სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას თქმით, ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ამომრჩეველს მოუწოდებენ, მხარი „ქართულ ოცნებას" არ დაუჭირონ, იმას არ უფრთხიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას დიქტატურის დამყარების საშუალებას მისცემს, რადგან ყოველი მათგანი ამ პოლიტიკური ძალის მდგენელს კარგად იცნობს.
„ქართულმა ოცნებამ" მოსვლისთანავე რეალური დემოკრატია შექმნა და მათ კარგად იციან, რომ დიქტატურის დამყარებას არავინ აპირებს. ოპოზიციურ პარტიებს სინამდვილეში იმის ეშინიათ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით ძალიან ეფექტური იქნება", - განაცხადა ბიგვავამ.
მისი თქმით, ამ პარტიების სტრატეგია არასწორია. ეს მათი მხრიდან არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ მორალური გადაცდომაა.
„ამ პარტიების სტრატეგია არასწორია. თუ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინ ადამიანების მწამებელი, მჩაგვრელი და დემოკრატიის დამღუპველი იყო, დღეს როგორ აცხადებ, რომ ხმა ოღონდ „ქართულ ოცნებას" არ მისცეთ და თუ გინდათ „ნაციონალურ მოძრაობას" მიეცით?! ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს პოლიტიკაა, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. ეს არ არის პოლიტიკური შეცდომა, ეს მორალური გადაცდომაა", - განაცხადა სოციოლოგმა.
როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია, იმ ხალხმა, ვინც ხმა სხვა პარტიებს მისცა, დღეს მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭიროს.
„ეს არ მოხდება. სხვადასხვა მიზეზის გამო, „ქართულმა ოცნებამ" ბევრი ხმა დაკარგა, მაგრამ ეს ხმები „ნაციონალურ მოძრაობას" არ მომატებია. ამომრჩეველი დღეს უფრო კვალიფიციური გახდა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ვინ რისი გამკეთებელია. იფიქრეს და მიხვდნენ, რომ საქმის გამკეთებელი ისაა, ვინც მშვიდობა, სტაბილურობა დაამყარა და, ვინც შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა", - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.