თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016"-ის გამარჯვებულები დაასახელეს. გამარჯვებულებს მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ხოხბის ქანდაკება და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, ესწრებოდა.
კონკურსი დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანია ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ - შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ჯილდოებიც სწორედ ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანებს გადაეცათ.
კონკურსის „თბილისი 2016"-ის წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ ფინალისტები კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან გამოავლინა და თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელა.
ასევე, თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სპეციალური პრიზი გადასცეს მარიკა კვალიაშვილს.
დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ჟურნალ „ცისკარის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ავტორების ნამუშევრებია დაბეჭდილი.
ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამინისტროს, შემოქმედებითი ორგანიზაციების, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, ლიტერატორები და ხელოვანები ესწრებოდნენ.