ნინო ბურჯანაძეს ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არ უსაუბრია და მისი ინტერვიუს არასწორი პერიფრაზირება მოხდა, - განმარტავს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
მისი თქმით, ალოგიკურია, თითქოს ნინო ბურჯანაძემ თავის ამომრჩეველს „ნაცმოძრაობის" მხარდაჭრისკენ მოუწოდა.
„არ მგონია, ამ ქვეყანაში ვინმე ისეთი არაადეკვატური იყოს, რომ შეიძლება იფიქროს, თითქოს, ნინო ბურჯანაძე თავის ამომრჩეველს მიმართავს, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. როგორ შეიძლება, ნინო ბურჯანაძემ თავის ამომრჩეველს უთხრას, ხმა მოძალადე, ქილერების პარტიას მისცენ?! ეს სრული აბსურდია და ვინც ამის ტირაჟირებას ახდენს ან ძალიან არაადეკვატურია, ან ამას შეგენებულად აკეთებს", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, შეუძლებელია, „დემოკრატიული მოძრაობის" ამომრჩეველი წავიდეს და მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს.
„ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ქვეყნისთვის საშიშია, როცა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია არჩევნების გაყალბების გზით საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას ახერხებს და ცდილობს, კონსტიტუცია თავის თარგზე მოჭრას-გადაჭრას ისე, როგორც წინა და იმის წინა ხელისუფლების პერიოდში, ყველაზე ცუდ ტრადიციებში არსებობდა. ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ ჩვენ ჩვენი ხმების დასაცავად ვიბრძვით. ვითხოვთ უბნების გახსნას და შედეგების გადათვლას, რის შედეგადაც „დემოკრატიული მოძრაობა" პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით შევა და „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ექნება, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.