„აუდიტორია 115"-ის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სთხოვენ, ჩაერთოს უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებში. „აუდიტორია 115"-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პროვოკაციების რისკები არსებობს.
ლორთქიფანიძე გამოდის ინიციატივით, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდეს.
„ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ ვიღაცები გეგმავენ #115 აუდიტორიისკენ დაძვრას. აქ მყოფებს არავის არ ეშინიათ, ყველა მტკიცედ დგას. პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ, მისი გუშინდელი განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებს სტუდენტების უსაფრთხოების დასაცავად, ეს იყოს უზრუნველყოფილი. მოვუწოდებთ უნივერსიტეტში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და მინისტრ მღებრიშვილს, რომ ძალიან მკაცრად გააკონტროლონ უნივერსიტეტის შემოსასვლელები.
ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ შემოჭრას აპირებენ. მინდა, მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში ახლა ავტორიტეტი აღარავინ აღარ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობაში მხილებულ ადამიანებთან კომუნიკაციას. იმისთვის, რომ სიტუაცია დალაგდეს უნივერსიტეტში, აუცილებელია, სერიოზულმა ავტორიტეტის მქონე ადამიანმა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა გვითხრას ის, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.