logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რატომ გამოიწვია 27 %-მა გაოცება, მაკვირვებს...
- +

13 ოქტომბერი. 2016. 19:22


 

 

 

ექსპერტი მამუკა არეშიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს აფასებს. რამ განაპირობა, რომ მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, როგორ დასრულდება მეორე ტურები და როგორი იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტი, - ამის შესახებ არეშიძე „რეპორტიორს" ესაუბრა.

 

- როგორ შეაფასებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს?


- რასაკვირველია, ხარვეზები და დარღვევები იყო. ბუნებრივია, ისე როგორ შეიძლება, საქართველოში არჩევნებმა ჩაიაროს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, არჩევნები შედგა. ამას მოწმობს საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციაც.

 

- 2012 წელთან შედარებით მაღალი აქტივობა არ დაფიქსირდა. რამ განაპირობა?


- ავიღოთ რეალურად ის რაიონი, სადაც მე მომიწია კენჭისყრა. თეთრიწყაროს რაიონში მოსახლეობის 20-25 % აღარ არსებობს ბუნებაში, როგორც ქვეყნის მოქალაქე. ისინი არიან გასულები საზღვარგარეთ სამუდამოდ საცხოვრებლად. მოსახლეობის დიდი ნაწილი 90-იან წლებში წავიდა საბერძნეთში, რუსეთში... აქედან. ოფიციალური დადასტურება, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კანონის მიხედვით, იძულებულები ვართ, ისინი მაინც დარჩნენ საარჩევნო სიაში. ასეთი ძალიან ბევრია მთელი საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც იძულებულები ვართ, გვყავდნენ სიაში. როდესაც მოწმდებოდა სიები, ამ გარემოებებს განსაკუთრებით უნდა მიქცეოდა ყურადღება. ხალხი 30 წელია საქართველოში არ ცხოვრობს და მაინც არიან სიებში. რადგან დაფიქსირდა სავარაუდო ამომრჩევლის ძალიან მაღალი რიცხვი, აქედან გამომდინარე, გამოვიდა, რომ იყო დაბალი აქტივობა. მე თუ მკითხავთ, 65-70% იყო აქტივობა იმ ხალხის, ვინც საქართველოში ცხოვრობს.

 

- რამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის" 27%?

 

- „ნაციონალური მოძრაობის" შედეგს 25 %-ს ვვარაუდობდი. ასევე ბევრჯერ დაიწერა პრესაში, რომ მათ 20-დან 25 %-მდე შეიძლებოდა ჰქონოდათ. რატომ გამოიწვია 27 %-მა გაოცება, მაკვირვებს. ეს შედეგი გამოიწვია იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ" არ დააყენა „ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ეს შეცდომა კარგად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც მოახერხა დამნაშავე პარტიის რეანიმირება.


გახსოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა თავისი გაკეთებული საქმეების საზოგადოებაში პრეზენტირებაზე. ესეც გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და საქმეში ჩაუხედავი ელექტორატი დაარწმუნა იმაში, რომ „ქართული ოცნება" არის უნიათო ძალა. განსაკუთრებულად ეფექტურად იმუშავა ამაში „რუსთავი 2"-მა.


- რამდენად შეძლებენ თანამშრომლობას პარლამენტში შესული პარტიები?


- „ქართულ ოცნებას" და „პატრიოტთა ალიანსს" შორის თემატური თანამშრომლობა იქნება. შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორისაც იყოს კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, „პატრიოტთა ალიანსსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არანაირ თემატურ საკითხზე არ იქნება თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი ან ორი პარტია ყოფილიყო პარლამენტში, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ასე.

 

- მეორე ტურები დაინიშნა 50 ოლქში. იყო თუ არა მოსალოდნელი ამდენი ტურის დანიშვნა და თქვენი აზრით, ვინ იქნება გამარჯვებული?


- ახალმა კანონმა, რომელიც გულისხმობს 50%-იან ბარიერს, განაპირობა ძირითადად მეორე ტურები. ადრინდელთან განსხვავებით ბევრად უფრო დემოკრატიულია ეს პრინციპი. მეორე ტურები 99% თუ არა, 95% დასრულდება „ქართული ოცნების" გამარჯვებით. „ნაციონალურ მოძრაობას" მკაცრად განსაზღვრული ელექტორატი ჰყავს, რომელსაც არავინ შეუერთდებათ. რაც შეეხება მომსვლელთა რაოდენობას არ მგონია, მაღალი იყოს, რადგან სხვა პარტიების მხარდამჭერთა უმრავლესობა მეორე ტურებს ჩათვლის „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის შიდა პრობლემად და არჩევნებზე არ მივა, თუ რაღაც განსაკუთრებულმა ფაქტორებმა არ მიიყვანა. რაც შეეხება, იქნება თუ არა ძალადობა, სამწუხაროდ, იქნება, რადგან ეს არის ქართული პოლიტიკის, არჩევნების სახე.


- რამდენად დგას ქვეყანა ერთპარტიული მმართველობის საფრთხის წინაშე?


- ყველანაირი შანსი არსებობს, რომ ერთპარტიული მმართველობის სახე მიიღოს და დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი იყოს. ევროპული გამოცდილებაც ამას მეტყველებს და პოსტსაბჭოურიც. თუმცა არის ერთი მაგრამ... თუ მმართველმა პარტიამ ეს მდგომარეობა გამოიყენა ქვეყნის განვითარებისთვის, თანმიმდევრული პროცესისთვის ტაქტიკურად გამოიყენა, ამ შემთხვევაში პრეტენზიები შეიძლება არ გაჩნდეს. ყოველთვის მსჯელობენ შედეგის მიხედვით. დღევანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს ერთპარტიული მმართველობის და პრაქტიკულად უკონტროლოდ დარჩეს მმართველი პარტიის მოქმედებები, მაგრამ თუ ისინი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური განვითარების ფონს შექმნიან, მაშინ მივიღებთ კარგ შედეგს. სახიფათო თემაა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ მმართველი პარტია შეძლებს, თავის თავში მოძებნოს ის რესურსი, რომ შედეგი იყოს ქვეყნისათვის დადებითი.


- „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა დატოვეს პარტია. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?


- „თავისუფალმა დემოკრატებმა" ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინეს. ახლანდელმა თუ ძველმა ლიდერებმა საზოგადოებას პასუხები უნდა გასცენ. შეურაცხმყოფელი ქმედებაც კი იყო მათი ამომრჩევლებისთვის ის, რაც მოხდა შედეგების გამოცხადების შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს. ოთხნახევარ პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი და მეორე დღეს, ისე, რომ მიზეზი არ აუხსნიათ, ლიდერთა დიდმა ჯგუფმა დატოვა პარტია. ამის გაკეთება არ შეიძლება. პოლიტიკოსები თვითონ იძახიან, ამომრჩეველს პატივი უნდა ვცეთო. ის მიზეზები, რაც ბრიფინგზე გაჟღერდა ირაკლი ალასანიას მხრიდან, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის სრულიად მიუღებელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner