეტყობა, დაენანათ ძვირადღირებული ავტომანქანის აფეთქება", - აცხადებს კახა თარგამაძე.
აქვე, თარგამაძე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა დეპუტატ გივი თარგამაძის აფეთქება რუსეთს დაეგეგმა.
„ვინ მიგდია გივია თარგამაძე, რომ რუსეთს მისთვის ტერაქტი მოეწყო?! საერთოდ, ვის დაჰკარგვია, ვის რა ჯანდაბად უნდა ეს გარეწარი?! ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ თავს, სინამდვილეში მისი ფასი კაპიკია და მაგისთვის იმ ერთი კაპიკსაც კი არავინ დახარჯავდა. ან საქართველოს ხელისუფლებას რაში აწყობდა თარგამაძის ტერაქტის გზით მოშორება?! ანეკდოტია პირდაპირ! ის, რასაც „რუსთავი 2" აცხადებს, არის ბლეფი. ნუ დაუჯერებთ „ნაციონალების" ჯიბის ტელევიზიას, ყველაფერი ხომ დიდი ხნის წინათ გაიშიფრა!" - აცხადებს კახა თარგამაძე.