ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„მამაჩემს და მერაბ კოსტავას საერთო ძმაკაცი ჰყავდათ და როგორც მაშინ ეძახდნენ, „ჩერეზ" ძმაკაცობა ძმაკაცობის ტოლფასი იყო; მამაჩემი იგონებს ხოლმე, რომ მერაბი კარგად მღეროდა, თავის დროზე მამაჩემიც კარგად მღეროდა და ქეიფი და სიმღერა ჩვენს სახლში რომ იწყებოდა, მერე სადარბაზოში სიმღერ-სიმღერ აცილებდნენ ხოლმე მერაბ კოსტავას. პირველად, თურმე, მერაბი თავის მეგობართან რომ მოსულა, სახლში არ დახვედრია და მამაჩემი მოუკითხავს, იმის შემდეგ, ხუმრობდნენ ხოლმე, მერაბი სპეციალურად არჩევდა დროს, თავის ძმაკაცი რომ არ იყო, რომანთან ამოსულიყოო.
მამაჩემი ეროვნულ მოძრაობაში არ ყოფილა, პარტიული ბილეთი 9 აპრილზე ცოტა ადრე დახია, მერაბთან კი საერთო საძმაკაცო და თბილისური მეგობრობა აკავშირებდა.
პატარაობიდან ვისმენდი მერაბ კოსტავას სახელს, ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც, ჩემს ბავშვობასა და მოზარდობაში მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სახელი იყო ყველაფერი, რაც კი სამშობლოს და თავისუფლებას უკავშირდებოდა სიმბოლურად; ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო მერაბ კოსტავა და ტრაგიკულად მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ ადამიანს ხშირად იხსენებენ, მერაბ კოსტავასადმი ყურადღება და პატივისცემა არასდროს ყოფილა საკმარისი, ისე, სასხვათაშორისოდ შენიშნავს ხოლმე მედია და ხელისუფლებ(ებ)ის წევრებს კი ნაკლებად ახსენდებოდათ, არასდროს აღნიშნულა ეროვნულ დონეზე მერაბ კოსტავას არც გარდაცვალების და არც დაბადების დღე. ახალმა თაობამ პრაქტიკულად არც იცის მისი არსებობა, მაქსიმუმ, ისე, ზოგადად, რაღაც გაგონილის დონეზე თუ გააჩნიათ.
ბოლო ათწლეულების საქართველოს ძირითადად სასირცხვილო ადამიანები ახსენდება, რომელთა გახსენებაც სირცხვილის განცდას გვგვრის ხოლმე, ალბათ ორიოდე ადამიანი თუა, რომლის წინაშეც ქვეყანა ვალშია და ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იშვიათი მათგანი მერაბ კოსტავაა.
მე რომ მკითხავდეთ, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღესაც და დაბადების დღესაც, სახელმწიფო ნაციონალურ დონეზე უნდა აღნიშნავდეს, იმედია, როდისმე გვეყოლება ასეთი ხელისუფლებაც და ასეთი საზოგადოებაც, რომელიც ამას გააკეთებს".