საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას - „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე-11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა" და „შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს". ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა ეკურთხებინათ.