ჟენევის აეროპორტში ავიაკომპანია "აეროფლოტის" თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
თვითმფრინავს ჟენევიდან მოსკოვში უნდა შეესრულებინა რეისი. როგორც "აეროფლოტის" წარმომადგენელი აცხადებს, რეის SU2381ის გაფრენამდე ჟენევის პოლიციამ ავიალაინერის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო.
სამართალდამცველებმა თვითმფრინავში ჩხრეკა ჩაატარეს, ასევე განმეორებით შემოწმდა მგზავრთა ბარგი, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც პოლიციაში დარეკა, უკვე დაკავებულია.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებს მოსკოვში მომდევნო რეისით გაგზავნიან.