„ქართული ოცნების" სამგორის 12-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის მარიამ ჯაშის განცხადებით, მმართველი პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა რაიმე სახის პოლიტიკური პროვოცირება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერებმა არაერთხელ მოუწოდეს საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ.
„ქართული ოცნება" არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა და მისთვის ყველაზე ნაკლებად იყო აუცილებელი, რაიმე სახის პოლიტიკური პროვოცირება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, რადგან როგორც ყველა წინასაარჩევნო კვლევით, ასევე შედეგებით სახეზე გვაქვს „ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვება. არაერთხელ გააკეთეს, როგორც პარტიის ლიდერმა, ასევე მმართველმა გუნდმა განცხადებები, რომლითაც მოვუწოდებდით ჩვენს მხარდამჭერებს მშვიდი, ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ცალსახად აღიარებს, რომ უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა არჩევნები. სამწუხაროა, რომ მოხდა გარკვეული ინციდენტები, მათ შორის მარნეულში, თუმცა მთლიან სურათზე, არჩევნების საერთო გამჭვირვალობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, მეორე ტურისთვის კიდევ უფრო მეტი მობილიზება იქნება, რათა არჩევნები თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
„ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსგავსი დესტრუქციული ქმედებები კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ რეალურად ძალიან სუსტი პოზიციები აქვთ", - განაცხადა ჯაშმა "პალიტრანიუსის" ეთერში.