ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.
ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირებისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა და დაკავებულების მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა.
დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლო სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებოდნენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების ახლობლები არიან შეკრებილები.
ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე პირები, შსს-მ გუშინ დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.