„ეს ხელისუფლება არ არის დაკავებული ფარული მიყურადებით", - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას, სადაც პეტრიაშვილი აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს ეკა მიშველაძეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ.
„მე ვამბობ, კატეგორიულ „არა"-ს. ეს ხელისუფლება არ არის დაკავებული ფარული მიყურადებით და მე ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, ის და მისი თანაპარტიელები ისეთ ინსინუაციებსაც აკეთებდნენ, თითქოს, მას პოლიტიკური ნიშნით ესროლეს და დაკავებულმა პირმა პირიქით განაცხადა, რომ ეს ყოფითი კონფლიქტი იყო. რა ხარისხის ყოფითი კონფლიქტია ეს ან რის გამო მოხდა ეს კონფლიქტი, ეს უკვე გამოძიების საქმეა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, მისი და ეკა მიშველაძის ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო და მათი ურთიერთობის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს.