logo_geo
eng_logo
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება
- +

14 ოქტომბერი. 2016. 11:05



სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.



ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე ფინანსთა, თავდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, კულტურის მინისტრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა პირები. ტაძარში იმყოფებიან ჩოხოსნები, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებიდან ჩამოსული ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილსაც ელოდებიან.



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.


მე-4 საუკუნეში წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.



წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner