ფილმი მოგვითხრობს ტრადიციად ქცეული, შრომისა და ჭირნახულის სახალხო ზეიმის, თბილისობის შესახებ, რომელიც სათავეს სამი ათეული წყლის წინათ იღებს. ფილმში გამოყენებულია 1982, 1983, 1984, 1987 წლების "საბჭოთა საქართველოს ქრონიკები".
ისტორიად ქცეულ კადრებში იხილავთ ცნობილ ქართველ ხელოვანებსა და მოღვაწეებს. როგორ აჯილდოებენ საპატიო თბილისელის წოდებით მსახიობს სესილია თაყაიშვილს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ევგენი ხარაძეს, სახალხო მხატვარ ირაკლი თოიძეს, აკადემიკოს ევგენი პრიმაკოვს.
ფილმში ცნობილ მომღერალ ნანი ბრეგვაძეს სახალხო არტისტის მაღალი წოდების მინიჭებას ულოცავენ, მსოფლიო დონის ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს კი, ჭადრაკის ოსკარის მოპოვებას. ვიდეოკადრებში ნახავთ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ავლიპ ზურაბაშვილს, პოეტ ანა კალანდაძეს, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს, კომპოზიტორ გოგი ცაბაძეს, თბილისის მთავარ მხატვარ ოთარ ლითანიშვილს, რეჟისორ გიორგი ტოვსტონოგოვს, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძეს და იმ ეპოქის სხვა ცნობილ მოღვაწეებს.
უნიკალურ დოკუმენტურ ქრონიკებს ერთ ფილმში - „ასეთი იყო თბილისობა" თავი მოუყარეს TBC Artarea TV2.0 და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მესვეურებმა.