ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე უკვე 24 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ბოლო პერიოდში ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროში მუშაობს, თუმცა ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში არაერთი ომის და ცხელი წერტილის გადაღება მოუხდა. მას „ომის ჟურნალისტსაც" უწოდებენ, რასაც თავად გიორგი ძალიან დიდი რისკის მიუხედავად, ყველაზე აზარტულ საქმედ მიიჩნევს. პარიზში დატრიალებული მოვლენების დროს ის ტერაქტების ეპიცენტრთან ახლოს სრულიად შემთხვევით მოხვდა. როგორ გამოდის მდუმარე პარიზი მძიმე დღეების პერიპეტიებიდან და რამ დააფიქრა ფრანგები, ამაზე ჩვენი რესპონდენტი საკუთარ ისტორიებთან ერთად საფრანგეთიდან გვიამბობს.
გიორგი ფოფხაძე: იმ დღეს, როცა ეს საშინელი ამბები დატრიალდა, მოვლენების ეპიცენტრში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ალბათ, ორი კილომეტრი მაშორებდა რესპუბლიკის მოედანს. ისე ახლოს ვიყავი, აფეთქების ხმაც კი გავიგე. სენას მეორე მხარეს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვედი, სადაც ჩემი შვილების, სოფოსა და მარიამის პასპორტების ვადის გასაგრძელებლად ვიყავი მისული. 15 წელი ვიმუშავე რადიო „ფრანსში", ისე მოხდა, რომ ეს რადიო ჩემთვის მშობლიური გახდა. სისხლში მაქვს გადასული მისი მოსმენა, ინფორმაციის ყველაზე საიმედო წყაროდ მივიჩნევ, როცა „ფრანსმა" გადმოსცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ, მაშინვე რადიოსკენ წავედი. ვთხოვე ჩემს მეგობრებს, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის, მოეცათ ის კოდები, რომელსაც იყენებენ საინფორმაციო სააგენტოებიდან ინფორმაციების მისაღებად. ადგილზე მისვლას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი გადაკეტილი იყო. პოლიციამ იმუშავა კარგად, მთელი პერიმეტრი გადაკეტილი იყო. პოლიციაც და ჟურნალისტებიც ისე მუშაობდნენ, რომ ხალხში პანიკა არ დათესილიყო. წარმოიდგინეთ, ისე გააშუქეს ჩემმა ფრანგმა კოლეგებმა ის ადგილები, ეკრანზე ერთი წვეთი სისხლი, არც ერთი დაჭრილი ადამიანი არ გამოჩენილა. ტერაქტების შემდეგ პირველ წუთებში, პარიზში არ იყო პანიკა, იმ მომენტში - ინფორმაცია არ არსებობდა, თუმცა როცა ეს ტრაგედია გახმაურდა, პანიკა მაშინაც არ ყოფილა. პარიზელები ამას „შარლი ებდოს" მერე თითქოს მიეჩვივნენ.
- თუმცა ეს ბევრად უფრო საშინელი ტრაგედია იყო, რომელსაც ფრანგები ვერ წარმოიდგენდნენ. როგორი იყო პარიზის პირველი დღეები ტერაქტების შემდეგ?
- ამას, რა თქმა უნდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ვერავინ. პირველი შოკი, საფრანგეთშიც შეიძლება ჩაიდინონ ტერორისტული აქტი, ფრანგებმა მიიღეს „შარლი ებდოს" შემდეგ, ახლა ალბათ, ამიტომაც არ ყოფილა ქალაქში ისეთი პანიკური დღეები, როგორიც იყო მაშინ. მე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი ემოცია - მგონია, რომ ქვეყანა გაჩუმდა და დღემდე გაჩუმებულია, ამ ტერაქტებმა დაადუმა პარიზი და დააფიქრა ბევრ რამეზე. ოღონდ როდის ამოხეთქავს ეს დუმილი, ეს არის საინტერესო. ფრანგები არ არიან ის ხალხი, ვინც ადვილად შეეგუებიან დაჩაგვრას, არც თვითონ დაჩაგრავენ ვინმეს, არც თავს დააჩაგვრინებენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ერია ევროპაში, რომელიც ტოლერანტობით, ლიბერალიზმით, სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ამ დღეებში პარიზმა ცოტა დაარღვია ჩვეული რიტმი, პირველი ორი დღე დაკეტილი იყო თეატრები, არავინ იჯდა ცნობილ პარიზულ კაფეებში. გადაიდო სპორტული ღონისძიებები, რეგიონალური არჩევნები, რომელიც წინა კვირაში უნდა გამართულიყო. იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა, რაც თვალში თითქოს არ ხვდება, მაგრამ პარიზელების სახეზე, მიმიკებზე მიხვდებით, რას გრძნობს ეს ხალხი. გაცინებული ფრანგიც ძნელი საპოვნელია, თუმცა ჩვეულებრივად დადიან სამსახურში. ეს საოცარი ხალხია, მდუმარე პარიზამდე ყველამ „ვნახეთ" შოკისმომგვრელი მარსელიოზა ცნობილ სტადიონზე. სულ ვამბობ ხოლმე, ფრანგები - „ქართველო, ხელი ხმალს იკარ" ტიპები არიან. დავწერე კიდეც ამაზე: ნეტავ რამდენი ქართველი იმღერებს საქართველოს ჰიმნს დაძაბულ მდგომარეობაში-მეთქი, გვაშოროს მძიმე დღეები, მაგრამ ალბათ, ბევრი.
- თქვენი პროფესიის წყალობით ბევრ ცხელ წერტილში მოხვდით, ასეთ დროს რთული არაა ადამიანური ემოციები „გააქრო" და აკეთო საქმე, რომელიც იმ წუთში ყველაზე წინ დგას?
- როცა პროფესიონალი ჟურნალისტი ასეთ ცხელ წერტილში ხვდება, ადამიანური ემოცია უკან გადადის და პროფესიული უნარ-ჩვევები მძაფრდება, მე, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩავიდოდი პარიზში, როგორც კი ტერაქტის ამბავს შევიტყობდი, მაგრამ იქვე რომ აღმოვჩნდი იმ დროს, რაღაცნაირად „გამიხარდა" კიდეც. იმავე ღამეს ვცდილობდი მასალის გადმოგზავნას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მაგრამ იმ ღამეს არ იყო საშუალება, უცებ პირდაპირი ეთერი ჩაგვერთო. ჩათვალეთ, სოციალური ქსელით ვიდექი სპეც-გამოშვებაზე (იცინის). ცხელი წერტილები ჩემთვის უცხო არაა, თერთმეტი ომი მაქვს გადაღებული, მათი უმეტესობა მუსლიმანურ სამყაროში. ვიყავი ავღანეთში, სარაევოში, კოსოვოში, ტაჯიკეთში, ჩეჩნეთში. ყარაბაღის ომიდან მოყოლებული ერაყის კონფლიქტით დამთავრებული, არსად არაფერი გამომიტოვებია, აფრიკის სამ ქვეყანაშიც ვარ ნამყოფი იქაური კონფლიქტების დროს - ვიყავი ჩადიში, მალიში, უგანდაში, მაშინ „ასოშეიტედ პრესში" ვმუშაობდი, ჩემი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, ომში ისე ხარ, როგორც თევზი წყალშიო. მე კარგად ვიცი მუსლიმანების ბუნება, მათთან ურთიერთობას თავისი წესი და რიგი აქვს, ძალიან გულღია ხალხია, მათთან სტუმარი ისეთივე კულტია, როგორც ჩვენთან. აღმოსავლურ მენტალიტეტს თუ არ მოერგე და პატივისცემა არ გამოხატე, ამ ხალხთან ურთიერთობა იოლი არაა. მე მოვხიბლულვარ ბევრი იმ თვისებით, რაც ამ ხალხს აქვს და რაც საკუთარ თავზე გამომიცდია და ვბრაზდები, როცა ადამიანები მუსლიმანებს ტერორისტებთან აიგივებენ. ვერ ვიტყვი, რომ იმ ქვეყნებში ხიფათი არ იყო, მაგრამ უნდა დაგეცვა მათთან ურთიერთობის წესები და ეს პრობლემებიც გვარდებოდა. მე, მაგალითად, თალიბებთან ძალიან მშველოდა ჩემი ქართველობა. ჩვენ ავღანეთში და საერთოდ, აღმოსავლეთში ძალიან ცნობილები ვართ. ვაჟკაცობა, სიტყვის მიცემა და მისი არგატეხვა მათთვის ყველაზე მთავარია, მათ ფსიქოლოგიაში გურჯი ასეთი კაცია. ამ სახელმა ბევრჯერ გადაგვარჩინა ქართველი ჟურნალისტები ჩეჩნეთშიც, ავღანეთშიც, ერაყშიც. მქონია შემთხვევები ავღანეთში, როცა მანდობდნენ რაღაცის გადაღების უფლებას, მაგრამ უნდა გადაგეღო მხოლოდ ის, რაზეც თანახმანი იყვნენ. როგორც კი ამ ნდობას დაკარგავდი, მეორედ გადაღების უფლება არ გქონდა, ანუ იქ უნდა დაგევიწყებინა ჟურნალისტური წესები და დაგეცვა ადამიანური, მთავარი რაც იყო იმ ხალხისთვის, რაც არანაირ სკანდალურ სიუჟეტად არ ღირდა.
- ფრანგების ხასიათი კარგად ვიციო, ეს დიდი ხნის მანდ ცხოვრების დამსახურებაა თუ თქვენი პარიზელი მეუღლის?
- ჩემი მეუღლე პარიზელი არაა, ლილში ცხოვრობს, ბელგია-საფრანგეთის საზღვარზე პატარა ლამაზი ქალაქია, რომელიც დიუმას „სამ მუშკეტერში" არის მოხსენიებული, ცნობილი ათოსი იყო ლილიდან. საფრანგეთს ჩემს მეუღლემდეც კარგად ვიცნობდი, როცა რადიო „ფრანსში" ვმუშაობდი ბევრი ფრანგი მეგობარი მყავდა. უკვე 24 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი საქართველოდან, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს რადიო „თავისუფლების" ქართულ რედაქციაზე მუშაობდა კონსპირაციის პირობებში, ზვიად გამსახურდიას, ჯანრი კაშიას და სალომე ზურაბიშვილის გამო. მერე წავედი საფრანგეთში, რაშიც ძალიან დიდი როლი შეასრულეს ჯანრიმ და სალომემ, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით ყოველთვის, ჯანრის ვთვლი ჩემს ყველაზე დიდ პედაგოგად, რომელიც ძალიან დააკლდა ჩვენს ქვეყანას. როცა აქ, ჩემთვის უცხო სამყაროში ჩამოვედი, არ იყო იოლი. ჯანრიმ დამაწყებინა მუშაობა რადიო „თავისუფლების" შტატიან თანამშრომლად ჯერ პარიზის, შემდეგ მიუნხენის ბიუროში, ვიმუშავე მოსკოვის ბიუროშიც, ამის შემდეგ იყო „ასოშეიტედ პრესი", გერმანული „ტელეკომპანია", ისრაელის რადიო, „ევრონიუსი", რადიო „ფრანსი" და ბევრი სხვა სამსახური ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში. ბევრჯერ მიფიქრია, რომ არ ყოფილიყო მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯანრი, სალომე, ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდოდა. მე სამედიცინო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, რომ არა ეროვნული მოძრაობა, ალბათ, ვიქნებოდი ერთი კარგი რეანიმატოლოგი, ვიმუშავებდი რომელიმე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში (იცინის).
- როგორ ცხოვრობთ დღეს საფრანგეთში?
- საფრანგეთში ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, ჩემს შვილებთან ერთად. ოთხი შვილი მყავს. უფროსი ქალიშვილები ბალერინები არიან, ისინი საქართველოში დაიბადნენ. ქართველი იყო მათი დედა, ჩემი პირველი მეუღლე - ცნობილი ჟურნალისტი ქეთი ბეჟიაშვილი, რომელმაც კახა ბაკურაძესთან ერთად მოძრაობის თეატრი დააარსა. ისე მოხდა, რომ ჩვენ დავშორდით, თუმცა მის გარდაცვალებამდე ახლო მეგობრები ვიყავით. ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ქალი იყო და ასე დარჩება მუდამ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილები წარმატებით დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ სცენაზე, დიდ თეატრებში გადიან სტაჟირებებს. დარწმუნებული ვარ, წარმატებული მომავალი ექნებათ. მე ძალიან მინდოდა, დიპლომატები გამოსულიყვნენ და ჩაებარებინათ ბორდოს დიპლომატიურ სკოლაში, მაგრამ მათ ეს არჩევანი გააკეთეს. ვაღიარებ, რომ ბალეტის სამყარო დღემდე ჩემთვის აბსოლუტურად შეუცნობადია, თეორეტიკოსად ვერა, მაგრამ სოფოსა და მარიამის გავლენით კარგ გულშემატკივრად ვიქეცი. ფრანგ მეუღლესთან მყავს ორი შვილი, ცხრა წლის პერინა და რვა წლის მაქსიმი, ორივე მართლმადიდებლურადაა მონათლული, სკოლაში ამბობენ, რომ „ჟორჟიენები" არიან და ამით ძალიან ამაყობენ. უკვე 15 წელია, მე და ქრისტინა ერთად ვართ, ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ის ცნობილი ფრანგული ლობისტური ფირმის წარმომადგენელი იყო ბრიუსელში, როცა გავიცანი. ქრისტინამ ჩემსავით შეიცვალა პროფესია, ოღონდ პირიქით - რამდენიმე წელია ჩინური მედიცინით დაკავდა და ახლა თავისი კაბინეტი აქვს, მინდა, გითხრათ, რომ ქრისტინა ქართულ ყაიდაზე მყავს გადმოყვანილი.
- არ მითხრათ, რომ ხაჭაპურს აცხობინებთ.
- არა, ხაჭაპურს არ ვაცხობინებ, მაგრამ საქართველო და ქართველები უყვარს ძალიან. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს: ლალი მოროშკინა, ირმა ინაშვილი, დათო უსუფაშვილთანაც მეგობრობს, მოკლედ, ქრისტინაც „გაქართველდა" (იცინის).
- თბილისში ხშირად ჩამოდიხართ?
- უფრო ზაფხულობით. რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად ვმუშაობ ბრიუსელიდან, უფრო ხშირად მიწევს ხოლმე ჩამოსვლა თბილისში, ალბათ დეკემბერშიც ჩამოვალ. ბოლო-ბოლო დავბრუნდი ქართულ ჟურნალისტიკაში, ეს ჩემი მეგობრის კახა ბექაურის დამსახურებაა. როცა „მეცხრე არხი" გაიხსნა, კახამ „დამღუპა" და გადმომიყვანა „მეცხრე არხზე" რადიო „ფრანსიდან". გაცილებით ნაკლებ ხელფასზე, მაგრამ მეტი პატრიოტული სულისკვეთებით (იცინის). იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ, ქართველი კაცი მაინც ვერ ეგუება უცხოეთში ცხოვრებას, ეს არ დევს ჩვენს გენში. ეს აქსიომაა. რაც უნდა დიდხანს იცხოვრო სხვაგან, მაინც დროებით ხარ. ჩემი დიდი სურვილია, ნამდვილი ევროპული ღირებულებები, რაც მისაღებია ქართული ტრადიციებისთვის, აუცილებლად დავნერგოთ საქართველოში, ლიბერალიზმი პარტიულად კი არ უნდა დაინერგოს, ლიბერალიზმი უნდა დაინერგოს მენტალურად. ფრანგ მეზობელთან ისევე ჩვეულებრივ დააკაკუნებ კარზე და შეხვალ, როგორც ჩვენთან, საქართველოში. ყოველდღიურად, მე აქაც ქართული ცხოვრებით ვცხოვრობ, ეზოში მწვადს რომ ვწვავ, მეზობლებს ვეძახი, ისინიც მეძახიან ხოლმე, ჩვენ ყველა ერთ „ბანაკში" ვართ (იცინის).
2015-11-23
თამუნა ნიჟარაძე