საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მარნეულში კენჭისყრის ღამეს სერიოზული დაპირისპირების თავიდან აცილება სპეცრაზმელების სამაგალითო მუშაობის შედეგად მოხდა და დასძინა, რომ პროკურატურას მძიმე პოზიცია ექნება ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„როცა ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგადაც, ჩვენ მარნეულში, კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, პროვოკაციულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ახლა საქმე არის სასამართლოს ხელში, ყველანაირი განცხადება უკვე ზედმეტია. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.