„სიტუაცია ძალიან რთულია, რადგან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ოდიოზური ფრთა შევიდა", - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა ლალი მოროშკინამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროს, „ქართული ოცნება" პარლამენტში საკმაოდ სუსტადაა წარმოდგენილი.
„მართალია, სიტუაციამ გვიჩვენა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის გარეშე უთავო მხედრები არიან და პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაქსიმალურად დაიხარჯებიან, რათა თავი ბოლომდე წარმოაჩინონ. ამ დროს, „ქართული ოცნება" პარლამენტში საკმაოდ სუსტადაა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც დეპუტატის მანდატს ღისეულად იმსახურებს, არ მგონია, მათ ამ ბულტერიერებივით გაწვრთნილ გუნდთან ღირსეულად დაპირისპირება შეძლონ. იმედს იძლევა ირმა ინაშვილის გუნდი და პირადად ირმა, რომელიც ყველა მხრიდან დარტყმის სუბიექტი გახდა", - განაცხადა მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო ქვეყანაა და საბოლოო ჯამში, არჩევნების ბედი სხვაგან წყდება. თუმცა, როცა ხალხის მობილიზაცია ხდება, ხალხის რაოდენობა ბევრ რამეს წყვეტს.
„ჩვენ ვხედავთ, თვალსა და ხელსშუა პარტიები როგორ ჩამოიშალა და ვერ დავიჯერებ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ყველა პოლიტიკური პარტია პოლიტიკური ველიდან ასე ერთი ხელის მოსმით გაისტუმრა. არჩევნებზე ამომრჩეველთა 50% არ მივიდა. ყველა რომ მისულიყო, მანიპულირების საშუალება ნაკლებად იქნებოდა. მოწოდებების მიუხედავად, ჩვენ ამომრჩევლის გამოყვანა ვერ შევძელით და შემდეგ არჩევნებზე ამაზე უარესი მოხდება. შესაძლოა, ჩვენი შვილებისთვის ეს სიტუაცია უკეთესიც იყოს, რადგან პოლიტიკაში ყოფნა პრესტიჟული აღარ იქნება, მივიღებთ ძალიან მდორე პარლამენტს და ნაკლებ პოლიტიკურ თოქ-შოუს", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.