„ამ არჩევნებში ძალიან ბევრი უცნაურობა გამოიკვეთა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობდნენ, მეტს აღარ გაწამებთ და ხმა მოგვეცითო", - აღნიშნული განცხადება იურისტმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში გააკეთა.
„ეს იყო ნონსენსი, როცა მოძალადე ამბობს, რომ ოღონდ ძალაუფლება მივცეთ და მეტს აღარ იძალადებს. ახლა ოპოზიციური პარტიები მეუბნებიან, რომ ოღონდ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს და ხმა იმ ძალას უნდა მივცეთ, რომელიც ხელისუფლებიდან ძლივს გავისტუმრეთ. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ასე საშიშია, მაშინ კანონმდებლობაში საერთოდ რატომ გვაქვს?! თუ ასეა, გავწეროთ მაშინ კანონმდებლობაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არასოდეს, არავის არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ხორგუანმა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მოწოდება არასერიოზულია და ამ პარტიებს, მცირერიცხოვანი მხარდაჭერა სწორედ ასეთი განცხადებების გამო აქვთ.
„როცა მეორე ტურია, რომელშიც ორი პარტიაა წარმოდგენილი და შენ მეუბნები, რომ ხმა „ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცე, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს, თან კი იმას მეუბნები, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" არ მივცე, მეთამაშები, „მაშაყირებ", თუ რაშია საქმე?! გამაგებინონ მაშინ, ხმა ვის უნდა მივცეთ, ეს როგორ აქვთ წარმოდგენილი?! თუ არჩევნებზე არ უნდა წავიდეთ?! ეს განცხადება ძალიან არასერიოზულია და ლოგიკურია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს არ სცემენ და ასეთ განცხადებებს აკეთებენ, პარლამენტს მიღმა დარჩნენ. ამ პარტიებს, სწორედ იმიტომ აქვთ ის მცირერიცხოვანი მხარდაჭერა, რაც აქვთ", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.