logo_geo
eng_logo
რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია
- +

17 ოქტომბერი. 2016. 11:48


 


თბილისის ტერიტორიის უბნებად და დასახლებებად დაყოფა საუკუნეების წინ, თანდათან დაიწყო. თითოეულ მათგანს თავისი სახელწოდება, საინტერესო ისტორია თუ ლეგენდა აქვს.


ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გვინდა მოგითხროთ და ესენი გხლავთ: ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი, ანუ როგორ დაერქვათ სახელები და როდიდან ფიქსირდება თითოეული ისტორიულ წყაროებში.

 

ნავთლუღი


ნავთლუღი - თბილისის ძველი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისანი-სამგორის რაიონშია გაშენებული. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა). XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ იქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ამ დასახლებას ერეკლეს ციხესაც უწოდებდნენ. ამ ტერიტორიაზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე.წ. კახეთის გზა). ნავთლუღში შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია: ერთი შუა საუკუნეების (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო), მეორე - XIX საუკუნის II ნახევრის.


დიდუბე


დიდუბე 1870-იანი წლებიდან არსებობს. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. თუმცა ამ მიდამოს უძველესი სახელწოდება „ცხენის ტერფია" (V საუკუნე)...


თბილისის განაპირა ადგილის სახელად დიდუბე პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195 წელი) შემდეგ იქ გამართულ სახალხო ზეიმს აღგვიწერს. დიდუბეში იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. იქ არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს მეფის ზვრებს აწვდიდა. მომდევნო საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.


XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, იქ ისევ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში კი ის ქალაქისპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა... XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა - ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან მომდინარე ე.წ. „ბაღის არხი". 1818 წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. იმ პერიოდიდან დიდუბის ამ ნაწილს ალექსანდერდორფი ეწოდა.


ნაძალადევი


ნაძალადევი - ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებული ძველი უბანია, რომელიც საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი სერიოზული კერა იყო. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872 წელი) შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება, ანუ ნაძალადევი დასახლება მიმდინარეობდა. ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლა იყო. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, იქ ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით „რესპუბლიკად" გამოცხადდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა - რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. მუშების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა. ნაძალადევში რევოლუციური საქმიანობა სტალინმა დაიწყო.


სამგორი

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, - მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა ხოლმე. ერთხელ სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა სვეტზე ჩირაღდნით ავარდა, მაგრამ მტრის ისარმა გულმკერდი გაუგმირა და ჩამოაგდო, მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი როცა დაბრუნდა და თავისი ძმობილები უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ იქ მიდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.

 

 

ლალი ფაცია


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner