სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობამდე და მკვლელობის შემდგომ მომხდარ რამდენიმე ფაქტზე საუბრობს და კონკრეტულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას:
„მე გიორგი სანაიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დავინიშნე ექსპერტიზის
ბიუროსდირექტორად. ერთ დღესაც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა,
მიხეილ სააკაშვილმაგამოაცხადა, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ პრესასთან და
საერთოდ, მედიასთან, ამიტომ უნდამოვაწყოთ პიკნიკიო. გასაგებია, მინისტრმა თქვა,
უარს ხომ არ იტყვი? ჩავიცვითსპორტული ტანსაცმელი და წავედით.
შაბათი დღე იყო, ზოგს საერთოდ არ ეპიკნიკებოდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო.
ავედით ნატახტარში, ერთ ადგილას შემოღობილი ტერიტორიაა და იქ შევედით. ძალიან ბევრნი ვართ, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. პირველად იქ ვნახე პირადად გიორგი სანაია. სახეზე დამწვარი იყო, ზღვიდან ჩამოვიდა. მოდის ჩემკენ, მოჰყვება ვიღაც ჟურნალისტი გოგონა, რომელიც უცებ მეკითხება: ქალბატონო მაია, აბა, გიორგის შეხედეთ, ეს დამწვრობაა თუ გვამური ლაქებიო? გავოგნდი, კარგით, რა, ეს რა შავი იუმორია-მეთქი? ამის მერე დავსხედით მაგიდასთან, მწვადები შეწვეს, დაიწყო ქეიფი. მე ფოტოაპარატი სულ თან დამაქვს, მიყვარს სურათების გადაღება და ბუნებრივია, იქაც ვიღებ. როგორც კი სანაიასკენ მივატრიალე ფოტოაპარატი, სააკაშვილი მეკითხება: მაია, რამდენი თავის ქალა ჩანს ახლა შენს ფოტოობიექტივში? ვააა... ხალხო, დღეს რა გჭირთ, რა უბედურებაა-მეთქი? ჯერ გვამური ლაქები, ახლა თავის ქალები, ძალიან სერიოზულად გამიფუჭდა განწყობა. გადის სულ რამდენიმე დღე და კლავენ გიორგი სანაიას.
მახსოვს, იმ ღამეს პირველად მარიკა ვერულაშვილთან დავრეკე, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო. ამის შემდეგ მირეკავს სააკაშვილი და მეუბნება, სასწრაფოდ წადი შემთხვევის ადგილზეო. გზაში ისევ მირეკავს, თანაც არაერთხელ, მაჩქარებს. ყველაზე საინტერესო რა იყო, იცი? შევდივარ კორპუსის ეზოში, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხია, სანამ სადარბაზომდე მივალ, დგას ხალხი: უი, მაია ნიკოლეიშვილი მოვიდა... ქალბატონო მაია, ამათ უნდათ, რომ გაასაღონ თვითმკვლელობად, არ ყოფილა ეს თვითმკვლელობა... აბა, თქვენ იცით, არ შეარჩინოთ!
მე აქ გამოვიტანე დასკვნა, რომ დამუშავებული იყო თვითმკვლელობის ვერსია, ვიღაც განგებ ავრცელებდა ასეთ ინფორმაციას. ვაგრძელებ გზას და ახლა მხვდება მეორე ჯგუფი, საიდანაც ისმის: ჟვანია მკვლელი! ეს იყო უკვე მეორე ვერსია. დარწმუნებული ვარ, ისევ გარედან მუშაობდა ვიღაცა. ჩვეულებრივი ადამიანები უცებ ამ ვერსიას ვერ მოიფიქრებდნენ. თან იქვე ლაპარაკობდნენ, თითქოს ჟვანიას დაცვის წევრებთან გიორგი სანაიას რაღაც უკმაყოფილება მოუვიდა. შევდივარ ოთახში, სადაც უკვე უამრავი ხალხია, იატაკის დათვალიერებასაც აღარ ჰქონდა აზრი.
მიშა საერთოდ არ მოსულა იქ. შემთხვევის ადგილი სუფთად არ შეინახა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა შევიდა, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო, ჯერ უნდა ემუშავათ კრიმინალისტებს. მე არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ვფიქრობ, პოლიციაც დაიბნა, თარგამაძის ხალხისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. დავათვალიერე გვამური ლაქები, იარაღის ნაჭდევი თავის არეში და შემდეგ გადავასვენეთ პროზექტურაში, სადაც გამოკვლევა უნდა ჩატარებულიყო. აქ უცებ ამუშავდა მესამე ისეთი ვერსია, რაც შემდგომში ორი მაღალჩინოსნის მკვლელობისას გავრცელდა. გაიხსენე, რა მოხდა საჯაიას და ჟვანიას მკვლელობების დღეებში, მაშინაც ლაპარაკობდნენ რაღაც სექსუალურ ურთიერთობებზე. აქ ერთი და იგივე ხელწერაა, სამივე შემთხვევაში ჭორი გავრცელდა სამართალდამცავი ორგანოებიდან. სხვათა შორის, როცა სანაია მოკლეს, ერთ-ერთი პარლამენტარი ქალბატონი ამბობდა, მე არ შემიშვეს ოთახში, პოლიციელებმა მითხრეს, ის უხერხულ პოზაშიაო. ეს იყო მტკნარი სიცრუე, ამ ადამიანმა შეგნებულად დაიწყო ჭორების გავრცელება.
არსებობს ასეთი ცნება - გვამური მოვლენები და გაშეშება არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იწყება სიკვდილის დადგომიდან და იხსნება რამოდენიმე საათის განმავლობაში. გიორგი იყო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გვამური გაშეშება განვითარდა ძალიან ძლიერად და როცა ასწიეს, ფიცარივით გადაადგილეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი პოზა არ შეცვლილა სიკვდილის შემდეგ. მერე რა, რომ ის ქალბატონი ჩემამდე მივიდა? პოზას ვერავინ ვერ შეცვლიდა. გიორგის მარცხენა ხელზე ჰქონდა დამწვრობა, თან ეს იყო ძალიან ახალი. სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაამოწმეს სიგარეტის დადებით, ცოცხალი ხომ არ იყო? სიგარეტის ნაკვალევი ხშირად მხვდებოდა სხვა საქმეებშიც, მით უმეტეს, ძალიან ბევრი ვნახე სულხან მოლაშვილის ზურგზე.
მე მახსოვს, მაშინ ძალოვნებში ძალიან დიდი დაბნეულობა იყო, თან ეშინოდათ, რომ ეს ყველაფერი სხვა რამეში არ გადაზრდილიყო. სიტუაციის გადაზრდა არეულობაში ვის აწყობდა? ეს აწყობდა მხოლოდ ახალგაზრდა რეფორმატორთა ფრთას. კახა თარგამაძეს არ აწყობდა, მის გუნდში პანიკა იყო. მოდით, აქ კიდევ გამოვყოთ ერთი საინტერესო დეტალი, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ავრცელებდა სამ ვერსიას - თვითმკვლელობა, სექსუალურ ნიადაგზე მკვლელობა და ზურაბ ჟვანიას პერსონის წამოწევა. ახლა დავფიქრდეთ, ჟვანიას სახელთან დაკავშირება ვის აწყობდა? ეს ჩემი ეჭვია იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ვიღაცა მონდომებით ცდილობდა, რომ ჟვანიას სახელი გაესვარა. ვინ იხეირებდა, თუკი სიტუაცია ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ავიდოდა? ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური მკვლელობა. რომ აგორებულიყო საპროტესტო ტალღა, ვინ იხეირებდა? სააკაშვილის ბანდა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ორი წლის შემდეგ, მაგრამ მოვიდა ისევ საპროტესტო ტალღით.
გადის ოთხი დღე, სააკაშვილი მავალებს, რომ ჩავატარო პრესკონფერენცია, ისე არ ვატარებ, როგორი ბრძანებაც გასცა და ამით დამთავრდა. მიშამ ყოველთვის იცოდა პრესკონფერენციის შეფასება, დარეკავდა და იტყოდა: ოოო... ძალიან კარგი იყოო. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, როცა საერთოდ დადუმდა. მე ღიად უნდა დამეტოვებინა სანაიას სექსუალური ორიენტაციის საკითხი და არ დავტოვე.
გადის რამოდენიმე დღე, მე კრიმინალისტთან ერთად მაგზავნიან ამერიკაში, მიგვაქვს მასალები, "ეფბიაის" ოფისში დაგვხვდნენ, გადავეცით, ავუხსენით და წამოვედით. ამის შემდეგ მილიონი ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამერიკიდან რომ დავბრუნდი, ისევ უკან გამაბრუნეს, ოღონდ უკვე სტაჟირებაზე და ძალიან მალე გადადგა მინისტრობიდან სააკაშვილი. ამას მოჰყვა მისი სწრაფი სვლა" - აცხადებს ნიკოლეიშვილი.