„სააკაშვილის რეჟიმმა დანერგა ჩაშვების ინსტიტუტი და ადეიშვილი იყო ერთ-ერთი შემსრულებელი", - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ უკრაინულ გამოცემა „გლავკომთან" ინტერვიუში.
„სხვათა შორის, დღეს ხშირად ამბობენ, მთავარი რეჟისორი ეგ იყოო, არ დაიჯეროთ, მთავარი რეჟისორები და სცენარისტები იყვნენ ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია და "თავისუფლების ინსტიტუტის" შემადგენლობა, რომლებიც მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას თბილისში. მთავარი აქ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა კი არა, იყო ის დაბალი ზნეობა, რითაც ხელმძღვანელობდნენ ე.წ. ელიტარულ ნაწილში და დღესაც ხელმძღვანელობენ. სიმართლეს ამბობს, ქრთამის მიმცემს ხშირად ვათავისუფლებდით და პრობლემებსაც კი ვუგვარებდით, ყველაფერს ვპატიობდითო. მაგათი კანონის მიხედვით, საკმარისი იყო, ვინმეს პიროვნებისთვის ხელი დაედო, ეგრევე ასამართლებდნენ და ციხეში სვამდნენ. რატომ გაჩნდნენ საქართველოში პოლიტპატიმრები? ხალხს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე აპატიმრებდნენ. თუ ადეიშვილის ნათქვამს არაიურისტი მოისმენს, შეიძლება ვერც მიხვდეს, რასთან გვაქვს საქმე და მართლა პატიოსანი ეგონოს. ბოკერიას, რამიშვილისა და ადეიშვილის სამართალი იყო ასეთი: ამან თქვა, იმას ხელი დაადო, მორჩა კინო. საერთოდ, ქრთამი, რომელიც ძალიან რთული დასამტკიცებელია, ასეთ საქმეებზე მაგათ 5-10 წლის წინანდელი ვითომ დანაშაულები ამოქექეს. ესე იგი, 2003-ში მოვიდნენ, ვიღაცებს ათქმევინეს, 10 წლის წინ მავანს და მავანს ქრთამი მივეცითო და ხალხი დააპატიმრეს. ამის შემდეგ მიდიოდა ადამიანების წამება, ქონების "ახევა" და საპროცესოების გაფორმება. ჯერ კიდევ 1937-იან წლებში სტალინმა თქვა, აღიარება მტკიცებულების დედააო და მას შემდეგ მსგავსი მეთოდები გამოიყენა მხოლოდ ადეიშვილის პროკურატურამ. მეტიც, ამ მეთოდებით სააკაშვილის რეჟიმის დროს პროკურორებისა და გამომძიებლების მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც დღესაც მოღვაწეობს და ყველა ძალიან კარგად გრძნობს თავს.
რომ ამოვიღოთ მაშინდელი და ახლანდელი საპროცესო გარიგებები, აღმოვაჩენთ ერთ საინტერესო ფაქტს: დავუშვათ, დაიჭირეს ორი პიროვნება თაღლითობაზე, ერთი წარსულში ნასამართლევია, მეორე - სუფთაა. პირველს უფარდებენ საპროცესო შეთანხმებას, მეორეს - არა. როგორ ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? ამას ჰქვია შერჩევითი მართლმსაჯულება. ესე იგი, მოსამართლეს და პროკურორს ერთ შემთხვევაში მოუნდათ, მეორე შემთხვევაში არ მოუნდათ. რატომ მოუნდათ, ან არ მოუნდათ? კანონში არაფერი წერია, ამათ რომ მოვთხოვოთ პასუხი! კი, ბატონო, ესეც დაამკვიდრა სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ შენ რომ მოდიოდი, ხომ მპირდებოდი, რომ შეცვლიდი და კანონს გამართავდი?! ადეიშვილი ყველაფერს ილაპარაკებს, რატომაც არა? აგერ, სარიშვილი, წერეთელი და ვიღაცები გამოდიან, პირდაპირ ამბობენ, ამ ხალხს დაუმტკიცეთ დანაშაული, რატომ ვერ უმტკიცებთო? ხედავთ, რას ამბობს ადეიშვილი? მე მსხვერპლი ვარო. კი, მსხვერპლია, ჩვენ ვძალადობდით მაგ ადამიანზე და ახლა რომ ვლაპარაკობ, ძალადობას ვაგრძელებ. სააკაშვილიც მსხვერპლია და ახალაიაც. ახლა აქეთ გვიკითხავენ მორალს, ჩვენ ციხეებში წამების ორგანიზატორები დავაპატიმრეთ და ივანიშვილმა კიდევ გამოუშვაო. ეს იმას გულისხმობს, სპექტაკლი რომ დადგეს და ვიღაცები დაიჭირეს. მერე შოუ გაუსკდათ, სანამ ციხის კადრები გახმაურდებოდა. ადეიშვილი ნუ ნერვიულობს, ნამდვილ კადრებში ვინც ფიგურირებს, ყველა დაკავებულია. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ამაზეც არ ლაპარაკობს, გამოიტანონ საქმეები და გაასაჯაროვონ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.