logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: რას ჰქვია, სექსი გაქვს? კულტურული ადამიანები ამაზე არ საუბრობენ!
- +

16 მარტი. 2016. 19:39



პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ინტერნეტ-სივრცეში, თსუ-ში არსებული დაძაბულობა და რექტორის გადაყენების საკითხი - ეს ის თემებია, რომელთან დაკავშირებითაც „რეპორტიორს" დემურ გიორხელიძე ესაუბრა. ანალიტიკოსთან ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, რატომ ღირს ძვირი ყვითელი 50-თეთრიანი და რატომ აფასებენ სოლიდურ ფასად საბჭოთა კავშირის დროს დამზადებულ ჰანტელებს.


- უნივერსიტეტში განვითარებული დაძაბულობის ფონზე, მიგაჩნიათ თუ არა გამართლებულად სტუდენტთა მოთხოვნა - გადადგეს რექტორი?


- ულტიმატუმის სახეს როცა იღებს პროტესტი, სხვა პრობლემა ჩნდება - ხომ არ არის გარედან, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხელოვნურად მართული ეს მოძრაობა. არ მიმაჩნია სწორად ახლა ლადო პაპავას გადაყენება. რექტორის მიმართ პრეტენზია თუ არსებობს, ეს ცივი გონებით სამსჯელო თემაა, სამსჯელოა აკადემიურ წრეებში, სამინისტროში, სტუდენტებთან ერთად. ამიტომ ასეთი ულტიმატუმები ქმნის პრეცედენტებს, რომელიც შეიძლება მომავალში პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. პრობლემებს ქვეყანაში ყოველთვის აჩენენ ახალგაზრდები, როცა ისინი ორგანიზებულად გამოდიან. თუ ეს არის შიდა სტიქია, სტუდენტური მაქსიმალიზმის გამოხატულება, მაშინ ეს ნორმალურად მიმაჩნია, რადგან მათ აქვთ პროტესტის გამოთქმის უფლება... მე მაინც ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ ინტერესს. უნივერსისტტში მიმდინარე პროცესები გასაანალიზებელია, რადგან უნივერსიტეტი არ არის უბრალო ორგანიზაცია, ეს არის კულტურის კერა. ასე რომ, პრობლემები გამოსასწორებელია,


- ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს უნივერსიტეტში წყლის ამღვრევა?


- ხელისუფლების ინტერესებში ეს არ შეიძლება შედიოდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ თვითმკვლელი უნდა იყოს ხელისუფლება და საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდეს. აქამდე მისული საქმე ხელისუფლების გარკვეული უყურადღებობის შედეგიც არის. რადგან რაღაც მიზეზები არსებობდა, რამაც შეასრულა კატალიზატორის როლი, როცა სტუდენტებმა საკმარისი საფუძველი შექმნეს იმისთვის, რომ ასეთი აგრესია განეხორციელებინათ რექტორის წინაღმდეგ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ინფორმაცია პრობლემების შესახებ უნდა იყოს პირუთვნელი. რაკი აქამდე მივიდა საქმე, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რაღაც უყურადღებოდ დატოვეს.


- ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ საკმაოდ თამამი განცხადებები მოვისმინეთ როგორ პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან. რას იტყვით ამ გამოხმაურებებზე? და ზოგადად, რატომ არის საჯარო ინტერესი ასე მძაფრად მიმართული თანამდებობის პირების მიმართ?


- მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პირადი ცხოვრება იყოს ხელშეუხებელი. ინტერესი ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიმართ ყველგან არსებობს. მაგრამ მე გამაოგნა განცხადებებმა, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოების უმწიფრობის გამოხატულებაა, პრეზიდენტიც საზოგადოების ნაწილია. საჯარო პირებს საზოგადოების წინაშე მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ისინი მორალისა და ზნეობის ნიმუშები უნდა იყვნენ. რას ჰქვია, სექსი გაქვს? როგორც წესი, კულტურული ადამიანები ამაზე არ საუბრობენ. ეს ყველაფერი არის თავისთავადი და არ ექვემდებარება საჯარო განხილვას, მითუმეტეს, საჯარო პირის მიერ.


- სოციალურ ქსელებსა და ქუჩებში განცხადებები გამოჩნდა წარწერით - „ვიყიდი ძველ 50-თეთრიანებს". როგორც ცნობილია, ამ მონეტის ფასი მაღალია. რასთან გვაქვს საქმე?


- ეს არის ნუმიზმატების ინტერესში მოქცეული თემა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მონეტებს აგროვებენ. დიახ, ყვითელი 50 თეთრიანი ნუმიზმატებში ძალიან მოთხოვნადი გახდა და ბუნებრივია, ფასიც მაღლა იწევს. აქ არანაირ თაღლითობასთან არ გვაქვს საქმე, საშიში არაფერია, ეს არის წმინდა ნუმიზმატიკის ინტერესი. მითუმეტეს მცირეა ასეთი ორმოცდაათეთრიანების რაოდენობა, რაც მცირერიცხოვანია, იმას ფასიც მაღალი აქვს.


- აქტუალურია ასევე ძველი ჰანტელების მაღალი ფასი. მთელი საქართველო საბჭოთა კავშირის დროს დამზადებულ ჰანტელებს ეძებს...


- საუბარია მეტალის შემადგენლობასა და ხარისხზე. საბჭოთა კავშირის დროს არაეკონომიურად იხარჯებოდა მაღალი ხარისხის მეტალი. ამიტომ გირებიც კი საკმაოდ მაღალხარისხიანი ფოლადისგან არის დამზადებული და მისი ფასი, ბუნებრივად, მაღალია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner