logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმები
- +

15 ოქტომბერი. 2016. 10:49




რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და  წერს:


„რა ჩემი საქმეა, მაგრამ მერე გაუგებრობა რომ არ იყოს. სახელიც მომაფიქრდა დღევანდელი ბრძოლისთვის - „ბოროტების ბოროტებით დამთრგუნველნი". საკონსტიტუციო უმრავლესობა სასჯელია, პირველ რიგში იმისთვის, ვისაც აქვს; საკონსტიტუციო უმრავლესობა ცუდია, სახიფათოა, საშიშია და მძიმეა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის; ამასობაში, ის უკვე მოცემულობაა და რაც მალე შეეგუება ამას ყველა, ყველასთვის ასე ჯობია, იქნებ დისკუსია რეალურ გამოწვევებზე დავიწყოთ; საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლა სასარგებლო და საჭირო საქმეა, მაგრამ მგონი, დიდი გოგოები და ბიჭები ვართ უკვე იმისთვის, ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს ბრძოლა სხვა სიბრტყეშია მოსაგები და არა საარჩევნო ყუთებთან; სრულიად უპერსპექტივოა დღეს ამ ამოცანის დასახვა, და თეორიული შანსი რომც იყოს - სრულიად არაფრის მომცემი. იქნებ ვინმემ პუნქტებად მომიყვეს, რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის მეტ ნაცდეპუტატს პარლამენტში? პირიქითაც იგივეა ზუსტად. მარჯვნიდან - მარცნივ ჩამოირბენ დარბაზს თუ პირიქით, შემდგარ კატასტროფაში ვართ უკვე; მე მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივდივარ, ვინაიდან პასუხისმგებლობას ვერც ერთ კანდიდატზე ვერ ავიღებ, ორივე თანაბარი კატასტროფაა პარლამენტისთვის და პასუხისმგებლობა სწორედ იმათ უნდა ზიდონ, ვინც ისეთი 9 ოქტომბერი უზრუნველყო, როგორიც დადგა; „ნაცმოძრაობისთვის" ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმები, ვინაიდან... რა ვიცი, მგონი განმარტება არ სჭირდება; რაც დავთესეთ, იმას იმკის ქვეყანა და ახლა ეს პოსტსაარჩევნო მოთქმა-გოდება სრულიად უადგილო მგონია. ვფიქრობ, მეტი დისკუსია სხვა თემებზე უნდა იყოს - როგორ ვაკონტროლებთ, როგორ ვებრძვით საკონსტიტუციო უმრავლესობით გამოწვეულ ტრაგედიას ქვეყანაში და ყველა სხვა დისკუსია უბრალოდ დროის ფლანგვა და აქცენტების გადატანაა; ჰოდა, კიდევ, „ნაცმოძრაობა" კი არა, როგორმა შიშმაც არ უნდა ამიტანოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოლოდინში, დიმა ხუნდაძის ნაცვლად ცეზარ ჩოჩელს ხმა მიეცით-თქო, ვინმეს რომ ვუთხრა, მურმან დუმბაძის წყევლამ უნდა მიწიოს დამსახურებულად, ღირსი ვიქნები; მთავარია, სულ არ მოვიჭრათ თავი ახლა მარნეულის ტიპის ამბებით, მგონი, ეს ერთადერთი საფიქრალ-საზრუნავი უნდა იყოს დღევანდელი დღის ამოცანად ქვეყანაში". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner