logo_geo
eng_logo
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ
- +

17 თებერვალი. 2016. 17:00


საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ახლო მომავალში  სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრაზე აღინიშნა.


მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  თურქულმა მხარემ გამოხატა საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ინტერესი. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის, ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისა და  სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე  და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.


მანამდე, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.


პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.


ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, 19 თებერვალს,  მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner