სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა რუსული გამოცემა „Комсомольская правда" -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი ვითარება მსოფლიოში ჰგავს „ცივ ომს" მის საწყის სტადიაზე.
სირიის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს, განსაკუთრებით კი აშშ-ს, „ცივი ომი" საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეუჩერებია.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ომის საშიშროება არსებობს, თუმცა ეს პირდაპირი სამხედრო შეტაკება ჯერჯერობით არ არის".
„ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციას, თუმცა მთავარი მიზანია მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნება, არ მისცენ საშუალება ვინმეს, იყოს პარტნიორი პოლიტიკურ ან საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს რუსეთი ან თუნდაც დასავლელი მოკავშირეები. ამიტომ ომის სუნი, რომელსაც თქვენ მესამე მსოფლიო ომს უწოდებთ, ჰაერში იგრძნობა, თუმცა ეს ჯერ პირდაპირი საომარი შეჯახება არ არის", - განაცხადა ბაშარ ალ ასადმა.
სირიის პრეზიდენტის თქმით, დამასკოს მოკავშირეები რუსეთი, ირანი და ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლა" არიან, სხვა ქვეყნები კი, სირიის კონფლიქტში ტერორისტებს უჭერენ მხარს.